ავტორი:

ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობაში ბრალდებული დეტექტივის საქმის პროკურორის თქმით, არანაირი კანონისმიერი საფუძველი არ არსებობდა, ბრალდებულს იარაღის გამოყენებით დაეკავებინა პირი

ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობაში ბრალდებული დეტექტივის საქმის პროკურორის თქმით, არანაირი კანონისმიერი საფუძველი არ არსებობდა, ბრალდებულს იარაღის გამოყენებით დაეკავებინა პირი

ბრალდებული დეტექტივის, ერიკ წურწუმიას საქმის პროკურორის, ლევან ქუთათელაძის განცხადებით, არანაირი კანონისმიერი საფუძველი არ არსებობდა, ბრალდებულს იარაღი გამოეყენებინა და მისი მეშვეობით დაეკავებინა პირი.

როგორც პროკურორი აღნიშნავს, "პოლიციის შესახებ საქართველოს კანონი“ მკაცრად განსაზღვრავს, თუ რა შემთხვევაში შეუძლია პოლიციელს იარაღის გამოყენება.

"მიუხედავად დაცვის მხარის დღევანდელი დასკვნითი სიტყვისა, მტკიცებულებები ადასტურებს, რომ ბრალდებულმა უფლებამოსილების გადამეტება ჩაიდინა იარაღის გამოყენებით და გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობა.

ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად შემიძლია გითხარათ, "პოლიციის შესახებ საქართველოს კანონი“ მოიცავს ყველა იმ შემთხვევას, როცა პოლიციის თანამშრომელს შეუძლია გამოიყენოს ცეცხლსასროლი იარაღი, არც ერთი ეს საფუძველი, რასაც ზემოთ აღნიშნული ეს კანონი ასახავს, სახეზე არ ყოფილა. სახეზე არც საფუძველი ყოფილა, მას ცეცხლსასროლი იარაღი გამოეყენებინა და უშუალოდ, ცეცხლსასროლი იარაღის ხელში ჭერის დროს, პირის შებოჭვა დაეწყო. შესაბამისად, ბრალდების შესახებ დადგენილებაში ამ ფაქტობრივ გარემოებებზეა აქცენტი გაკეთებული და მტკიცებულებებიც ამას ადასტურებს, რომ არანაირი კანონისმიერი საფუძველი არ არსებობდა, მას იარაღი გამოეყენებინა და ცეცხლსასროლი იარაღის მეშვეობით მოეხდინა შესაძლო ბრალდებული პირის დაკავება“, - განაცხადა ქუთათელაძემ.

ცნობისთვის, 18 აპრილს, წყნეთში, ლადო გუდიაშვილის ქუჩაზე, ძველი თბილისის მე-4 სამმართველოს დეტექტივის, ერიკ წურწუმიას მიერ გასროლილ ტყვიას 30 წლის ზურა გველესიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

გამოძიების ინფორმაციით, ერიკ წურწუმიას ნარკოტიკული საშუალების შესაძლო უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტთან დაკავშირებით შემთხვევის ადგილზე გამოცხადებისას, ზურა გველესიანის დაკავების ღონისძიების განხორციელების დროს, შემთხვევით გაუვარდა სამსახურებრივი იარაღი, რის შედეგადაც გველესიანი გარდაიცვალა.

წურწუმიას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე და 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ერიკ წურწუმიას 5-დან 8-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.