ავტორი:

"რუსეთი თუ ევროპა? ჩვენ ამ არჩევანის წინაშე ვდგავართ - გზას, რომელსაც "ქართული ოცნება“ ადგას, რუსეთამდე მივყავართ" - გიორგი ვაშაძე

"რუსეთი თუ ევროპა? ჩვენ ამ არჩევანის წინაშე ვდგავართ - გზას, რომელსაც "ქართული ოცნება“ ადგას,  რუსეთამდე მივყავართ" -  გიორგი ვაშაძე

გზა, რომელსაც დღეს "ქართული ოცნება“ ადგას, ჩვენ ევროპამდე არ მიგვიყვანს, ამ გზას რუსეთამდე მივყავართ. ჩვენი ამოცანაა, შემოვატრიალოთ ეს გზა, შევასრულოთ 12-ვე პუნქტი, მივიღოთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. კარი რომ ღიაა, ამას ჩვენი ევროპელი პარტნიორები ღიად და გულწრფელად ამბობენ, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი "ქართული ოცნების“ ანტიევროპული ნაბიჯების გამო არ აქვს და თუ რეკომენდაციები არ შესრულდება, სტატუსს კვლავ ვერ მივიღებთ.

"თუ ამ 12 პუნქტს არ შევასრულებთ, თუ პოლიტპატიმრები არ გათავისუფლდებიან, თუ ის კონკრეტული შედეგები არ დაიდება, რასაც ევროპელები ჩვენი მხრიდან ელოდებიან, თუ იმ გზას გავაგრძელებთ, რასაც ახლა "ქართული ოცნება“ ადგას, სამწუხაროდ, ჩვენ კანდიდატი ქვეყნის სტატუსს ვერ მივიღებთ და სწორედ აქ უნდა გამოვფხიზლდეთ. ეს 12 პუნქტი არ არის მხოლოდ "ქართული ოცნებისთვის“, ეს არის ჩვენთვის, ყველასთვის, რომ გავიაზროთ, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ჰაერიდან თავისით არ ჩამოვარდება.

ყველაფერზე იყო გუშინ ლაპარაკი, როცა ევროკომისარი ჩამოსული იყო და ნაკლები ყურადღება მიექცა თუ რამხელა პროექტებზეა საუბარი. მილიარდებზეა საუბარი, რომ საქართველოში შემოვიდეს ელექტროსადენები, ინტერნეტსადენები, ლოჯისტიკური ცენტრები, მოხდეს პორტების და აეროპორტების გაფართოება. ევროკავშირში, ჩვენ სამეზობლოში დიდი ინტერესია საქართველოსთან მიმართებაში, მაგრამ მთავარია, ამ ყველაფრის ინიციატორი ვართ, ამ ყველაფერს ვაკეთებთ თუ უბრალოდ რაღაც პროცესს ვქმნით, რომელიც უშედეგოდ მთავრდება? ეს არის მთავარი არჩევანი - რუსეთი თუ ევროპა? ამ არჩევანის წინაშე ვდგავართ ჩვენ. საქართველო, ჩვენი ეროვნული ინტერესები, თუ ოლიგარქიული რეჟიმი, რომელსაც არასწორად მივყავართ. ამიტომ არ უნდა შეგვიყვანოს შეცდომაში და არ უნდა მოგვატყუოს დეზინფორმაციის კამპანიამ, რომელიც "ქართული ოცნების“ მხრიდან მასობრივად მიდის,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.