ავტორი:

"მინდა მოვუწოდო რადიკალურ ოპოზიციას, დაასრულოს პოლარიზაციის გაღრმავება და ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებაში ჩაერთოს" - კალაძე

"მინდა მოვუწოდო რადიკალურ ოპოზიციას, დაასრულოს პოლარიზაციის გაღრმავება და ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებაში ჩაერთოს" - კალაძე

თბილისის მერმა, კახა კალაძემ ოპოზიციას მოუწოდა, დაასრულოს პოლარიზაციის გაღრმავება, ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესებში ჩაერთოს და ევროკომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულებაში მონაწილეობა მიიღოს. მან თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე საქართველოში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის ვიზიტი შეაფასა და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯების დანახვა მნიშვნელოვანი იყო. ამასთან, კალაძის თქმით, საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსზე ზაფხულში უარი სრულიად უსამართლოდ უთხრეს.

"მინდა გამოვეხმაურო ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის ვიზიტს საქართველოში. ევროკომისრისგან ჩვენ მოვისმინეთ საქართველოს ევროინტეგრაციის მხარდამჭერი მკაფიო გზავნილები. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმ პროგრესის და წინგადადგმული ნაბიჯების დანახვა და აღიარება, რასაც საქართველომ ევროპულ გზაზე მიაღწია. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ასევე აღიარება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ხელისუფლება აქტიურად მუშაობს 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებაზე. ამაზე არაერთხელ გვისაუბრია და კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ საქართველოს ხელისუფლება მზად არის იმისთვის, რომ 12-პუნქტიანი გეგმა შესრულდეს. ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმის აღიარება, რომ პოზიტიური ძვრებია სასამართლო რეფორმის მიმართულებით, სწორი ნაბიჯებია გადადგმული ეკონომიკური კუთხით და რომ კორუფციასთან ბრძოლაში საქართველო მოწინავე ქვეყანაა. ეს ყველაფერი ჩვენმა მოსახლეობამ ძალიან კარგად იცის, კარგად იცის, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებას, სიმშვიდეს, რაც ეკონომიკურ განვითარებას გვაძლევს. ასევე, ძალიან კარგად იცის ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ ამ რთულ გზაზე, რასაც ევროპა და ევროინტეგრაცია ჰქვია, რამდენად ბევრი წინგადადგმული ნაბიჯი გვაქვს და რამდენი მიღწევა არის. ასევე, ძალიან კარგად იცის იმ გულისტკივილის ფასი, როდესაც სრულიად უსამართლოდ და დაუმსახურებლად უთხრეს უარი საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსზე. ამდენად, ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის პოზიტიური გზავნილები და სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობისთვის გამოხატული მზაობა კიდევ ერთი დასტურია, რომ ჩვენ სწორ გზაზე ვართ და ყველაფერს გავაკეთებთ საქართველოს, ჩვენი მოსახლეობის ინტერესების დასაცავად.

რაც შეეხება ევროპული საბჭოს მიერ განსაზღვრულ პირველ პრიორიტეტს - დეპოლარიზაციას, სრული მზადყოფნა გვაქვს, გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები ამ მიმართულებით, თუმცა ეს რა თქმა უნდა, ცალმხრივი ვერ იქნება. კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო რადიკალურ ოპოზიციას, დაასრულოს პოლარიზაციის გაღრმავება, ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესებში ჩაერთოს და ევროკომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულებაში მონაწილეობა მიიღოს“, -განაცხადა კალაძემ.