ავტორი:

"ამერიკაში და ევროპის კონკრეტულ ქვეყნებში რომ არის ოლიგარქების გავლენა, ასეთი სად არის?" - ირაკლი კობახიძე განმარტავს, რას ითვალისწინებს კანონი დეოლიგარქიზაციის შესახებ

"ამერიკაში და ევროპის კონკრეტულ ქვეყნებში რომ არის ოლიგარქების გავლენა, ასეთი სად არის?" - ირაკლი კობახიძე განმარტავს, რას ითვალისწინებს კანონი დეოლიგარქიზაციის შესახებ

"რას ითვალისწინებს კანონი - როდესაც ხაბეიშვილი დაუკავშირდება კეზერაშვილს, რომ მორიგი თვისთვის მიიღოს 10 000 ლარი ხელფასი და 15 000 დოლარი თავისი ე.წ. ანტიკორუფციული მოძრაობისთვის, მან უნდა მოახდინოს ამ კომუნიკაციის დეკლარირება. პოლიტიკიდან გასვლა არც მოეთხოვებათ ოლიგარქებს", - ამის შესახებ "ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ "პალიტრანიუსის“ გადაცემა "თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა შეკითხვას იმის შესახებ, თუ როგორ განვითარდება საქართველოში პროცესები დეოლიგარქიზაციის კანონის ამოქმედების შემთხვევაში.

  • როგორც კობახიძემ "პალიტრანიუსის“ გადაცემა "თავისუფალი სტუდიაში“ განაცხადა, საქართველოს ხელისუფლებამ პირდაპირ თარგმნა უკრაინული კანონი, რომელსაც, კობახიძის შეფასებით, "ურსულა ფონ დერ ლაიენმა მისცა ძალიან მაღალი შეფასება“.

"როდესაც უკრაინამ კანდიდატის სტატუსი მიიღო, ურსულა ფონ დერ ლაიენი ბრიფინგზე გამოვიდა და მაღალი შეფასება მისცა ამ კანონს. ჩვენ ეს კანონი "გადმოვაქართულეთ“ და მივიღეთ საქართველოში. რადიკალურ ოპოზიციას არ უნდა ამ კანონის მიღება. მიზეზი არის ერთადერთი, ოლიგარქები მხოლოდ მათ მხარეს არიან - ოპოზიცია კეზერაშვილს იცავს. დეოლიგარქიზაცია მხოლოდ რადიკალურ ოპოზიციას არ აწყობს. მათ არ აწყობთ, რომ კეზერაშვილს დაერქვას თავისი სახელი და რაღაცები შეეზღუდოს. აქ არის სუბიექტური ინტერესი - ეს არ აწყობთ იმ "ენჯეოებს“ და პარტიებს, რომელსაც აფინანსებს კეზერაშვილი. სინამდვილეში გაირკვა, რომ რადიკალური ოპოზიცია საქართველოში არის დეოლიგარქიზაციის წინააღმდეგი და ჩვენ ვართ ამის მომხრე.

დეოლიგარქიზაცია არის ევროკავშირის მოთხოვნა. ჩვენ ეს არ მოგვიგონია, ჩვენ საერთოდ გვგონია, რომ ეს ტერმინი აბსურდულია გამომდინარე იქიდან, რომ გავლენები ყველგან არის - ამერიკაში და ევროპის კონკრეტულ ქვეყნებში რომ არის ოლიგარქების გავლენა, ასეთი სად არის? თვითონ ეს თემა აბსურდულია, მაგრამ რადგან ევროკავშირი ასე ამბობს, ჩვენც გავყევით და ავიღეთ უკრაინული კანონი, რათა არავის ეთქვა, რომ საკუთარ თავს მოვარგეთ.

