ავტორი:

"ხაბეიშვილმაც თქვა თავიდან უარი კანდიდატობაზე, მაგრამ დათანხმდა. ვინ იცის, ხატიაც დათანხმდეს" - რა კარტს ათამაშებენ კეზერაშვილ-მერაბიშვილი და რა ელის "ნაციონალურ მოძრაობას"?

"ხაბეიშვილმაც თქვა თავიდან უარი კანდიდატობაზე, მაგრამ დათანხმდა. ვინ იცის, ხატიაც დათანხმდეს" - რა კარტს ათამაშებენ კეზერაშვილ-მერაბიშვილი და რა ელის "ნაციონალურ მოძრაობას"?

"ნაციონალური მოძრაობა“ პარტიის თავმჯდომარის არჩევნებისთვის ემზადება. როგორც ამბობენ, ამ არჩევნებმა უნდა დატესტოს მოქმედი თავმჯდომარის - ნიკა მელიას ნდობის ვოტუმი პარტიაში, რომლის ცვლილებასას თანაგუნდელების ნაწილი ითხოვს. ისინი მიზეზად ნიკა მელიას თავმჯდომარეობის დროს პარტიის პასიურობას ასახელებენ. თავად მიხეილ სააკაშვილი პარტიის შიგნით მიმდინარე პროცესებზე არაფერს ამბობს, თუმცა, ექსპრეზიდენტის პოზიციების შესახებ ერთგვარ მინიშნებას შეიცავს პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე კობა ნაყოფიას განცხადება, რომელიც მან სააკაშვილის მონახულების შემდეგ გააკეთა. ნაყოფიამ თქვა, რომ სააკაშვილი არ ერევა ამ პროცესებში, მაგრამ მას, რა თქმა უნდა, არ მოსწონს ის, რაც პარტიაში ხდება. "ფიქრობს, - რა დროს ესააო, ჩვენი ძალა და ენერგია სხვა საკითხებზე უნდა იყოს მიმართული, ჩვენ ახლა უნდა შევცვალოთ ხელისუფლება და არა "ნაციონალური მოძრაობა“, - განაცხადა მან. ნაყოფიამ მედიასთან ისიც თქვა, რომ თავად ნიკა მელიას დაუჭერს მხარს, რადგან "მას თავმჯდომარის პოსტზე თავი არ ამოუწურავს. დაველოდოთ მოვლენებს, საქმე სხვა რამეშია, სამწუხაროდ, ჩვენმა კოლეგებმა იჩქარეს“...

საგულისხმო იყო მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ გიული ალასანიას კომენტარიც:

"საერთოდ არ მელაპარაკება პოლიტიკურ საკითხებზე, ერთადერთი, არ მოეწონა და აღნიშნა, რომ ბიბლიოთეკა არ არის ადგილი, სადაც უნდა იღებდნენ გადაწყვეტილებას, ამისთვის არსებობს ოფისები“.

აქ იგულისხმება "ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი ნადირაძის მიერ პრეზიდენტის ბიბლიოთეკაში გამართული ბრიფინგი, რომელზეც შიდაპარტიული არჩევნების საკითხი წამოიჭრა.

ენმ-ს პარტიის წევრებმა მოგვიანებით გააკეთეს განმარტება და თქვეს, რომ მესამე პრეზიდენტის პოზიცია მათთვის მოულოდნელი არ იყო. ისინი მიიჩნევენ, რომ სააკაშვილი არ დაიჭერს რომელიმე ლიდერის მხარეს ამ არჩევნებზე, რადგან თავისი პოზიცია ღიად არც წინა არჩევნებზე გამოუხატავს.

16 ნოემბერს, გამართლდა მოარული ხმები ლევან ხაბეიშვილის ენმ-ის თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობის შესახებ და ის ოპოზიციური პარტიის მეოთხე კანდიდატურად დასახელდა. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება მან მეგობრებთან და თანამებრძოლებთან რამდენიმედღიანი კონსულტაციის შემდეგ მიიღო.

