"სავარაუდოდ, დეკემბრის შუა რიცხვებისთვის უნდა დასრულდეს ეს პროცესი და ჩვენ ახალი გამოწვევებისთვის უნდა ვიყოთ მზად", - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა პარტიის ოფისში განაცხადა, სადაც დღეს პარტიის ლიდერებისგან შემდგარი სამუშაო ჯგუფი "ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის არჩევის ახალი წესის შესახებ იმსჯელა.
ბეჟაშვილის თქმით, სამუშაო ჯგუფმა შეხვედრაზე განიხილა ის პროცედურები, რომელიც აუცილებელია პარტიაში მნიშვნელოვანი ცვლილებების განსახორციელებლად.
"საუბარი არის ელექტრონული არჩევნების ფორმატის შემუშავებაზე, რომელიც უზრუნველყოფს საყოველთაობის პრინციპის დაცვას. ჩვენს მხარდამჭერებს და პარტიის წევრებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ ელექტრონულად აირჩიონ პარტიის თავმჯდომარე.
ასევე, შეხვედრაზე საუბარი იყო შესაძლო ვადებთან დაკავშირებით, საარჩევნო კომისიის ფორმირების საკითხზე, ასევე იმაზე, თუ როგორ უნდა მომხდარიყო კანდიდატის რეგისტრაციის საკითხი - საუბარია იმაზე, რომ პოლიტსაბჭოს 3 წევრს ჰქონდეს კანდიდატის წარდგენის უფლება. სავარაუდოდ 1 კვირის განმავლობაში პოლიტსაბჭომ უნდა დაამტკიცოს არჩევნების ჩატარების წესი და ამ პერიოდის განმავლობაში უზრუნველვყოფთ, რომ ყველა მხარის ინტერესი დაცული და წარმოდგენილი იყოს”, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.