ავტორი:

"კარი ევროკავშირისკენ ღიაა, მაგრამ ამ კარში ჩამდგარია "ქართული ოცნება“ " - გიორგი ვაშაძე

"კარი ევროკავშირისკენ ღიაა, მაგრამ ამ კარში ჩამდგარია "ქართული ოცნება“ " - გიორგი ვაშაძე

კარი ევროკავშირისკენ ღიაა, მაგრამ ამ კარში ჩამდგარია "ქართული ოცნება“ - მათ მკაფიოდ უნდა დააფიქსირონ, რა გზას ირჩევენ, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, პრემიერ- მინისტრთან კონკრეტული კითხვები აქვთ და მისგან ცხად პასუხებს ელიან.

"ჩვენ ვდგავართ ისტორიული არჩევანის წინაშე, ან ძლიერი, დემოკრატიული საქართველო ევროპასთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად ან დამონებული, გაღატაკებული და ოლიგარქიული რეჟიმის საქართველო რუსეთთან ერთად. დღის მთავარი შეკითხვა არის, რა გზას ირჩევს "ქართული ოცნება“, ირჩევს გზას, რომელიც არის ქართველი ერის არჩევანი თუ ირჩევს გზას რუსეთისკენ, რომელიც მიგვაქანებს უკიდეგანო ჭაობისკენ და მონობისკენ. დღეს მოისმენთ კითხვებს, რატომ ხდება საბოტაჟი "ქართული ოცნების“ მხრიდან ევროატლანტიკური ინტეგრაციის და რატომ ხდება ისე, რომ ყველა ნაბიჯი, რაც მათ გადადგეს თებერვლის შემდგომ, ეწინააღმდეგება საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზას და მთავარი საკითხი, რასაც პრემიერმა უნდა გასცეს პასუხი, რა გზას ირჩევს ის თვითონ საკუთარ პოლიტიკურ ძალასთან ერთად. ყველა შეკითხვას უნდა გაეცეს მკაფიო პასუხი, პასუხის არ გაცემა, შეკითხვის გატარება ამ დუმილი მიჩნეულ იქნება, რომ "ქართული ოცნება“ ირჩევს გზას რუსეთისკენ.

კარი ევროკავშირისკენ ღიაა, მაგრამ ამ კარში ჩამდგარია "ქართული ოცნება“ და უნდა რომ შეგვატრიალოს რუსეთისკენ. ესაა რეალობა, ამიტომ ყველა რეზოლუციას, ყველა განცხადებას, როგორც სენატორმა შაჰინმა ბრძანა, პასუხი უნდა გასცეს ქართველმა ხალხმა. დღევანდელი დღეც ამას ეძღვნება. "ქართულმა ოცნებამ“ მკაფიოდ უნდა დააფიქსიროს, რა გზას ირჩევს“, - განაცხადა ვაშაძემ.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს დღეს პლენარულ სხდომაზე საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებასთან და ასევე “ქართული ოცნებისა“ და “ხალხის ძალის“ დეპუტატების მიერ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით მოუწევს საუბარი.

ირაკლი ღარიბაშვილი, ინტერპელაციის წესით, პარლამენტის ოპოზიციონერმა წევრებმა: გიორგი ვაშაძემ, პაატა მანჯგალაძემ, თეონა აქუბარდიამ, ხათუნა სამნიძემ, ტარიელ ნაკაიძემ, თამარ კორძაიამ, როსტომ ჩხეიძემ და ნატო ჩხეიძემ დაიბარეს.