თავდაპირველად ხაბეიშვილი აცხადებდა, რომ ენმ-ის თავმდჯომარეობა არ აინტერესებს და არც არჩევნებში მონაწილეობას აპირებდა, თუმცა აღნიშნული პოზიცია რამდენიმე საათში შეიცვალა. ხაბეიშვილი ინიციატივით გამოვიდა, პარტიაში შეიქმნას შტაბი, სადაც ის ადამიანები გაერთიანდებიან, ვისაც მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა აინტერესებს. როგორც ხაბეიშვილმა განაცხადა, "ნაციონალურ მოძრაობას“ სჭირდება "გამაერთიანებელი თავმჯდომარე და არა დამყოფი და დამპირისპირებელი“.

პარტიას, რომელიც ოპოზიციის ფლანგის ცენტრალურ მოთამაშეს წარმოადგენს, ფაქტია, დღეს კრიზისი აქვს. "ქართული ოცნება“ ნიშნისმოგებით აცხადებს, რომ "ნაციონალური მოძრაობა“ მარტივ მამრავლებად იშლება, რომ ეს მათი დასასრულია და პარტიას არანაირი მომავალი არ აქვს... მათგან განსხვავებით, ენმ-ის წევრები ამბობენ, რომ პარტიაში ჯანსაღი პროცესები მიმდინარეობს და გვარწმუნებენ, რომ ენმ კრიზისიდან გამოვა და უფრო კონსოლიდირებული და ძლიერი პარტია ეყოლება საერთო მიზნის გარშემო.

რაც შეეხება ნიკა მელიას პოზიციას, რამდენიმე დღის წინ ის ბრიუსელიდან თანაპარტიელების მხრიდან "ზურგში დანის ჩარტყმაზე“ ალაპარაკდა:

"როცა იდეური განსხვავება გაქვს შენს რამდენიმე თანამებრძოლთან, ეს ეხება 3-4 ადამიანს, ბუნებრივია, შეუძლებელია საუბარი პროგრესზე და განვითარებაზე, სადაც არ არის გუნდური სულისკვეთება, სადაც შეიძლება თვალის დაუხამხამებლად ადამიანმა ზურგში დანა ჩაგარტყას. თუ ეს მას შეუძლია დღეს, მერწმუნეთ ამას გააკეთებს ხვალ, როგორც ოპოზიციაში ყოფნისას, ასევე ხელისუფლებაში ყოფნისას“, - განაცხადა ნიკა მელიამ და თქვა, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში, პარტიულ თანამდებობებს ზოგიერთი მათგანი ვეღარ დაიკავებს.

ენმ-ს წევრი ნუგზარ წიკლაური იმედს გამოთქვამს, რომ გადაწყვეტილება ლევან ხაბეიშვილმა თავად მიიღო და არა რაიმე "არაფორმალური ცენტრის“ გავლენით.

  • თუმცა უკვე ყველასთვის ცხადია, რომ ხაბეიშვილი სწორედ ერთ-ერთი ე.წ. არაფორმალური ცენტრის კანდიდატურაა და მის უკან თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის კვალი უნდა ვეძებოთ. მის ჯგუფში არიან პეტრე ცისკარიშვილი და გიგი უგულავა, რომელიც პარტიიდან კია დისტანცირებული, მაგრამ როგორც ამბობენ, აქტიურად თანამშრომლობს კეზერაშვილთან. "ამ სამს მეგობრობა აკავშირებს ერთმანეთთან, თან კეზერაშვილი ფინანსურადაც მუდმივად ეხმარებოდა უგულავას და ცისკარიშვილს, ამიტომაც ისინი ერთგვარად ანგარიშვალდებულები არიან ერთმანეთთან, თუმცა მე როგორც ვიცი, უგულავას ძალიან არ მოსწონს ხაბეიშვილის კანდიდატურა, ამბობდა, - ძალიან არაპრეზენტაბელურიაო... თუმცა, როგორც ჩანს, უმრავლესობის ნებას დაჰყვა და საბოლოოდ მაინც მოახერხეს შეთანხმება", - ამბობს ambebi.ge -ს წყარო "ნაციონალური მოძრაობიდან". ის, რომ ხაბეიშვილს გვერდს "უმშვენებდა" დავით კირკიტაძე, რომელიც ვანო მერაბიშვილის ჯგუფის წევრია, შეიძლება ვიფიქროთ, რომ მათაც ხაბეიშვილზე დადეს ფსონი, თუმცა არის ვარაუდი, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად ვანო მერაბიშვილმა თავისი კარტი გაათამაშოს.