ეს კანონი რას ითვალისწინებს - როდესაც ხაბეიშვილი დაუკავშირდება კეზერაშვილს, რომ მორიგი თვისთვის მიიღოს 10 000 ლარი ხელფასი და 15 000 დოლარი თავისი ე.წ. "ანტიკორუფციული მოძრაობისთვის“, მან უნდა მოახდინოს ამ კომუნიკაციის დეკლარირება. მან უნდა თქვას, რომ ჰქონდა კომუნიკაცია კეზერაშვილთან იმასთან დაკავშირებით, რომ უნდა მიეღოს 10 000 ლარი და 15 000 დოლარი, რასაც ის ყოველთვიურად იღებს და ა.შ. პოლიტიკიდან გასვლა არც მოეთხოვებათ ოლიგარქებს. საუბარია მხოლოდ ასეთი ტიპის მარტივ შეზღუდვებზე. ამ კანონში ძირითადი რაც წერია არის ის, რომ როდესაც მოხდება ოლიგარქთან კომუნიკაცია, ამის დეკლარირება უნდა მოხდეს. ეს არის ერთადერთი ხელშესახები შეზღუდვა, რაც ამ კანონში წერია - სხვა განსაკუთრებული არაფერი წერია ამ კანონში. ეს არ უნდათ, რადგან ხაბეიშვილმა უნდა მიიღოს ფარულად ეს "შავი ფული“, რომელიც ნაძარცვი ფულია კეზერაშვილის ხელში და მას არ უნდა ამის დეკლარირება, ამიტომაც არ მოსწონს ეს კანონი“, - განაცხადა კობახიძემ.

  • მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ასევე განაცხადა, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის მიხედვით, დავით კეზერაშვილი ოლიგარქობის 4-დან 2 კრიტერიუმს აკმაყოფილებს. ამასთან, კობახიძემ აღნიშნა, რომ არ არსებობს იმის დამადასტურებელი ფაქტი, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში ერევა.

"2 კვირის წინ კეზერაშვილმა გამოაქვეყნა აღიარებითი ჩვენება, სადაც აცხადებს, რომ ის აფინანსებს პარტიებს, მედიასაშუალებებს და არასამთავრობო სექტორსაც. ეს ნიშნავს იმას, რომ ავტომატურად 4-დან 2 კრიტერიუმი უკვე აღიარებული აქვს, რჩება თანხა - 80 მილიონ დოლარზე მეტი და ამის დამტკიცებაც მარტივი იქნება. ამიტომ ვამბობთ, რომ ფაქტებით რაც ხდება, დამტკიცებადია. რა ფაქტი იცით იმის შესახებ, რომ ბიძინა ივანიშვილი ჩაერია პოლიტიკაში ან მედიაში? უდანაშაულობის პრეზუმფცია არაფორმალურად არსებობს პოლიტიკაშიც - ადამიანს რაღაც უნდა დაუმტკიცო და მერე დააბრალო. ჯერ ფაქტი უნდა გქონდეს და მერე დააბრალო. სინამდვილეში აქ არის მშრალი, შიშველი პოლიტიკური ინტერესი და ნული ფაქტი. ლამის 2 წელია, რაც კაცი პოლიტიკიდან გავიდა და ერთი საჯარო გამოჩენაც კი არ ჰქონია. ოლიგარქად ადამიანის ცნობა შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს სამართლებრივად გამყარებული მტკიცებულებები. ივანიშვილი შეიძლება მოიხსენიოს ვინმემ ოლიგარქად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ფაქტები - სხვანაირად შეზღუდვას მას ვერავინ დაუწესებს. სამართლებრივად უნდა დაუმტკიცოს ვიღაცამ კეზერაშვილს, ივანიშვილს, ხაზარაძეს და სხვებს, რომ ისინი არიან ოლიგარქები, რათა მათ დაუწესო რაღაც შეზღუდვა. კეზერაშვილსაც ვერაფერს შევუზღუდავთ, თუ არ დავუმტკიცეთ, რომ მას აქვს 80 მილიონ დოლარზე მეტი და პირდაპირ ერევა პოლიტიკასა და მედიაში. რეალურად, 80 მილიონ დოლარზე ბევრად მეტი აქვს, მაგრამ ამის მოძიება იქნება საჭირო და მგონია, რომ ამის გაკეთება მარტივი იქნება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.