ავტორი:

აშშ-ისა და რუსეთის დაზვერვის პირველი პირების პირისპირ შეხვედრა ანკარაში - რის შესახებ გააფრთხილა CIA-ის დირექტორმა ნარიშკინი და რა გახდა მედიისთვის ცნობილი

აშშ-ისა და რუსეთის დაზვერვის პირველი პირების პირისპირ შეხვედრა ანკარაში - რის შესახებ გააფრთხილა CIA-ის დირექტორმა ნარიშკინი და რა გახდა მედიისთვის ცნობილი

გასულ ორშაბათს, 14 ნოემბერს, მედიისთვის მოულოდნელად, თურქეთში, ანკარაში აშშ-ისა და რუსეთის სადაზვერვო სამსახურების ხელმძღვანელებს შორის პირისპირ შეხვედრა გაიმართა. ასეთ მაღალ დონეზე, რუსეთის ჯარის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, აშშ-ისა და რუსეთის წარმომადგენლების შეხვედრა პირველად შედგა.

  • დღეს უკვე მედია CIA-ის დირექტორის, უილიამ ბარნსისა და რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსის, სერგეი ნარიშკინის შეხვედრის დეტალებზე წერს.

აშშ-ის პრეზიდენტის ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენლის განცხადებით, CIA-ის დირექტორმა გააფრთხილა რუსული მხარე ბირთვული იარაღის გამოყენების შედეგების შესახებ და ისაუბრა იმ სტრატეგიულ საფრთხეზე, რომელიც რუსეთ sამგვარი ქმედების შემთხვევაში ელოდება.

  • შეხვედრაზე ასევე განიხილეს რუსეთის ციხეებში მყოფი ამერიკის მოქალაქეების საკითხი. როგორც New York Times-ი წერს, ორი ქვეყნის სადაზვერვო სააგენტოების ხელმძღვანელებს არ უსაუბრიათ რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების შესაძლებლობაზე. აშშ-ის წარმომადგენლებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ შეუძლებელი იყო ამ საკითხის განხილვა ოფიციალური კიევის მონაწილეობისა და წინასწარი თანხმობის გარეშე.

აღსაnიშნავია, რომ შეხვედრის ინიციატორი ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია იყო. აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ბოლო თვეების განმავლობაში არაერთხელ მიმართავდა კრემლს, რათა გაეფრთხილებინა რუსეთის ხელისუფლება და განემარტა, თუ რა საფრთხეები მოჰყვებოდა ბირთვული იარაღის გამოყენებას.

  • ვაშინგტონი განსაკუთრებით შეაშფოთა ოქტომბერში გავრცელებულმა ცნობებმა, რომ რუსი გენერლები განიხილავდნენ ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობას. ოქტომბერში აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა ორჯერ დაურეკა რუსეთის თავდაცვის მინისტრს, სერგეი შოიგუს და გააფრთხილა, რომ ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევაში, აშშ-ი საპასუხო ნაბიჯებს გადადგამდა.

გარდა ამისა, აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანი ტელეფონით რამდენჯერმე ესაუბრა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანს, ნიკოლაი პატრუშევს. ამ საუბრების შემდეგ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი არ აპირებს ბირთვული იარაღის გამოყენებას უკრაინაში. აღსანიშნავია, რომ მანამდე, რუსეთის პრეზიდენტმა არაერთხელ მიანიშნა ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობაზე "რუსეთის მთლიანობის დასაცავად."

აღსანიშნავია, როომ უილიამ ბარნსისა და სერგეი ნარიშკინის შეხვედრის შესახებ უკრაინის ხელმძღვანელობამ წინასწარ იცოდა.