ავტორი:

ყველაზე უცნაური რამ 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე - რატომ ამატებებენ მსაჯები ტაიმებს 10 წუთზე მეტ დროს

ყველაზე უცნაური რამ 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე - რატომ ამატებებენ მსაჯები ტაიმებს 10 წუთზე მეტ დროს

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ყველაზე დიდი თავისებურება - მატჩების ხანგრძლივობაა. ყოველ ტაიმს უჩვეულოდ ბევრ დროს ამატებენ. ინგლისი - ირანის შეხვედრამ კი რეკორდი მოხსნა, პირველ ტაიმს 14, მეორეს კი -10 წუთი დაუმატეს, კიდევ 3 ვიდეო რეფერისა და ბოლო პენალტის გამო.

  • ჩატარებული თამაშების მთლიანი დრო ასეთია

კატარი - ეკვადორი - 100 წუთი და 18 წამი

ინგლისი - ირანი 117 წუთი და 16 წამი

სენეგალი - ნიდერლანდები - 102 წუთი და 49 წამი

აშშ - უელსის მეორე ტაიმის მსაჯებმა 9 წუთი დაამატეს და 10:34 წუთი ათამაშეს.

  • რატომ ხდება ასე?

მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატები ყოველთვის ექსპერიმენტების ჩასატარებელი სივრცეა. ფიფა მეორეხარისხოვან ტურნირებზე დიდხანს ტესტავს სხვადასხვა მაღალჩინოსნების ფანტაზიებს, რომელთა შორის "საუკეთესოებს" კი, როგორც ხედავთ, მსოფლიო ჩემპიოანატზეც იყენებს.

  • მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ჩვენ ვიხილეთ თამაშგარის აღმოჩენის ნახევრად ავტომატური სისტემა, რომელიც კატარი-ეკვადორის მატჩისას გამოიყენეს. FIFA-მ ასევე დაამატა სარეზერვო არბიტრი, რომელიც მკაცრად აკონტროლებს მოედანზე "დაკარგულ დროს."

მსოფლიო ჩემპიონატამდე ლეგენდარულმა მსაჯმა, პიერლუიჯი კოლინამ განაცხადა: "ჩვენ არ უნდა გაგვიკვირდეს, თუ ყოველი მატჩის ყოველ ტაიმზე 7, ან 8 დამატებით წუთს ვიხილავთ. ეს ნიშნავს, რომ ზუსტად ამდენი დრო დაიხარჯა ტყუილად.“

ლეგენდარულმა იტალიელმა თქვა, რომ დაკარგულ დროში აღირიცხება ის წამებიც, რომლებსაც ფეხბურთელები გოლების აღნიშნვნას მოახმარენ.

  • როგორც ზემოთ ვახსენეთ, ჩვენ ვხედავთ მატჩის ახალ პერსონაჟს - მეორე სათადარიგო არბიტრს, რომელიც მსაჯების ბრიგადის სრულუფლებიანი წევრია.

მისი მთავარი დავალება დროის კონტროლი და იმის განსაზღვრაა თუ რამდენი წუთი უნდა დაემატოს ტაიმს. თუ ადრე დროს ერთგვარად, პირობითი დათვლით ამატებდნენ, ახლა ყოველ წამს სიზუსტით აღრიცხავენ. ადრე ასეთი რეკომენდაცია იყო: პირობითად, ტრავმის მიღებისას დაკარგული დრო განისაზღვროს 1 წუთით, ფეხბურთელის ცვლილების დრო - 30 წამით და ა.შ.

ახალი არბიტრი აღრიცხავ გოლის აღნიშნვნისას, VAR-ის ყველა გადამოწმებისას, პენალტის დანიშვნისას დაკარგულ დროს, ყველა პაუზას, რომელიც მოსდევს ფეხბურთელთა ცვლილებას, მოედანზე კამათს, ბარათის ჩვენებას, ფეხბურთელის გაძევებას და ა.შ. საერთო ჯამში მიღებული წუთები კი ტაიმს ემატება.

ჯერჯერობით არ ითვლება ჯარიმებისა და კუთხურების, ასევე აუტის ჩაწოდების დრო, თუმცა არაა გამორიცხული, რომ მომავალში ესეც დაემატოს.

ინგლისი-ირანის მატჩის დროს დამატებული 14 წუთი საკმაოდ ბევრია, თუმცა ირანის მეკარის სამედიცინო დახმარება 9 წუთზე მეტხანს გაგრძელდა. ამას ემატება ცვლილება, ყვითელი ბარათი, და ინგლისელების 3 გატანილი გოლი. ახლა ყველაფერი თავის ადგილზე დგება.

  • ავტორი: ანრი კურტანიძე