ავტორი:

"ეს იყო ძლიერი და მნიშვნელოვანი ჟესტი" - ირანელმა ფეხბურთელებმა უარი თქვეს ეროვნული ჰიმნის შესრულებაზე - ირანში კი მატჩის ტრანსლაცია შეწყვიტეს

"ეს იყო ძლიერი და მნიშვნელოვანი ჟესტი" - ირანელმა ფეხბურთელებმა უარი თქვეს ეროვნული ჰიმნის შესრულებაზე - ირანში კი მატჩის ტრანსლაცია შეწყვიტეს

ირანის ეროვნულმა საფეხბურთო გუნდმა საკუთარი ქვეყნის ჰიმნი დღეს კატარში, მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში, ინგლისთან მატჩის წინ არ შეასრულა.ასე გამოხატეს მათ პროტესტი ირანშ არსებული რეჟიმის მიმართ და სოლიდარობა გამოუცხადეს ირანის მასშტაბით მიმდინარე ანტისამთავრობო დემონსტრანტებს.

ამ დროს გულშემატკივრები სკანდირებდნენ "Be-Sharaf", რაც სპარსულად "უსინდისოს" ნიშნავს და ამ სიტყვას დემონსტრანტები ირანის უსაფრთხოების ძალების წინააღმდეგ იყენებენ.

აღსანიშნავია, რომ თამაშის დაწყებამდე, ირანელთა კაპიტანმა ეჰსან ჰაჯსაფიმ პრესკონფერენციაზე ისაუბრა და თქვა, რომ ფეხბურთელები მხარს უჭერენ ანტისამთავრობო დემონსტრაციებს.

"ფეხბურთელები თავიანთი ძალის სასიკეთოდ გამოყენებას ცდილობენ, ეს იყო ძლიერი და ძალიან მნიშვნელოვანი ჟესტი", - ასე აფასებს ირანელ ფეხბურთელთა პროტესტს BBC Match of Day-ს წამყვანი, გარი ლინეკერი.

აღსანიშნავია, რომ ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ მატჩის პირდაპირი ტრანსლაცია შეწყვიტა.

ცნობისთვის, ირანში ორ თვეზე მეტია მასშტაბური საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ქვეყანაში გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც ჰიჯაბის ტარების წესების დარღვევისთვის მორალის პოლიციის მიერ დაკავებული 22 წლის მაჰსა ამინი გარდაიცვალა.