ავტორი:

"ირანის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრების ოჯახებს პატიმრობითა და წამებით დაემუქრნენ" - BBC

"ირანის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრების ოჯახებს პატიმრობითა და წამებით დაემუქრნენ" - BBC

ირანის მსოფლიო ჩემპიონატის საფეხბურთო ნაკრების წევრების ოჯახებს პატიმრობითა და წამებით დაემუქრნენ, თუ ფეხბურთელები მსოფლიო ჩემპიონატზე, აშშ-სთან მატჩის წინ "არასათანადოდ მოიქცევიან“, - ინფორმაციას BBC-ი თამაშების უსაფრთხოებაში ჩართულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროს ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც 21 ნოემბერს, ირანელმა ფეხბურთლებმა უარი თქვეს ეროვნული ჰიმნის შესრულებაზე ინგლისის წინააღმდეგ მატჩის წინ, ისინი ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის წევრებთან შეხვედრაზე დაიბარეს და უთხრეს, რომ მათ ოჯახებს "ძალადობა და წამება“ ემუქრებათ, თუ ეროვნულ ჰიმნს არ შეასრულებენ, ან თეირანის რეჟიმის წინააღმდეგ რაიმე პოლიტიკურ პროტესტს შეურთდებიან.

შეგახსენებთ, ირანის ეროვნული ნაკრების წევრებმა, მსოფლიო ჩემპიონატის პირველი ტურის მატჩისას ინგლისის წინააღმდეგ, საკუთარი ქვეყნის ჰიმნი არ შეასრულეს. ამით მათ სოლიდარობა გამოუცხადეს საპროტესტო გამოსვლებს, რომლებიც ირანში, სექტემბერში, ე.წ. მორალის პოლიციის მიერ დაკავებული 22 წლის ქურთი ქალის, მაჰსა ამინის დაღუპვის შემდეგ დაიწყო.

მატჩამდე გამართულ პრესკონფერენციაზე, ირანის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების კაპიტანმა ეხსან ხაჯსაფიმ საჯაროდ მხარი დაუჭირა ანტისამთავრობო აქციების მონაწილეებს, რომელთა ჩახშობასაც ირანის ხელისუფლება უკვე ორი თვეა ცდილობს.

"მათ უნდა იცოდნენ, რომ მათთან ვართ, მხარს ვუჭერთ და თანავუგრძნობთ მათ. უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენს ქვეყანაში არსებული პირობები არასწორია და ჩვენი ხალხი უკმაყოფილოა. ჩვენ აქ ვართ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ უნდა ვიყოთ მათი ხმა ან პატივი არ უნდა ვცეთ მათ. ყველაფერი, რაც გაგვაჩნია, მათგანაა.

ირანელმა ფეხბურთელებმა პარასკევს, უელსის წინააღმდეგ თამაშის დროს ჰიმნი შეასრულეს. აშშ-სა და ირანს შორის მატჩი კი დღეს გაიმართება.