ავტორი:

აქტივისტს, რომელმაც მეფე ჩარლზს კვერცხი ესროლა, საჯარო ადგილებში კვერცხის ტარება და მეფესთან მიახლოება აეკრძალა

აქტივისტს, რომელმაც მეფე ჩარლზს კვერცხი ესროლა, საჯარო ადგილებში კვერცხის ტარება და მეფესთან მიახლოება აეკრძალა

ბრიტანელი სტუდენტი, 23 წლის პატრიკ ტელველი მას შემდეგ დააკავეს, რაც მან იორკში, დიდი ბრიტანეთის მეფეს, ჩარლზ მესამესა და მის ცოლს, კამილას კვერცხები დაუშინა.

ბრიტანეთის სამეფო წყვილს არც ერთი კვერცხი არ მოხვედრია, თუმცა სტუდენტის ქცევამ საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია.

მას შემდეგ, რაც ახალგაზრდა მამაკაცი პოლიციამ გაათავისუფლა, მას თავს დაესხა ადამიანების ჯგუფი. "ბრბო გაჰკიოდა. ადამიანები ჩემი სიკვდილით დასჯას მოითხოვდნენ. თმაში ჩამაფრინდნენ, მაფურთხებდნენ. ხალხი ჭკუიდან იყო შეშლილი", - უყვება The Mirror-ს პატრიკ ტელველი.

სამართალდამცველებმა ბიჭი რამდენიმე პირობით გამოუშვეს. პატრიკის თქმით, მისი გირაოს პირობები საკმაოდ სახალისოა. ახალგაზრდას აეკრძალა მეფესთან 500 მეტრის სიახლოვეზე მისვლა და საზოგადოების თავშეყრის ადგილებში კვერცხების ტარება. გამონაკლისი მხოლოდ სასურსათო მაღაზიებია.

ტელველის სასამართლო პროცესი პირველ დეკემბერს გაიმართება.

კითხვაზე, თუ რატომ დაუშინა მეფეს კვერცხები, პატრიკი პასუხობს: "ეს იმიტომ გავაკეთე, რომ მეფეების არ მჯერა. ყველა ადამიანის თანასწორობის მწამს. ეს იყო ამ ქვეყნის მდგომარეობისა და ფაშიზმის საწინააღმდეგო პროტესტი. ჩვენი მთავრობა ფაშისტურ პოლიტიკას ატარებს."

პატრიკი თვლის, რომ გაერთიანებული სამეფო უნდა დაიშალოს და არსებული ბიუჯეტი კი მთლიანად უნდა მოხმარდეს კლიმატთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარებას.

წყარო: telegraph.co.uk