ავტორი:

"დიქტატორი სისხლს ითხოვს, მაგრამ ამან არ უნდა შეგვაშინოს, ყველას ვერ დაგვხოცავენ" - როგორია ვითარება ირანში, სადაც საპროტესტო ტალღა არ წყდება

"დიქტატორი სისხლს ითხოვს, მაგრამ ამან არ უნდა შეგვაშინოს, ყველას ვერ დაგვხოცავენ" - როგორია ვითარება ირანში, სადაც საპროტესტო ტალღა არ წყდება

"სახალხო რევოლუცია ირანში გრძელდება", - ასეთი სათაურებით ეხმიანება დასავლური მედია ირანში მიმდინარე პროცესებს, რომელიც ორ თვეზე მეტია არ წყდება.

ადგილობრივი ხელისუფლება პროტესტის ჩასახშობად, ან შესასუსტებლად, აქციის ზოგიერთი მონაწილის სიკვდილით დასჯას განიხილავდა, მაგრამ ირანსა და მის ფარგლებს გარეთ დაწყებული ფართომასშტაბიანი ონლაინ კამპანიის შემდეგ, რომლის სახელწოდებაა, "არ დასაჯო სიკვდილით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება გადაიფიქრეს. ასე გადაურჩა სამი ახალგაზრდა სიკვდილით დასჯას.

  • Amnesty International-ის ცნობით, მიმდინარე მოვლენებისას, 300-ზე მეტი ადამიანი მოკლეს. პროტესტის ჩასახშობად ხელისუფლებამ გათიშა ინტერნეტი, თუმცა ამას მუხტი ვერ შეასუსტა და მთელი ქვეყნის მასშტაბით პროტესტის ახალ-ახალი კერა იქმნება.

"რადიო თავისუფლებასთან" საუბრისას ადგილობრივი მწერალი, მშვიდობის დარგში, ნობელის პრემიის ლაურეატი, უფლებადამცველი შირინ ებადი ამბობს, რომ "ეს სახალხო რევოლუციაა. ირანელმა ხალხმა ამ პროტესტით აჩვენა, რომ ხალხს არ უნდა ისლამური რესპუბლიკა. ამის სანაცვლოდ ირანელ ხალხს სურს დემოკრატიული და სეკულარული მმართველობა. ხოლო დღეს, ირანში გამოყენებული ლოზუნგის, "ქალი, სიცოცხლე, თავისუფლების“ რეალობად ქცევა, შეუძლია მხოლოდ სეკულარულ და არარელიგიურ მმართველობას."

რამდენიმე დღის წინ, ირანში დემონსტრანტებმა ისლამური რესპუბლიკის დამაარსებლის, აიათოლა ხომეინის საგვარეულო სახლ-მუზეუმი დაწვეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, ირანის ამჟამინდელი სულიერი ლიდერი, აითოლა ხომეინიც, სწორედ ამ სახლში დაიბადა, შემდეგ კი, მუზეუმად გადააკეთეს.

დემონსტრანტები აცხადებენ, რომ ირანის ხელისუფლება, სწორედ მისი (ირანის ისლამური რესპუბლიკის დამაარსებლის) შთაგონებით, არასდროს უსმენდა ხალხს, თავად კარნახობდა ცხოვრების წესებს და ამ ყველაფერმა ქვეყანა გაუგონარ დიქტატურამდე მიიყვანა. "როგორც იქნა, ხალხმა, ახალგაზრდობამ გამოიღვიძა, მათ ინტელექტუალები, საზოგადო მოღვაწეებიც დაუდგნენ გვერდით და დიქტატურის შეცვლა გადაწყვიტეს. გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, თუ როგორ უკრავს ხალხი ტაშს სახლში გაჩენილ ხანძარს. ეს კი ნიშნავს, რომ ირანის სასულიერო ლიდერების წინააღმდეგ მასობრივი პროტესტი იქამდე არ შეწყდება, ვიდრე პოლიტიკური ცვლილებები არ მოხდება", - ამბობენ დემონსტრანტები.

"ახლა გაჩერება არ შეიძლება. ხელისუფლება ძალიან შეშინებულია და საქმე ბოლომდე უნდა მივიყვანოთ. ეს უნდა დამთავრდეს. ახლა ირანში ახალი ქვეყანა იბადება, პროგრესული და ნათელი. დიქტატორი სისხლს ითხოვს, მაგრამ ამან არ უნდა შეგვაშინოს, ყველას ვერ დაგვხოცავენ", - წერს ერთ-ერთი ირანელი, აბდალაჰ ინამიდი.

"ჩვენი გოგონები ქუჩებში თავსაბურავის გარეშე გამოჩნდნენ, მათ აუდიტორიებსა და სკოლებში ბიჭებთან გამყოფი კორდონი გაარღვიეს. თავისუფლება, განვითარება და განათლება სურთ და არა უსუსრულო მონობა. ირანის ხელისუფლება, მხოლოდ ქვეყნის შიგნით კი არა, მის გარეთაც გარეთაც თესავს სიკვდილს, ახლა რუსეთთან შეთანხმდნენ დრონების ერთობლივ წარმოებაზე. ეს უნდა დასრულდეს, მაგრამ ჩვენ უნდა დავასრულოთ, თავისით არ დასრულდება.

აქტივისტები სოციალურ ქსელებში ერთმანეთს საშინელ ამბებს უზიარებენ. ადგილობრივ სამართალდამცავებს პირდაპირი ბრძანება აქვთ, არ დაინდონ ისინი და სიკვდილამდე მიიყვანონ. უამრავი ადამიანია დაკარგული, პატარა, დემონსტრანტი გოგონები და ბიჭები დაკარგულად ითვლებიან, მაგრამ ყველას ვერ დაგვხოცავენ", - წერს კიდევ ერთი მათგანი, სანჯერ ქუმანი.

ცნობისთვის, ირანში საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც "ჩადრის არასწორად ტარების" ბრალდებით პოლიციამ 22 წლის ქალი, მაჰსა ამინი დააკავა და სცემა. ქალი მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა.