ავტორი:

"ვაშაძე არის მოღალატე, ხოშტარია რუსეთის ბიუჯეტიდან მილიონობით რუბლს იღებს, ზურაბ ჯაფარიძე კი, არ დავაკონკრეტებ, რას აჩვენებს რუსებს - სამარცხვინო ადამიანები არიან" - კობახიძე

"ვაშაძე არის მოღალატე, ხოშტარია რუსეთის ბიუჯეტიდან მილიონობით რუბლს იღებს, ზურაბ ჯაფარიძე კი, არ დავაკონკრეტებ, რას აჩვენებს რუსებს - სამარცხვინო ადამიანები არიან" - კობახიძე

მე მგონი, გიორგი ვაშაძე უფრო "ერთმაგი აგენტია“. "ორმაგი“ შეიძლება გარკვეული ინტერპრეტაცია იყო, - ამის შესახებ "ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, თუ რა იგულისხმება "ორმაგ აგენტში“, რაც პრემიერ-მინისტრმა "სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს, გიორგი ვაშაძეს უწოდა.

მისივე თქმით, გიორგი ვაშაძის მიერ დასმული კითხვის ფორმა და შინაარსი ძალიან მძიმე სანახავი იყო, თუმცა პრემიერმა "სათანადო, ძალიან ღირსეული პასუხი“ გასცა.

ამასთან, კობახიძის თქმით, პარლამენტში ზიზღის ენა სწორედ გიორგი ვაშაძის მხრიდან იყო გამოყენებული.

"ძალიან მძიმე სანახავი იყო კითხვის დასმის ფორმა, თვითონ კითხვის შინაარსი. იმაზე აღარაფერს ვამბობ, რომ კითხვა საპარლამენტო კომპეტენციებს ეხება და ამ კითხვის ადრესატი რატომღაც პრემიერია. აბსოლუტურად მიუღებელია ფორმა, შინაარსი, ყველაფერი, რაც თვითონ შეკითხვას უკავშირდებოდა, თუმცა მიუხედავად ამისა, პრემიერმა შეკითხვას სათანადო პასუხი, ძალიან ღირსეული პასუხი გასცა. შეკითხვა ეხებოდა 12 პუნქტის შესრულებას. კიდევ ერთხელ განუმარტა პრემიერმა კითხვის ავტორს, გიორგი ვაშაძეს, რომ ამ შეკითხვის ადრესატი არსებითად არის პარლამენტი და არა მთავრობა, ნუ ელემენტარული რაღაც ასწავლა.

რაც შეეხება თვითონ ზიზღის ენას - ეს იყო გამოყენებული თვითონ გიორგი ვაშაძის მხრიდან. ნახეთ, რა ლექსიკით საუბრობდა დღეს ის პარლამენტში. ეს არის აბსოლუტურად სამარცხვინო. როდესაც საუბარია 12 პუნქტზე, პირველი პუნქტი არის დეპოლარიზაცია და ამ დროს გიორგი ვაშაძე საქართველოს პარლამენტში ასეთი ლექსიკით და ტერმინოლოგიით გამოდის. ეს ბუნებრივია, მიუღებელია,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, "სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი მოღალატეა და ეს ყველამ კარგად იცის. კობახიძის განცხადებით, გიორგი ვაშაძე, ელენე ხოშტარია და ზურაბ გირჩი ჯაფარიძე სამარცხვინო ადამიანები არიან.

"რაც შეეხება მის თანაგუნდელებს, მაგალითად ერთ-ერთი არის ელენე ხოშტარია, რომელიც რუსეთის ოფიციალური ბიუჯეტიდან მილიონობით რუსულ რუბლს იღებს. ასევე არის ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, რომელიც არ დავაკონკრეტებ, რას აჩვენებს რუსებს. ნუ, რაც აჩვენეს 2008 წელს რუსებს, იგივეს აჩვენებს საზღვარზე. სამარცხვინო ხალხი არიან ეს ადამიანები და რეალურად, ეს აჩვენებს მთლიანად ამ "ტროიკის“ სახეს.

ვაშაძე არის მოღალატე, პირდაპირ შემიძლია გითხრათ. მისი თითოეული ნაბიჯი მოღალატეობრივია და ეს მთლიანად ომისა და ღალატის პარტიას ეხება, რომელსაც ერთადერთი მიზანი აქვს, რომ რამენაირად საქართველოში მეორე ფრონტი გაიხსნას. ამაზე მეტი ღალატი არ არსებობს. მე არ მგონია, რომ ამას ისინი დავალების გარეშე აკეთებენ,“ - განაცხადა კობახიძემ.