ავტორი:

კადიროვის ვაჟის 1,5 მილიონ დოლარიანი საათი და ძვირადღირებული ჩაცმულობა - რას წერენ ჩეჩნეთის ლიდერის შვილებსა და მათ მდიდრულ ცხოვრებაზე?

კადიროვის ვაჟის 1,5 მილიონ დოლარიანი საათი და ძვირადღირებული ჩაცმულობა - რას წერენ ჩეჩნეთის ლიდერის შვილებსა და მათ მდიდრულ ცხოვრებაზე?

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის გუნდი წერს, რომ ჩეჩნეთის ხელმძღვანელის რამზან კადიროვის 15 წლის ვაჟი, ადამ კადიროვი 85 მილიონი რუბლის ღირებულების საათი ატარებს.

ერთი თვის წინ, MMA-ის მებრძოლმა აბდურაჰმან დუდაევმა საკუთარ ინსტაგრამზე გამოქვეყნა ფოტო. სურათი გადაღებულია 23 ოქტომბერს, სავარაუდოდ არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში, ხუთვარსკვლავიან სასტუმრო Raffles The Palm Dubai-ში. სპორტსმენი კადიროვის ერთ-ერთ ვაჟთან ერთად არის გადაღებული. ბიჭს მაჯაზე Audemars Piguet მოდელის საათი უკეთია, რომლის ღირებულება თითქმის $1,5 მილიონი დოლარია. ადამ კადიროვი ატარებს Louis Vuitton-ის ჩანთას, რომლის ღირებულებაც 2800 დოლარია და Burberry-ის მაისურს, რომელიც 500 დოლარი ღირს.

რამზან კადიროვმა "ტელეგრამის" თავის არხზე გამოაქვეყნა ადამ კადიროვის 15 წლის იუბილეზე გადაღებული ვიდეო, რომელიც ჩეჩნეთის მუფთმა სალახ-ხაჯი მეჟიევი ჩაატარა და ბიჭს ქუდი და ძვირადღირებული ხმალი გადასცეს.

ოპოზიციური ტელეგრამის არხის Niiso-ს ცნობით, ადამ კადიროვის დაბადების დღის აღნიშვნას ესწრებოდნენ ამერიკელი UFC-ის მებრძოლები კამარუ უსმანი, ჯასტინ გეიჯი და ჰენრი სეჯუდო, რომლებიც სპეციალურად ჩეჩნეთში გაფრინდნენ.

აპრილში ნავალნის გუნდმა გამოაქვეყნა ფილმი ჩეჩნეთის ხელმძღვანელის რამზან კადიროვის საათების კოლექციაზე, რომელთა საერთო ღირებულება დაახლოებით 8 მილიონი დოლარია. კოლექციის ყველაზე ძვირადღირებული საათი, Franck Muller Aeternitas Mega ბრენდის 3 მილიონი დოლარი ღირს.

როგორც ჩანს, მამის მსგავსად, ადამიც გატაცებულია საათებით. Kavkaz.Real-ის ინფორმაციით ოჯახურ ფოტოებში ჩეჩენი პოლიტიკოსის ვაჟს Richard Mille-ის ბრენდის საათი უკეთია, რომლის ღირებულებაც ნახევარი მილიონი დოლარია.

რამზან კადიროვი დუბაიში ელიტარულ ვილას ფლობს, რომელიც კუნძულზე მდებარეობს და მის ირგვლივ მდებარე ვილების გაქირავების საშუალო ფასი დღეში დაახლოებით სამი ათასი დოლარია.

მედია წერს, რომ ჩეჩენი მაღალჩინოსნები საჯაროდ ადიდებენ რამზან კადიროვის შვილებს, რომლებიც ჯერ კიდევ მცირეწლოვან ასაკში ქვეყანაში მაღალ თანამდებობებს იკავებენ. ოქტომბერში ჩეჩნეთის მეთაურის ვაჟები, 16 წლის ახმატი, 15 წლის ადამინი და 14 წლის ელი დასთან, რესპუბლიკის კულტურის 23 წლის მინისტრთან აიშატ კადიროვასთან ერთად, თვითგამოცხადებული "დნრ"-ის ტერიტორიას ეწვივნენ. ეს მოგზაურობა დეტალურად გაშუქდა რამზან კადიროვის ტელეგრამის არხში - ის ამტკიცებს, რომ მისი არასრულწლოვანი ვაჟები მონაწილეობდნენ რეალურ საომარ მოქმედებებში.