ავტორი:

"მერაბიშვილს თავმჯდომარის კანდიდატობაზე ხატია დეკანოიძემ უარი უთხრა, არ გამოვრიცხავ, ბოლო კოზირად ვანომ საკუთარი კანდიდატურა დაასახელოს" - რას ჰყვება წყარო "ნაცმოძრაობიდან"?

"მერაბიშვილს თავმჯდომარის კანდიდატობაზე ხატია დეკანოიძემ უარი უთხრა, არ გამოვრიცხავ, ბოლო კოზირად ვანომ საკუთარი კანდიდატურა დაასახელოს" - რას ჰყვება წყარო "ნაცმოძრაობიდან"?

დღეს ნიკა მელიამ სოციალურ ქსელში ახალი სკანდალური განცხადება გააკეთა. პარტიის ლიდერი პირდაპირ ამბობს, რომ კულისებიდან არაფორმალური ჩარევები კომპრომატებით ომში გადაიზარდა, მასთან დაპირისპირების გამო კი "ნაციონალური მოძრაობა“ აცდა მთავარ ხაზს - იბრძოლოს მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებისთვის. ნიკა მელია წერილში აქცენტს არაფორმალურ გავლენებზე აკეთებს, თუმცა მერაბიშვილ-კეზერაშვილის გვარებს არ ახსენებს. კულისებიდან მართულ პროცესებზე პარტიის ლიდერი მას შემდეგ ალაპარაკდა, რაც დადასტურდა, რომ პარტიის თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატი, შესაძლოა, ზურაბ ჭიაბერაშვილი იყოს.

ზურაბ ჭიაბერაშვილი, ხაბეიშვილის მსგავსად, "ნაციონალურ მოძრაობაში“ კეზერაშვილ-მერაბიშვილის მორიგ პროექტად განიხილება. ნიკა მელია ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ წინასწარ დაწყებული გაურკვეველი საარჩევნო კამპანიები და ბრძოლის მეთოდები, რომლებიც მისმა ოპონენტებმა შეარჩიეს, არის ბინძური და სამარცხვინო.

როგორც მელიას, ასევე ხაბეიშვილის მომხრეებისთვის გაუგებარია, რატომ გადაწყვიტა "ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ყოფილმა ლიდერმა თავმჯდომარეობისთვის ბრძოლა. ჭიაბერაშვილმა თუ მართლა დააყენა თავისი კანდიდატურა, ლევან ხაბეიშვილის მხარდამჭერები გამორიცხავენ, რომ ლევანმა ჩახსნას თავისი კანდიდატურა. ამბობენ იმასაც, რომ მას შანსი არ ექნება პარტიაში მის კანდიდატურას მხარი დაუჭირონ. ნიკა მელიას მხარდამჭერებიც ირწმუნებიან, რომ არც მოქმედი თავმჯდომარე აპირებს ბრძოლის ველიდან გასვლას.

ჭიაბერაშვილის კანდიდატურას პარტიაში ცოტა არ იყოს, გაკვირვებულები შეხვდნენ.

"ზოგიერთმა თავისი პარტია ჩამოაყალიბა, ამ პროექტმა არ გაამართლა და ახლა რა გამოდის? - გავიდნენ "ნაციონალური მოძრაობიდან“, დააზიანეს პარტია, ყველამ კარგად იცის, რომ მიხეილ სააკაშვილის გაჩოჩება უნდოდათ, ჩაფლავდა პროექტი და ახლა გინდა, შენს ძველ ოჯახს დაუბრუნდე და თან თავმჯდომარე გახდე“? - კითხულობს გია ბარამიძე.

ახლა ენმ-ში იმაზე მსჯელობენ, რა ფორმით ჩატარდება არჩევნები ოპოზიციურ პარტიაში და მიიღებს თუ არა საერთოდ მონაწილეობას არჩევნებში ზურაბ ჭიაბერაშვილი, რომელსაც, როგორც ირკვევა, ამ დროისთვის პოლიტსაბჭოდან მხარს არავინ უჭერს.