"ჯერჯერობით რაც იკვეთება, მელია უკონკურენტოა, ვინაიდან მის მხარესაა სტაბილური ელექტორატი და რაც მთავარია, მიშას განცხადებებიც მის სასარგებლოდაა. ზოგადად, მიშა ცდილობს, რადიკალური განცხადებები არ გააკეთოს, რამაც შესაძლოა პარტიის შიგნით დაბნეულობა და განხეთქილება გამოიწვიოს. აქ მარტო პოლიტიკური ბრძოლა არაა, აქ ფიზიკური ბრძოლაც მიდის... მელია ყველა კანდიდატს დაანგრევს, მაგრამ ვანო ის კაცი არაა, წინასწარ გახსნას კარტები, მან იცის, როდის რა ქნას და რაც დღეს ხდება, ეს ძირითადად, ვანოს თამაშია.

დასახელებულ კანდიდატებზე მეტი წონა პარტიაში ხატია დეკანოიძეს აქვს და არ გამოვრიცხავთ, მისი კანდიდატურაც დააყენონ. არ დაგავიწყდეთ, რომ ხატია უშუალოდ ვანოს კადრია (ვანოს მინისტრობისას იყო პოლიციის აკადემიის რექტორი, უკრაინაშიც ხომ მაგ ხაზით მუშაობდა). ახლა ვანო და დათო უნდა შეთანხმდნენ, ვინ იქნება მათთვის მისაღები ერთი კანდიდატი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ არჩევნებს აზრი არ ექნება, ისევ მელია იქნება თავმჯდომარე.

რადგან ვანო აქ ჩამოვიდა, რაღაც აქვს გეგმაში, ის ზერელედ არაფერს იზამს, მომზადებული იქნება. ლევან ხაბეიშვილმაც თქვა თავიდან უარი კანდიდატობაზე, მაგრამ დათანხმდა. ვინ იცის, ხატიაც დათანხმდეს, რაღაც ტაქტიკური სვლებია, მოლაპარაკებების პროცესია კულუარებში. დეკანოიძესთან კონსოლიდაცია თუ მოხდა, ხატიას უკვე შეუძლია სერიოზული ბრძოლა გაუმართოს მელიას“, - გვეუბნება წყარო.

ექსპერტი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ "ნაციონალურ მოძრაობაში" შექმნილი კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი იქნება დემოკრატიული პროცესი - რიგგარეშე არჩევნების ჩატარება.

"თუ ეს არ მოხდება, კრიზისი არ დასრულდება, უფრო გამწვავდება და მასშტაბურ დაპირისპირებას წარმოშობს. ყველაზე სწორი გამოსავალი იქნება პოლემიკისა და ურთიერთბრალდებების შეწყვეტა და რიგგარეშე არჩევნების ჩატარება. ამასთანავე, ყველა მხარემ უნდა იკისროს ვალდებულება, რომ არჩევნების შედეგებს აღიარებენ და პარტიული დისციპლინა შენარჩუნდება. ეს არის პარტიის გადარჩენის ერთადერთი ფორმულა.

