"თალიბანმა" ქალებს ქაბულის პარკებში შესვლა აუკრძალა. ქალებს ისეთ გასართობ პარკებში აეკრძალათ შესვლა, სადაც ატრაქციონებია.
ავღანეთის სათნოების გავრცელებისა და მანკიერების პრევენციის სამინისტროს სპიკერმა, მოჰამედ აკიფმა BBC-ის განუცხადა, რომ ხალხი შარიათის კანონებს პატივს არ სცემს, ამიტომაც ამ გადაწყვეტილების მიღება გახდა საჭირო.
ქალთა უფლებები და თავისუფლება სასტიკად შეიზღუდა მას შემდეგ, რაც 2021 წლის აგვისტოში, ავღანეთში ძალაუფლება "თალიბებმა" ჩაიგდეს ხელში.
ბოლო გადაწყვეტილებამდე ქალებს უფლება ჰქონდათ გასართობ პარკში კვირაში სამჯერ წასულიყვნენ. ახლა ქალებს ოჯახის წევრი მამაკაცის თანხლებითაც კი არ დაუშვებენ პარკებში.
ჯერჯერობით, ეს აკრძალვა მხოლოდ დედაქალაქზე ვრცელდება, მაგრამ მოსალოდნელია, რომ ის მთელ ავღანეთს მოიცავს.
"თალიბებმა" ძალაუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ განაცხადეს, რომ არ იქნებოდა ქალების მიმართ სასტიკი რეპრესიები და შარიათის კანონის შესაბამისად, პატივს სცემდნენ ქალთა უფლებებს. მათი თქმით, არ არიან წინააღმდეგი, რომ ქალებმა განათლება მიიღონ, ან სამუშაო ჰქონდეთ.
ეს განცხადებები განცხადებებად დარჩა და ქალებს აეკრძალათ შორ მანძილზე მოგზაურობა, თუ მათ მამრობითი პირი არ ახლავთ თან. აგრეთვე, ქვეყნის უმეტეს ნაწილში, თინეიჯერი გოგონები ჯერ კიდევ არ დაბრუნებულან სკოლებში, მიუხედავად თალიბების დაპირებისა, რომ მათ ამის უფლებას მისცემდნენ.
წყარო: bbc
მოამზადა: ანა სიბოშვილმა