ავტორი:

"ყველა მოგვატყუეს... არაფერი მაქვს დასამალი. ეს კრიმინალური ომია," - რას ჰყვება ომიდან გაქცეული რუსი სამხედრო, რომელიც ესპანეთში თავშესაფარს ითხოვს

"ყველა მოგვატყუეს... არაფერი მაქვს დასამალი. ეს კრიმინალური ომია," - რას ჰყვება ომიდან გაქცეული რუსი სამხედრო, რომელიც ესპანეთში თავშესაფარს ითხოვს

The guardian-ი აქვეყნებს ინტერვიუს იმ რუს სამხედროსთან, რომელიც უკრაინაში რუსულ ჯართან ერთად შეიჭრა. რუსეთის შეიარაღებული ძალების უკვე ყოფილმა წევრმა განაცხადა, რომ ომის წინააღმდეგია, ამიტომ გაიქცა და ახლა მადრიდში პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვს.

27 წლის ნიკიტა ჩიბრინი ამბობს, რომ ის 64-ე ბრიგადის წევრი იყო და 4 თვეზე მეტი გაატარა უკრაინაში. ამ ქვედანაყოფს, მარტში, კიევის რეგიონში სამხედრო დანაშაულების ჩადენა ედებოდა ბრალად.

"გარდიანთან" სატელეფონო საუბრისას ჩიბრინმა უარყო სამხედრო დანაშაულში მონაწილეობა და თქვა, რომ უკრაინაში ყოფნისას "ერთხელაც არ გაუსვრია იარაღიდან." მისივე თქმით, სურს საერთაშორისო სასამართლოში უკრაინაში ნანახის შესახებ მისცეს ჩვენება: "არაფერი მაქვს დასამალი. ეს კრიმინალური ომია, რომელიც რუსეთმა დაიწყო. ყველაფერი მინდა გავაკეთო, რომ ეს შეწყდეს",- ამბობს ჯარისკაცი.

ჩიბრინმა თქვა, რომ მეთაურებს უკრაინაში შეჭრის დღესვე განუცხადა, რომ ომის წინააღმდეგი იყო.

ჩიბრინი ამბობს, რომ მას შემდეგ ის თავისი არმიის მექანიკოსის პოზიციიდან მოხსნეს და ფიზიკური შრომის შესრულება დაავალეს: "დაპატიმრებით მემუქრებოდნენ. ბოლოს ჩემმა მეთაურებმა დამლაგებლად და მტვირთავად დამასაქმეს და ბრძოლის ველისგან მოშორებით გამიშვეს",- ამბობს სამხედრო.

ჩიბრინმა "გარდიანს" მიაწოდა ფოტოები, რომლებშიც ჩანს, რომ ის ნამდვილად 64-ე გვარდიის ბრიგადაში იმყოფებოდა. ჩიბრინი უკვე მეორე ცნობილი რუსი სამხედროა, რომელმაც ქვეყანა უკრაინაში შეჭრაში მონაწილეობის შემდეგ დატოვა. აგვისტოში, Guardian-მა ინტერვიუ პაველ ფილატიევთან ჩაწერა. ის ყოფილი რუსი დესანტია, რომელმაც ომის შესახებ მემუარები დაწერა და რუსეთი გააკრიტიკა.

ჩიბრინი ამბობს, რომ ის რუსეთის ჯარს 2021 წლის ზაფხულში შეუერთდა და არც კი ეგონა, რომ ომში მონაწილეობის მიღება მოუწევდა: "ყველა მოგვატყუეს", - დასძენს ის.

ჩიბრინის თქმით, შეჭრის შემდეგ პირველი თვე სოფელ ლიპივკაში გაატარა. ამ პერიოდში მის ბრიგადას სოფლის მახლობლად მდებარე - ბუჩასა და ანდრეევვკაში მშვიდობიანი მოქალაქეების დახოცვაში დაედო ბრალი. მას შემდეგ, რაც უკრაინელებმა ბუჩას ტრაგედიის შემოქმედად 64-ე ბრიგადა დაასახელეს, რუსეთის პრეზიდენტმა მათ "მცველთა" საპატიო წოდება მიანიჭა და "დიდი გმირობისა და გამბედაობისთვის" შეაქო.

როგორც დეზერტირი ჩიბრინი ყვება, ლიპივკაში ყოფნისას სროლას არ შესწრებია, მაგრამ აღიარა, რომ მისი დანაყოფი რეგულარულად ძარცვავდა უკრაინელების სახლებს: "ყველაფერი მოიპარეს, სარეცხი მანქანები, ელექტრო ტექნიკა, ყველაფერი".

ყოფილმა სამხედრომ ასევე დასძინა, რომ მის თანამებრძოლებს შორის გავრცელებული იყო ამბავი, რომ დანაყოფის წევრები სექსუალურ ძალადობასა და მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობაში მოანწილეობდნენ.

"ყველა ეძებდა გზას, რომ ჯარიდან წასვლის მიზეზი ეპოვა, მაგრამ მეთაურები დახვრეტით დაგვემუქრნენ",- იხსენებს ჩიბრინი. მისი თქმით, უკრაინიდან გაქცევა 16 ივნისს, სატვირთო მანქანაში დამალვით მოახერხა, რომელიც რუსეთში საკვების ტრანსპორტირებისთვის მიემართებოდა. გარკვეული დროის შემდეგ ის ადამიანის უფლებათა დაცვის ქსელს დაუკავშირდა, რომელიც რუსეთის დატოვებაში დაეხმარა.

მანამ, სანამ ხელისუფლება თავშესაფრის მოთხოვნას განიხილავს, ჩიბრინი ესპანეთის დედაქალაქის ლტოლვილთა დროებით თავშესაფარში იქნება.

წყარო: theguardian

მოამზადა: ანა სიბოშვილმა