ავტორი:

რას აცხადებს საგარეო საქმეთა სამინისტრო 16 წლის მოზარდის საქმეზე, რომლის თურქეთიდან გადმოსვენებასაც, კლინიკის დავალიანების გამო, ოჯახი დღემდე ვერ ახერხებდა

რას აცხადებს საგარეო საქმეთა სამინისტრო 16 წლის მოზარდის საქმეზე, რომლის თურქეთიდან გადმოსვენებასაც, კლინიკის დავალიანების გამო, ოჯახი დღემდე ვერ ახერხებდა

13 ნოემბერს, თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში 16 წლის მარიამ გოგიაშვილი გარდაიცვალა. მარიამი კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში, ლეიკემიის დიაგნოზით, ერთი თვის წინ მოათავსეს, სამწუხაროდ, მისი გარდარჩენა ვერ მოხერხდა. მალე ოჯახის ახლობელმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომლიდანაც საზოგადოებამ შეიტყო, რომ ოჯახს კლინიკის დავალიანება 44 ათასი დოლარი ჰქონდათ, რის გამოც, მიცვალებულს არ ატანდნენ.

მოგვიანებით გამოქვეყნდა ოჯახის ანგარიშის ნომერიც. ოჯახის ახლობელი სოფო ჩიკვილაძე წერდა:

"მეგობრებო, როგორც არასდროს, გვჭირდება თქვენი დახმარება. საავადმყოფოს დავალიანებაში ვართ - 44 000 დოლარი. თუ არ დავფარეთ, არ გვატანენ ბავშვს. ესაა ჩვენი მწარე რეალობა... მარიამი უნდა დავაბრუნოთ საქართველოს მიწაზე ეს ის მომენტია, როდესაც სიტყვებს ვეღარ ვპოულობ უბრალოდ, დაგვეხმარეთ...“

ფულის შეგროვება დაიწყო, თუმცა როგორც დღეს გაირკვა, საკითხის მოგვარებაში სახელმწიფო უწყებები ჩაერთვნენ.

"ხალხო, ყველას დიდი მადლობა თანადგომისთვის აღარ დარიცხოთ თანხა, მადლობა პრემიერს და მადლობა ელჩს, მადლობა ჯანდაცვას, საკონსულოს, ყველას უღრმესი მადლობა თითოეულ ადამიანს... უფალი იყოს თქვენი მფარველი...“ - წერს მარიამის დედა რუსკა ხუციშვილი.

ოჯახის ახლობლის, სოფო ჩიკვილაძის თქმით, მას საქართველოს ელჩი თურქეთში, გიორგი ჯანჯღავა დაუკავშირდა და უთხრა, რომ პრემიერ-მინისტრი საქმის კურსშია და მაქსიმუმს აკეთებენ, რათა მარიამი სამშობლოში დროულად გადმოასვენონ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თურქეთში საქართველოს საელჩო და საკონსულო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ სტამბოლის კლინიკაში დაღუპული 16 წლის ბავშვის ცხედარის გადმოსვენება მოხდეს.

სპეციალური განცხადება გაავრცელა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომაც, რომელშიც ვკითხულობთ:

"თურქეთში საქართველოს საელჩო და საკონსულო დაწესებულება პროცესში პრობლემის წარმოქმნისთანავე ჩაერთო და ახლაც ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ცხედრის გადმოსვენება მოხდეს. საკონსულოს წარმომადგენლები ყოველდღე იმყოფებიან კლინიკაში და ასევე, გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან მუდმივ კონტაქტზე არიან".