რაც შეეხება იმას, სად გადის პარტიაში დაპირისპირების ხაზი, ჩემი აზრით, კეზერაშვილის თუ სხვა დაჯგუფებების ინტერესებზე ყურადღების გამახვილება არ არის სწორი, რადგან დაპირისპირება უფრო ფუნდამენტურია.

"ნაციონალურ მოძრაობასა" და "ქართულ ოცნებას" აქვთ ერთი საერთო ნიშან-თვისება - ლიდერის გარშემო გაერთიანებულ ერთგვარ რელიგიებად ჩამოყალიბდნენ. ამ შემთხვევაში ასეთი ლიდერი, კერპი მიხეილ სააკაშვილია, რომელთანაც პარტიის ნაწილს აქვს ლამის რელიგიურ გრძნობამდე აყვანილი ემოციური ბმა. პარტიის მეორე ნაწილი უფრო რაციოს ემყარება და მოვლენებს ნაკლებად ემოციურად განსჯის. დღეს კონფლიქტი სწორედ რაციოსა და ემოციას შორის მიმდინარეობს. პარტიის ემოციური ნაწილი არანაირ ლოგიკას არ დაგიდევს. მიიჩნევენ, რომ მიშა უნდა გამოვიდეს ციხიდან და მორჩა, მელიას კი უყენებენ პრეტენზიას, ეს აქამდე რატომ ვერ შეძელიო. თუმცა ამ ხალხს რომ ჰკითხო, ეს როგორ უნდა მოხერხდეს, ვერ გიპასუხებენ. მელიასგან ითხოვენ სასწაულს. მათთან ლაპარაკს აზრი არა აქვს.

სიმართლე გითხრათ, პრობლემაა ისიც, რომ არჩევნების შემთხვევაში თუ რაციონალურად მოაზროვნეთა ფრთამ გაიმარჯვა, ემოციას აყოლილთა ფრთა დაემორჩილება კი ახალარჩეულ ხელმძღვანელობას?

რაც შეეხება კეზერაშვილს, მასთან დაკავშირებული საკითხი, რა თქმა უნდა, უსაფუძვლოდ არ წამოჭრილა. პოლიტიკურ ელიტაში რესურსების უკმარისობაა, უამისოდ ძალიან რთულია პოლიტიკის წარმართვა. აქედან გამომდინარე, შეიძლება რაღაც მოლაპარაკებები ნამდვილად მიმდინარეობს, მაგრამ ვეჭვობ, ამის სანაცვლოდ კეზერაშვილი ღიად ითხოვდეს პარტიაზე კონტროლს", - ამბობს ექსპერტი

ხაბეიშვილის კანდიდატურის დასახელების შემდეგ, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის თანამდებობიდან საკუთარი კანდიდატურა მოხსნა გიორგი ჩალაძემ, ვისთვისაც, როგორც ამბობს, "ახლა მთავარი, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გადარჩენაა“. გაიზრდება თუ არა ენმ-ს თავმჯდომარეობის მსურველთა რიცხვი, ამას მომავალი გვიჩვენებს, მანამდე კი უკვე ცნობილია, რომ სამუშაო ჯგუფი "ნაციონალურ მოძრაობაში“ არჩევნების რამდენიმე ვარიანტს განიხილავს. ისინი სამომავლოდ შეთანხმდნენ იმაზე, რომ შიდაპარტიული არჩევნები ელექტრონული წესით ჩატარდება, ანუ ამომრჩეველი დარეგისტრირდება სპეციალურ პორტალზე და შემდეგ მიიღებს არჩევნებში ონლაინ მონაწილეობას. მთავარია, კანდიდატს ჰქონდეს მინიმუმ 3 წევრის მხარდაჭერა, ასეთია ჯგუფის სამუშაო ვერსია. ჯგუფი შეხვედრებს კიდევ მართავს და საბოლოო გადაწყვეტილება 22 ნოემბრამდე უნდა მიიღონ.