ავტორი:

"კიდევ ერთი ახალგაზრდა ემსხვერპლა სხვისი სიცოცხლისადმი გულგრილ დამოკიდებულებას" -  ტექნიკური უნივერსიტეტი სამძიმარს უცხადებს დაღუპული სტუდენტის ოჯახს

"კიდევ ერთი ახალგაზრდა ემსხვერპლა სხვისი სიცოცხლისადმი გულგრილ დამოკიდებულებას" -  ტექნიკური უნივერსიტეტი სამძიმარს უცხადებს დაღუპული სტუდენტის ოჯახს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე, კანცლერი, პროფესორი კარლო კოპალიანი, უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, სტუ-ის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი გიორგი ქვარცხავა, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები მწუხარებას გამოთქვამენ და სამძიმარს უცხადებენ 13 ნოემბერს, ქალაქ ხაშურში ტრაგიკულად დაღუპული მეორე კურსის სტუდენტის, საბა გრიგალაშვილის ოჯახს.

ამის შესახებ განცხადებას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

"საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა, მიმდინარე წელს კიდევ ერთი უმძიმესი დანაკლისი განიცადა. ტრაგიკულად დაიღუპა ქალაქ ხაშურის მკვიდრი, 19 წლის ახალგაზრდა, უნივერსიტეტის აგრარული ტექნოლოგიების საბაკალავრო პროგრამის მეორე კურსის სტუდენტი - გულისხმიერებითა და სიკეთით აღსავსე საბა გრიგალაშვილი.

კიდევ ერთი ახალგაზრდა ემსხვერპლა სხვისი სიცოცხლისადმი გულგრილ დამოკიდებულებას, რაც საბედისწერო შედეგით დასრულდა. სამძიმარს ვუცხადებთ საბა გრიგალაშვილის ოჯახს, ჩვენი სტუდენტის სახელს კი მოუშუშებელ იარად ვიტოვებთ“, - აღნიშნულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამძიმარში.

ცნობისთვის, 13 ნოემბერს ხაშურში, ღამით საბას მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. ახალგაზრდა ქვეითად გადაადგილდებოდა.