ავტორი:

ფეხბურთელი სიძე და მეგობრობა კალაძის ოჯახთან - როგორ მოხვდა "ოცნების" სკანდალური დეპუტატი ირაკლი ზარქუა პოლიტიკაში და რა ქონებას ფლობს მისი ოჯახი?

ფეხბურთელი სიძე და მეგობრობა კალაძის ოჯახთან - როგორ მოხვდა "ოცნების" სკანდალური დეპუტატი ირაკლი ზარქუა პოლიტიკაში და რა ქონებას ფლობს მისი ოჯახი?

"ქართული ოცნების" დეპუტატი ირაკლი ზარქუა ამტკიცებს, რომ ამერიკელი სენატორის ჯინ შაჰინისთვის შეურაცხყოფის მიყენება აზრად არ ჰქონია, თუმცა ვიდეოჩანაწერი, რაც გავრცელდა აშკარად სხვა სურათს აჩვენებს. მასში პარლამენტარი ყოვლად შეუფერებელ და ძალიან შეურაცხმყოფელ ფრაზას ამბობს.

"1. დღეს გავრცელდა ჩანაწერი, რომელშიც ჩანს თითქოს შეურაცხვყოფ აშშ-ის სენატორს. რეალურად სენატორის შეურაცხყოფის მიყენების მიზანი ნამდვილად არ მქონია და აბსოლუტურად სხვა კონტექსტში ვხუმრობდი ჟურნალისტებთან ოფიციალური კომენტარის გაკეთებამდე, ვიდრე კამერებს ჩართავდნენ.მანამდე დაწყებული ხუმრობის გაგრძელებასთან რომ გვქონდა საქმე, ეს იქ მყოფმა ჟურნალისტებმაც კარგად იციან.

2. ნებისმიერ შემთხვევაში ვწუხვარ, თუკი ვინმემ ისე გაიგო ჩემი გამონათქვამი, რა კონტექსტით და მიზნითაც ნაცმედიამ გაავრცელა.

P. S. როგორც წესი, ასეთი შავი, არაოფიციალური მასალის გამოყენებას ჟურნალისტები არ კადრულობენ-ხოლმე, თუმცა, როგორც ჩანს, ჟურნალისტური მორალი მეასეხარისხოვანი ხდება, როდესაც სკანდალის ინტერესი დიდია", - დაწერა ზარქუამ სოციალურ ქსელში. ზოგადად უნდა ითქვას, რომ ის ზოგადად გამოირჩევა სკანდალური განცხადებებით.

  • როგორ მოხვდა ზარქუა ქართულ პოლიტიკაში?

როგორც მისი ოფიციალური ბიოგრაფიიდან ირკვევა, ზარქუა წალენჯიხაში, 1982 წელს დაიბადა.

2013 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების სპეციალობით და ბაკალავრის ხარისხით.

2015 წელს კი იგივე უნივერსიტეტში ეკონომიკის მაგისტრის ხარისხი მიიღო.

რაც შეეხება სამუშაო გამოცდილებას, 2003 - 2006 წლებში ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციაში უმუშავია; 2006 - 2009 წლებში "თი-ბი-სი ბანკის" ოპერატორების ცენტრალიზებულად დამუშავების განყოფილების უფროსი ყოფილა; 2011 - 2014 წლებში სამუშაო ადგილად მითითებულია სადაზღვევო კომპანია, თუმცა კონკრეტულად რომელი, ეს არ წერია; 2017 - 2018 წლებში სამუშაო ადგილად მითითებულია ქონებისა და საფინანსო საბიუჯეტო კომისიის ხელმძღვანელის თანამდებობა თბილისის საკრებულოში, რომლის თავმჯდომარის მოადგილედაც 2018 - 2020 წლებში მუშაობდა. შემდეგ კი უკვე აღმოჩნდა "ქართული ოცნების" საპარლამენტო სიაში, როგორც ამბობენ, თბილისის მერის კახა კალაძის კვოტით.

ამის მიზეზი კი, ყოფილი ფეხბურთელ ალექსანდრე ამისულაშვილთან კალაძის მეგობრობაა. სწორედ ამისულაშვილის მეუღლე ირაკლი ზარქუას და, ცნობილი ქართველი დიზაინერი ნინა ზარქუაა, რომელიც თავის მხრივ, წლების განმავლობაში კალაძის ცოლის ანუკი არეშიძის ახლო მეგობარი გახლდათ. მართალია, მეგობრებმა რამდენიმე წლის წინ იჩხუბეს, მაგრამ ამას კალაძისა და ამისულაშვილის მეგობრობაზე არ უმოქმედია. ამიტომაც ზარქუას სწორედ კალაძის კადრად მოიაზრებენ.

  • ირაკლი ზარქუას ქონებრივი დეკლარაცია

მეა-10 მოწვევის პარლამენტარმა ირაკლი ზარქუამ დეკლარაცია ბოლოს 2021 წელს შეავსო. დეპუტატს მეუღლე მარინა თავართქილაძე და ორი ქალიშვილი, ანასტასია და ნინო ზარქუა ჰყავს. უფროს ქალიშვილს ცნობილი მამიდის დიზაინერ ნინა ზარქუას სახელი ჰქვია.

დეკლარაციაში ვკითხულობთ, რომ ირაკლი ზარქუას საკუთრებაში თბილისში ბინა არ აქვს. 2014 წელს დეპუტატის მეუღლემ თბილისში, კარტოზიას ქუჩაზე 100 000 ლარად 80,27 კვ.მ. ბინა შეიძინა.

ირაკლი ზარქუას ჰყავს მსუბუქი ავტომანქანა Toyota camry 2015 გამოშვება, რომელიც 2021 წელს 8000 დოლარად შეიძინა. დეკლარაციის შევსების დროს ირაკლი ზარქუას თიბისი ბანკის მიმდინარე ანგარიშზე ჰქონდა 0,88 დოლარი, 32,55 ლარი, ანაბარი 200 ლარი...

მარინე თავართქილაძეს "საქართველოს ბანკის" დეპოზიტზე ჰქონდა 2192,83 ლარი, 26,64 დოლარი და 1504,8 ევრო. "თიბისი ბანკის" მიმდინარე ანგარიშზე 1519,95 ლარი, 2886,98 დოლარი და სამომხმარებლო სესხი 34763,07 ლარი. "ბაზის ბანკის" მიმდინარე ანგარიშზე ჰქონდა 12090,27 ლარი, ჰალიკ ბანკის მიმდინარე ანგარიშზე - 26151,35 ლარი.

ზარქუას მეუღლე გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი პროფესორია, საიდან ერთი კალენდარული წლის მანძილზე სახელფასო სარგოს სახით 5325 ლარი დაერიცხა. ის აგრეთვე გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის პროექტის ხელმძღვანელია, საიდანაც განხორციელებული სამეცნიერო პროექტის ფარგლებში 7598,02 ლარი მიიღო.

მარინე თავართქილაძე ასევე სულხან საბა ორბელიანის უნივერსიტეტის პროფესორი და "თიბისი დაზღვევის“ დეპარტამენტის უფროსი გახლდათ, საიდანაც სახელფასო სარგო 87117,16 ლარი მიიღო.

ირაკლი ზარქუამ საქართველოს პარლამენტის წევრობისას 2020 წლის პერიოდში 2695,15 ლარი მიიღო, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის პოსტზე კი 41588,68 ლარი.