ავტორი:

უკრაინის, პოლონეთის და ლიეტუვის პრემიერ-მინისტრებმა ერთობლივ განცხადებას მოაწერეს ხელი

უკრაინის, პოლონეთის და ლიეტუვის პრემიერ-მინისტრებმა ერთობლივ განცხადებას მოაწერეს ხელი

უკრაინის, პოლონეთისა და ლიეტუვის პრემიერ-მინისტრებმა ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების პროცესის გააქტიურების, უკრაინის დახმარების გაძლიერებისა და უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების მხარდაჭერის შესახებ, - ინფორმაციას უკრაინული მედია პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალზე დაყრდნობით ავრცელებს.

„მოხარული ვარ, რომ მივესალმო დღეს კიევში ლიეტუვისა და პოლონეთის მთავრობების მეთაურებს, ინგრიდა სიმონიტეს და მატეუშ მორავიეცკის. ლუბლინის სამკუთხედის ფორმატში განვიხილეთ აქტუალური საკითხები და გამოწვევები და ასევე ხელი მოვაწერეთ ერთობლივ განცხადებას, რომელშიც რიგ პოზიციებზე შევთანხმდით“, - წერს შმიგალი „ტელეგრამზე“.

განცხადებაში ასევე ხაზგასმულია უკრაინის სამხედრო, ფინანსური და ჰუმანიტარული დახმარების შემდგომი გაძლიერების მნიშვნელობა, დადასტურებულია უკრაინის რეკონსტრუქციაში მონაწილეობის მზაობა და გამოხატულია მხარდაჭერა, დაიწყოს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები წევრობის განაცხადთან დაკავშირებით რეკომენდაციების შესრულების შესახებ ევროკომისიის მიერ დადებითი შეფასების მიღებისთანავე.

განცხადებას ხელი კიევში, ლუბლინის სამკუთხედის ფარგლებში გამართული შეხვედრის შემდეგ მოეწერა. ლუბლინის სამკუთხედი არის დიპლომატიური ინიციატივა, რომელიც აერთიანებს უკრაინას, ლიეტუვასა და პოლონეთს. ამ ალიანსის შექმნის შესახებ დეკლარაციას ხელი მოაწერეს მონაწილე ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ლუბლინში, პოლონეთში, 2020 წლის 28 ივლისს.