ავტორი:

"ძნელად წარმოსადგენია, რომ პოლონეთში მომხდარს მესამე მსოფლიო ომი მოჰყვეს, მაგრამ უკრაინას გაეზრდება სამხედრო დახმარება" - ზურაბ ბატიაშვილი

"ძნელად წარმოსადგენია, რომ პოლონეთში მომხდარს მესამე მსოფლიო ომი მოჰყვეს, მაგრამ უკრაინას გაეზრდება სამხედრო დახმარება" - ზურაბ ბატიაშვილი

უშუალოდ რუსეთიდან თუ არ არის გასროლილი რაკეტა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ შეიძლება გასროლილი ყოფილიყო მაგალითად, შავ ზღვაში მდგომი რუსული სამხედრო გემიდან. აქ მთავარი არის არა ის, კონკრეტულად საიდან იყო რაკეტა გასროლილი, არამედ რისი შედეგია ეს, - ასე აფასებს ანალიტიკოსი ზურა ბატიაშვილი პოლონეთის ტერიტორიაზე რუსული რაკეტების ჩამოგდების ფაქტს.

როგორც მან "ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, მიმდინარეობს გამოძიება და ალბათ, ყველა დეტალი დადგინდება, თუმცა ვერავინ შეცვლის იმ მოცემულობას, რომ ყველაფერი არის უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის შედეგი.

"რომ არა რუსეთის თავდასხმა უკრაინაზე, რა თქმა უნდა, ეს არ მოხდებოდა, ამიტომ საბოლოო ჯამში, ყველაფერი მაინც რუსეთთან მიდის.

რაც შეეხება დასავლეთის პოზიციას, დასავლეთი, რა თქმა უნდა, ამას უპასუხოდ არ და ვერ დატოვებს. ძნელად წარმოსადგენია, რომ ახლა ამას მესამე მსოფლიო ომი მოჰყვეს, მაგრამ ერთი, რაც გადაჭრით შეიძლება ითქვას, არის ის, რომ უკრაინას მნიშვნელოვნად გაეზრდება სამხედრო დახმარება, რაც საბოლოო ჯამში, რუსეთის კრახს დააჩქარებს და ამ მომენტისთვის ეს არის ყველაზე ხელშესახები შედეგი. ვნახოთ, სამხედრო სახით რა პასუხი შეიძლება ჰქონდეს ამ ყველაფერს, ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია. როგორც დასავლეთში აცხადებენ, აქ მთავარი არის შემდეგი - ეს მიზანმიმართული იყო თუ რაღაცის შედეგად მოხდა პოლონეთის ტერიტორიაზე რაკეტების ჩამოგდება, რასაც რაკეტის ტრაექტორიის შესწავლის შედეგად დაადგენენ“, - განაცხადა ბატიაშვილმა და აღნიშნა, რომ ყველა დეტალი უნდა დადგინდეს და ამის შემდეგ უნდა იყოს გადაწყვეტილება მიღებული, როგორც ცალკეულ ქვეყნებში, ისე ნატო-ს მხრიდან.

ცნობისთვის, მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ ორი რუსული რაკეტა პოლონეთის სოფელ ფშევოდუვში ჩამოვარდა, რომელიც უკრაინასთან საზღვართან ახლოს მდებარეობს. შემთხვევას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. SS.GE