ჩვენი წყარო "ნაციონალური მოძრაობიდან“ გვეუბნება, რომ, მერაბიშვილ-კეზერაშვილს არ აქვთ ხაბეიშვილის გამარჯვების იმედი და შედარებით რესპექტაბელური კანდიდატურა "გამოაგორეს“, ნიადაგს სინჯავენ და არ არის გამორიცხული, მერაბიშვილს ბოლო კოზირი ჰქონდეს შემონახული.

"ჭიაბერაშვილი თავს კანდიდატად ვერ დაასახელებს და ეს იმიტომ, რომ პარტიის დებულებაში წერია, რომ ბოლო 10 წელი უნდა იყო პარტიის წევრი, თავმჯდომარეობაზე რომ გქონდეს პრეტენზია. ჭიაბერაშვილი კი 2016 წელს "ევროპულ საქართველოში“ გადავიდა (ჩათვალეს რა, რომ შუაშისტურ ელექტორატს წაიყვანდნენ). ეს გაყოფა გიგა ბოკერიას "დამსახურებაა“. მიშამ ბოლოს კი თქვა, ცუდი რაც ხდებოდა, ეს ბოკერიას ბრალი იყოო... ნიკა მელიას თუ ვინმეს შეუძლია მოუგოს, ხატია დეკანოიძეა, შიდაელექტორალური განწყობითაც ასე სჩანს. როგორც ჩანს, მერაბიშვილმა ხატია ვერ დაითანხმა ამაზე (ხატიას რომ სდომოდა, თავიდანვე დააყენებდა კანდიდატურას). ის აკადემიური, კარგი წარსულის და პრინციპული ადამიანია და თუ კი ენმ-ში ვინმე შეიძლებოდა მელიას ალტერნატივა ყოფილიყო, არის ხატია დეკანოიძე. გახსოვთ, გითხარით, ვიღაცეებს კიდევ გამოაგორებენ-მეთქი... ვინაიდან ხაბეიშვილს არ აქვს მოგების დიდი შანსი, ახლა მასზე რესპექტაბელური ჭიაბერაშვილი "გამოაგორეს“, მაგრამ ეტყობა, პარტიის დებულებაში არ ჩაუხედავთ. სავარაუდოდ, ჯერ ნიადაგს სინჯავენ, ასეა პოლიტიკაში. პოლიტსაბჭო თავის თავის საწინააღმდეგოდ დებულებას ხომ ვერ შეცვლის? რაც ენმ-ში ხდება, ეს ბუნებრივი პროცესია, ამხელა ორგანიზაციაა და ამდენი ამომრჩეველი ჰყავს. ბუნებრივია, აქ არის ინტერესთა ჯგუფები, რომელთაც თავისი მიზნები და გეგმები აქვთ. ამ მხრივ ჯანსაღი პროცესია, ცუდი რაც არის, ისაა, რომ ყველაფერი კულუარების წესებით იმართება.

