ავტორი:

"აშშ-ი არის საქართველოს ყველაზე ძლიერი მხარდამჭერი ნატო-ში" - კელი დეგნანი

"აშშ-ი არის საქართველოს ყველაზე ძლიერი მხარდამჭერი ნატო-ში" - კელი დეგნანი

საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს ყველაზე ძლიერი მხარდამჭერია ნატო-ში. ამის შესახებ დიპლომატმა განცხადება ჟურნალისტის იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე გაკეთებულ ზოგიერთ კრიტიკულ განცხადებებს უკავშირდება, რომ საქართველოს მთავრობა ყველაფერს არ აკეთებს ნატო-სთან უფრო მეტად დასაახლოებლად.

"აშშ არის საქართველოს ყველაზე ძლიერი მხარდამჭერი ნატო-ში. ნატო-სთან საქართველოს შესაძლებლობებისა და ურთიერთთავსებადობის გაზრდის მიზნით, ჩვენ მრავალი წლის განმავლობაში საკმაოდ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და მთელ მთავრობასთან. ცხადია, უფრო მეტი უნდა გაკეთდეს და ეს აისახება ხოლმე ყოველწლიურ ეროვნულ გეგმაში, რომელსაც საქართველოს მთავრობა ნატო-სთან ყოველწლიური კონსულტაციის შედეგად ამზადებს“, - აღნიშნა შეერთებული შტატების ელჩმა.

დეგნანის თქმით, აშშ ყოველთვის ცდილობს მოიძიოს სხვადასხვა გზები საქართველოს თავდაცვის ძალებთან და თავდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობისთვის, რათა გაზარდოს საქართველოს შესაძლებლობები და თავსებადობა ალიანსთან.

"წვრთნები, რომელსაც საქართველო ნატო-სთან, აშშ-სთან და სხვა მოკავშირეებთან ერთად ახორციელებს, არის მნიშვნელოვანი ნაწილი, რისი მეშვეობითაც ჩვენ ყველა ვნახულობთ იმას თუ სად შეგვიძლია უფრო მეტის გაკეთება, რათა გავაუმჯობესოთ ჩვენი უნარი ერთობლივად ვუპასუხოთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და უსაფრთხოების დაცვას. აგრეთვე, საქართველოს საზღვრების დასაცავად, გავზარდოთ თავდაცვის ძალების უნარები“, - განაცხადა დიპლომატმა.

ამასთან, აშშ-ის ელჩმა ხაზი გაუსვა საქართველოს ლიდერებისთვის იმ შესაძლებლობის მნიშვნელობას, რომელიც ნატო-ს მოკავშირეებთან და ალიანსის ხელმძღვანელობასთან საუბარს გულისხმობს.

"ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არსებობს საქართველოს ლიდერებისთვის შესაძლებლობა, რომ ესაუბრონ ნატოელ მოკავშირეებს და ალიანსის ხელმძღვანელობას და ეძიოს გზები, საქართველოს ნატო-ს წევრობასთან დასაახლოებლად. ეს მოითხოვს მუშაობას საქართველოს მთავრობის მხრიდან, ასევე მოითხოვს განგრძობად მხარდაჭერას აშშ-სგან და ნატო-ს სხვა წევრი ქვეყნებისგან“, - დასძინა დეგნანმა.