ავტორი:

რა ფერის ხალია განსაკუთრებით საშიში და რა სახის ცვლილებას უნდა მივაქციოთ ყურადღება ? - დერმატოლოგ თამთა ბაკურაძის რჩევები

რა ფერის ხალია განსაკუთრებით საშიში და რა სახის ცვლილებას უნდა მივაქციოთ ყურადღება ? - დერმატოლოგ თამთა ბაკურაძის რჩევები

ხალი იგივე ნევუსი არის პიგმენტური წარმონაქმნი, რომელიც წარმოიქმნება მელანოციტების შეჯგუფების შედეგად. მელანოციტები წარმოადგენენ უჯრედებს, რომლებიც კანის ფერს ქმნიან და მონაწილეობენ კანის ულტრაიისფერი სხივისგან დამცავ ფუნქციაში.

ხალი ადამიანს დაბადებიდან იშვიათად აქვს, თუმცა პრაქტიკაში არსებობს თანდაყოლილი ხალიც. მათი წარმოქმნა დაკავშირებულია მელანოციტების აქტიურობასთან. რაც მეტად აქტიურები არიან ისინი და მათი ფუნქციაც მეტად გამოხატულია, მით უფრო ინტენსიურია ხალების ფორმაციის პროცესი. ასაკის მატება, ულტრაიისფერი სხივების ჭარბი მიღება, სხვადასხვა ტიპის მექანიკური დაზიანება მათი წარმოქმნისა და ზრდის პროვოცირებას ახდენს.

ხალებზე უფრო დეტალურად „თოდუას კლინიკის“ დერმატოლოგი თამთა ბაკურაძე გვესაუბრება.

რა შემთხვევაშია ხალი საშიში?

ხშირ შემთხვევაში, ხალი კეთილთვისებიანი წარმონაქმნია, რომელსაც მეთვალყურეობა და მონიტორინგი სჭირდება. როგორც წესი, ასაკის მატებასთან ერთად შესაძლებელია ხალმა სხვადასხვა სახის ცვლილება განიცადოს,შეიცვალოს ფერი,კონსისტენცია,გაიზარდოს ზომაში,ეს ბუნებრივი პროცესია, თუმცა, თუ განსაკუთრებით სწრაფ ცვლილებას შენიშნავთ, აუცილებლად უნდა მიმართოთ შესაბამის სპეციალისტს. ჩივილები, რის დროსაც ექიმს უნდა მიმართოთ, შემდეგია: ხალი განსაკუთრებულად გაღიავდა ან გამუქდა, მნიშვნელოვნად მოიმატა ზომაში ან კანის ზედაპირიდან წამოიწია, გახდა ჰიპერემიული, სისხლმდენი ან შეშუპდა.

როგორც ახსენეთ, მნიშვნელოვანია ხალების მონიტორინგი. როგორ უნდა ვაწარმოოთ ეს პროცესი?

პირველ რიგში უნდა გვახსოვდეს, რომ აუცილებელია ხალების დაცვა ულტრაიისფერი გამოსხივებისგან, წელიწადის ნებისმიერ დროს, განსაკუთრებით სხეულის ღია უბნებზე. მუდმივად უნდა გამოვიყენოთ მზისგან დამცავი სხვადასხვა საშუალება, რომ დავიცვათ ხალები ულტრაიისფერი სხივების მავნე ზემოქმედებისგან. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ადამიანები პერიოდულად საკუთარი სხეულის გულდასმით დათვალიერებას და ხალების მდგომარეობის შეფასებას ახდენდნენ. თუმცა ეს საკმარისი არაა. წამყვანი კლინიკები, მათ შორის, „თოდუას კლინიკაც“, პაციენტებს ხალების მონიტორინგის პროგრამას სთავაზობენ. არსებობს მაღალტექნოლოგიური აპარატები,რომლებიც გვაძლევენ დერმოსკოპიის საშუალებას როგორც ლოკალურად, ასევე სრული სხეულის სკანირების. პერიოდულად, კონკრეტული ჩივილებიდან გამომდინარე, ექიმი იბარებს პაციენტს მონიტორინგზე, რასაც აღნიშნული აპარატის საშუალებით ახორციელებს. რაიმე სახის ცვლილებების დაფიქსირების შემთხვევაში, შესაბამისი კვლევები ინიშნება.

გაღიზიანებული, სისხლმდენი ხალი ავტომატურად გართულებული მდგომარეობის მანიშნებელია?

არა, ეს არასწორი მიდგომაა. შეიძლება მოვიდეს პაციენტი სისხლმდენი ხალით, რომელიც ზომაში მომატებულია, მეორადი ინფექციის ნიშნებიც გამოხატულია, თუმცა შესაბამისი კვლევებით დადასტურდეს, რომ ის სიმსივნური წარმონაქმნი არაა. მეორე მხრივ, სრულიად მშვიდი და უწყინარი ხალი, რომელიც არ იზრდება და არც განსაკუთრებულ ცვლილებებს განიცდის, შეიძლება იყოს სიმსივნური. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ხალების მუდმივი მონიტორინგი ხდებოდეს.

სხვადასხვა ფერის ხალები არსებობს. რომელი მათგანია განსაკუთრებით საყურადღებო?

დიახ, ხალი ანუ ნევუსი არსებობს მათ შეფერილობა შეიძლება იყოს ღია ყავისფრიდან მუქ შავ შეფერილობამდე, ასევე შეიძლება იყოს ლურჯიც. ყველა მათგანი საყურადღებოა და ფერის მიხედვით გართულებების რისკი არ განისაზღვრება.

თუმცა აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ რაც მეტად მუქია ხალი, მასში განსაკუთრებით ბევრი აქტიური მელანოციტია თავმოყრილი.

ლაზერულმა ეპილაციამ შეიძლება თუ არა ხალის გაღიზიანება გამოიწვიოს?

არანაირი ლაზერული ეპილაციის აპარატის ხალზე გადატარება არ შეიძლება. თუ ხალის აპარატის თავაკისგან დაცვას ვერ ვახერხებთ, მასზე სპეციალისტმა აუცილებლად უნდა

წაგისვათ სპეციალური თეთრი ფანქარი, რომელიც დაიცავს ხალს დაწვისა და გაღიზიანებისგან.

როგორ უნდა მოვიშოროთ ხალზე ამოსული თმა?

ხალზე ამოსული თმის მოშორება არ შეიძლება. მაქსიმალურად უნდა მოვერიდოთ ხალზე ნებისმიერი სახის მექანიკურ ზემოქმედებას,თუ მაინც და მაინც ძალიან გაწუხებთ, ისე უნდა მოხდეს თმის დამოკლება, რომ თავად ხალი არ დაზიანდეს. სხვა გზით მოშორებამ შეიძლება გამოიწვიოს მის გაღიზიანება და ანთებითი ცვლილებები.