ავტორი:

შვედი პროკურორის ინფორმაციით, "ჩრდილოეთის ნაკადის“ მილსადენებზე ინციდენტი დივერსიის შედეგი იყო და ნაპოვნია ასაფეთქებელი ნივთიერებების კვალი

შვედი პროკურორის ინფორმაციით, "ჩრდილოეთის ნაკადის“ მილსადენებზე ინციდენტი დივერსიის შედეგი იყო და ნაპოვნია ასაფეთქებელი ნივთიერებების კვალი

შვედმა პროკურორმა, რომელიც "ჩრდილოეთის ნაკადი 1“-სა და "ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მილსადენებზე მომხდარ დაზიანებებთან დაკავშირებულ გამოძიებას ხელმძღვანელობს, განაცხადა, რომ ინციდენტი დივერსიის შედეგი იყო და რომ ნაპოვნია ასაფეთქებელი ნივთიერებების კვალი.

"ჩატარებულმა ანალიზმა აჩვენა ასაფეთქებელი ნივთიერების კვალი რამდენიმე უცხო ობიექტზე, რომლებიც აღმოვაჩინეთ. უფრო ღრმა ანალიზის მიზნით სამუშაოები გრძელდება იმისთვის, რომ მოხდეს ინციდენტის შესახებ უფრო მყარი დასკვნების გამოტანა“, - აღნიშნულია განცხადებაში.

პროკურორის განმარტებით, წინასწარი გამოძიება ძალიან რთული და ყოვლისმომცველია და მუშაობა გრძელდება.

"გამოძიება არის უაღრესად კომპლექსური და ყოვლისმომცველი. მიმდინარე გამოძიება დაადგენს, შესაძლებელია თუ არა ეჭვმიტანილების იდენტიფიცირება," - აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, სექტემბრის ბოლოს "ჩრდილოეთის ნაკადი 1“ და "ჩრდილოეთის ნაკადი 2“ მილსადენები, რომლებიც რუსეთსა და გერმანიას ბალტიის ზღვის გავლით აკავშირებს, მნიშვნელოვნად დაზიანდა, რამაც ბალტიის ზღვაში, დანიისა და შვედეთის ტერიტორიულ წყლებში გაზის გაჟონვა გამოიწვია.