ვანოს უთხრეს, გამოდი და თვითონ თქვი ყველაფერიო. ერთადერთი, რა ნაბიჯიც მან შეიძლება გადადგას ისაა, რომ თვითონ გამოვიდეს და თავისი კანდიდატურა დააყენოს. ეს იქნება მისი ბოლო კოზირი. თან ვანო არც "ევროპულ საქართველოში“ წასულა, სულ პარტიის წევრი იყო. ის თუ რაციონალურად ფიქრობს და რაღაც აქვს ჩაფიქრებული, თუ თავმჯდომარეობა უნდა, რადგან ხატია უარს ამბობს, ერთადერთი შანსია, საკუთარი კანდიდატურა წამოსწიოს. აბა, სხვა ვინღა? ხაბეიშვილს და ჭიაბერაშვილს არ აქვთ შანსები, ვარშალომიძეა და, აჭარის გარდა ელექტორატი დიდად არ ჰყავს. მერაბიშვილს ყველა დასახელებულ კანდიდატურაზე დიდი შანსები კი აქვს. არ დაგავიწყდეთ, ვანოს სისტემაში ვინც იყვნენ ის ბიჭები, პარტიულ სტრუქტურაშიც არიან და ყველა მის მხარესაა (ის ხალხი სამსახურებიდან გამორეკეს და პარტიულ სტრუქტურაში გადმოვიდნენ). ძალიან ეშმაკია ვანო, ის ბოლომდე ეცდება, არ გამოჩნდეს, შესაძლოა, ბოლო კოზირად მისი კანდიდატურა აქვს შემონახული. იცით რატომ ეცდებოდა ბოლომდე არგამოჩენას? ის საჯარო ტიპი ვერ არის და მიშას იმ სიტყვებს - "წავიდეს ოჯახში, იმოგზაუროს და დაისვენოსო", ანუ პოლიტიკიდან წავიდესო, მას ყოველთვის ააფარებდნენ ცხვირ-პირზე.

ჭიაბერაშვილზე რომ გაიგეს პარტიაში, ისიც თქვეს, თუ ასეა, უგულავა მაინც დაგესახელებინათ, რიხი მაინც აქვსო, მაგრამ მასაც ის პრობლემა აქვს, რაც ჭიაბერაშვილს - გავიდა პარტიიდან. ნიკა არავითარ შემთხვევაში არ მოხსნის კანდიდატურას. ეს მიშისტი ქალები გაჰკივიან, რატო მიშა არ გაათავისუფლაო. მიშა აშშ-ს ელჩმა და უკრაინამ ვერ გამოიხსნა და მელია როგორ გაათავისუფლებდა? უკრაინა ამხელა ქვეყანაა, ომში ყინჩად იბრძვის, მისი მოქალაქეა სააკაშვილი და ის ვერაფერს აკეთებს და მელია რანაირად გააკეთებს? მელიას წინააღმდეგ ბიძინას კანდიდატურა რომ გამოჩნდეს, ეს შტერი ქალები იმასაც მიემხრობიან. მათ ჰგონიათ, მელიას ჯადოსნური ჯოხი უკავია, დაარტამს და ხალხს შეკრებს, დაარტყამს - აქციას დაშლის. ასე სად არის? არაა ქვეყანაში ეს რევოლუციური განწყობა და არ ესმით. ვისაც რაციონალური ჭკუა აქვს, ყველა ნიკას მხარესაა.

ვანო და კეზერა, თავისთავად, ერთნი არიან, მათი ინტერესები დაემთხვა. ახლა ისღა დაგვრჩენია, ველოდოთ ვანოს გამოჩენას, ერთადერთი, ამით თუ მოახდენს ეფექტს.

რაც შეეხება პარტიას, ენმ-ს დაშლაზე კი ოცნებობენ, მაგრამ ეს გამორიცხულია. თავის დროზე, როცა ენმ-დან "ევროპული საქართველო“, ამხელა ბირთვი გავიდა - 25 დეპუტატი, დაიშალა პარტია? ისინი წავიდნენ და დაჯდნენ 1%-იანი რეიტინგით. ამომრჩეველი არ წაჰყვა, "ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველი რჩება მის ამომრჩევლად. შეიძლება ვიღაცეები გავიდნენ პარტიიდან, მაგრამ ამომრჩეველზე ეს არ მოქმედებს. არც იმას გამოვრიცხავ, ეს ბიძინა-ვანო-კეზერას ერთობლივი პროექტი იყოს... არავინ იცის, სად რა გადალაგდება, ამას მოვლენებით შეიძლება მივხვდეთ. ყოველ შემთხვევაში, პარტიაში მიმდინარე პროცესი რომ ბიძინას წისქვილზე ასხამს წყალს, ეს ფაქტია“, - გვეუბნება სანდო წყარო.