ავტორი:

"მინდა ძლიერად ჩაგეხუტო..." - რა მოხდა ნიდერლანდების პრეს-კონფერენციაზე: ასეთი სენტიმენტალური ლუის ვან გაალი საჯაროდ არავის უნახავს (ვიდეო)

"მინდა ძლიერად ჩაგეხუტო..." - რა მოხდა ნიდერლანდების პრეს-კონფერენციაზე: ასეთი სენტიმენტალური ლუის ვან გაალი საჯაროდ არავის უნახავს (ვიდეო)

დღეს A ჯგუფის გუნდები ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. მათ შორის გაიმართება ჯგუფის ლიდერების, ნიდერლანდებისა და ეკვადორის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა. მატჩის წინა პრეს-კონფერენცია იშვიათად თბილი და პოზიტიური აღმოჩნდა.

მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრა იმდენად თბილი გამოდგა, რომ ნიდერლანდების მუდმივად მკაცრი და ცივსახიანი მთავარი მწვრთნელი, ლუის ვან გაალი, ჟურნალისტთან ჩახუტების ინიციატორი გახდა.

ერთ-ერთ მომენტში, ჟურნალისტმა ჰოლანდიელ სპეციალისტს მიმართა.

"მე ახალგაზრდა ჟურნალისტი ვარ, რომელიც ახლა იწყებს კარიერას. თქვენთან შეკითხვა არ მაქვს, ეს უბრალოდ შესაძლებლობაა, რომ გითხრათ, სამი წლიდან თქვენი გულშემატკივარი ვარ“.

ამ მიმართვით, ვან გაალი აღფრთოვანდა:

"მინდა ძლიერად ჩაგეხუტო. იმიტომ რომ ძალიან მსიამოვნებს, რაც მითხარი. სერიოზულად გეუბნები. ასეთი რაღაც ხშირად არ ხდება. ასე რომ აუცილებლად უნდა ჩაგეხუტო".

ვან გაალმა სიტყვა შეასრულა და როგორც კი პრეს-კონფერენცია დასრულდა ჟურნალისტს ჩაეხუტა. თბილი მუხტი დანარჩენებსაც მოედოთ და სპეციალისტთან სურათის გადაღების მსურველებმა იმატეს. მიუხედავად იმისა, რომ ფიფას წარმომადგენლები აჩქარებდნენ მედიის წევრებს, მწვრთნელმა სანამ ყველა მსურველთან არ გადაიღო სურათი, მანამდე არ წავიდა.

ცნობისთვის, ნიდერლანდებისა და ეკვადორის შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება.

მოამზადა ანრი კურტანიძემ