ავტორი:

სემეკმა გაზმომარაგების გაუმჯობესებისათვის განსახორციელებელი 265 მლნ ლარის ინვესტიცია შეითანხმა

სემეკმა გაზმომარაგების გაუმჯობესებისათვის განსახორციელებელი 265 მლნ ლარის ინვესტიცია შეითანხმა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი კომპანიების მიერ მომდევნო 5 წლის განმავლობაში განსახორციელებელი საინვესტიციო გეგმები შეითანხმა. ჯამში, კომპანიების მიერ 2023-2027 წლებში 265 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება. სემეკთან შეთანხმებული საინვესტიციო გეგმების მიზანია ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელების საიმედოობის, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება, ავარიული წყვეტების მინიმუმამდე დაყვანა, გაზმომარაგების უწყვეტი და უსაფრთხო მიწოდების უზრუნველყოფა.

ქ. თბილისის ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელის რეაბილიტაციისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით შპს „თბილისი ენერჯი“ 2023-2027 წლებში 35 535 479 მილიონის ლარის ინვესტიციას განახორციელებს. სემეკთან შეთანხმებული საინვესტიციო გეგმის ფარგლებში, კომპანია უზრუნველყოფს განაწილების ქსელის რეაბილიტაციასა და რეკონსტრუქციას ავარიების მინიმუმამდე დაყვანისა და გაზმომარაგების გაუმჯობესების მიზნით.

რეგიონებში გაზმომარაგების გაუმჯობესებისთვის შპს „სოკარ ჯორჯია გაზი“ 2023-2027 წლებში 111,860,279 ლარის ინვესტიციას განახორციელებს, სს „საქორგგაზი“ - 113,308,497 ლარის ინვესტიციას, ხოლო შპს „თელავგაზი“, რომელიც ოპერირებს ქ. თელავსა და თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებში - 3,723,052 ლარის ინვესტიციას განახორციელებს. კომპანიების მიერ წარმოდგენილი საინვესტიციო გეგმების შესაბამისად, განხორციელდება ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელის საიმედოობასთან და ეფექტიან ოპერირებასთან დაკავშირებული პროექტები.

შპს „ვარკეთილაირი“ 2023-2027 წლებში 1,039,261 ლარის ინვესტიციას განახორციელებს. სემეკთან შეთანხმებული საინვესტიციო გეგმის მიხედვით, კომპანია უზრუნველყოფს ექსპლოატაციის ვადაგასული მრიცხველების შეცვლას, ქსელის რეაბილიტაციასა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით სხვადასხვა პროექტების განხორციელებას. შპს „ვარკეთილაირი“ ოპერირებს ქ.თბილისში, ვარკეთილი 3-ის დასახლებაში.

შპს „ენერგოკავშირის“ მიერ, რომელიც ოპერირებს ქ. თბილისში, მუხიანის დასახლებასა და გლდანის რამდენიმე მიკრორაიონში, 2023-2027 წლებში განხორციელდება 521 000 ლარის არაქსელური ინვესტიცია. მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში კომპანია განახორციელებს მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებასთან დაკავშირებულ პროექტებს.

NS