ავტორი:

"შენი ქმარი დაკარგულია, აღარ დარეკოო" - მორიგი არეულობა რუსულ დანაყოფებში: როგორ ცდილობენ უკრაინაში დაკარგული რუსი სამხედროების ნათესავები მათ დაბრუნებას?

"შენი ქმარი დაკარგულია, აღარ დარეკოო" - მორიგი არეულობა რუსულ დანაყოფებში: როგორ ცდილობენ უკრაინაში დაკარგული რუსი სამხედროების ნათესავები მათ დაბრუნებას?

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან ცხრა თვის შემდეგ, ეფ-ეს-ბეს მკაცრი კონტროლის მიუხედავად, ჩვეულებრივ ამბად იქცა დახოცილი და უპატრონოდ მიტოვებული რუსი ჯარისკაცების ფოტოები, უგზო-უკვლოდ დაკარგული ახალწვეულები, დაპირისპირება სამხედრო კომისარიატებსა და ნაწილებში... სოციალურ ქსელებში პერიოდულად ვრცელდება სიკვდილამდე ნაცემი ან სულაც უკვე გარდაცვლილი სამხედროების ცხედრების ამსახველი ფოტოები.

თუმცა, ამის მიუხედავად, რუსეთში ზამთრის მობილიზაცია დაიწყო. bbc.com-ის ცნობით, რუსეთში ასობით ადამიანია, რომელიც ოჯახის წევრს, ქმარს, შვილს ან მეგობარს, თვეებია ეძებს და თავდაცვის სამინისტროს სთხოვს, ის ცოცხალი ან მკვდარი დაუბრუნონ.

გამოცემის ცნობით, მაისის დასაწყისში უკრაინელი მოხალისე ვიაჩესლავ ილჩენკო ხარკოვთან ახლოს, თავის მშობლიურ სოფელ როგანში ჩავიდა, რომლის მიმდებარედაც არის უკრაინული არმიის ლოგისტიკური ცენტრი.

"ის ჩავიდა სოფელში, სადაც ქუჩაში დამწვარი რუსული ტანკები ეყარა, გარშემო სახლები დანგრეული იყო. თავად უკრაინელი მოხალისის მშობლების სახლიც რუსულ ჭურვებს ემსხვერპლა, თუმცა, სახლის პატრონები გადარჩნენ... ის შეხვდა 92-ე ცალკეული მექანიზებული ბრიგადის მეთაურს, რომელიც სოფელ როგანის გათავისუფლებაში მონაწილეობდა. მან უამბო, როგორ დამარხეს მან და მისმა ჯარისკაცებმა ათობით რუსი ჯარისკაცი, საფლავებს კი, წარწერები გაუკეთეს, რათა შემდეგ ნეშტის გადასვენებისას დაღუპულთა გვარ-სახელები აღერიცხათ, მაგრამ რუსული მხრიდან ამ საკითხით არავინ დაინტერესებულა. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის ხელისუფლება ჯერ კიდევ მარტიდან მოუწოდებს რუსეთს, უკრაინის ტერიტორიაზე დაღუპული სამხედროები გადაასვენოს" - წერს გამოცემა.

  • რუსეთის მოქალაქე ქალი 21 წლის კონტრაქტორ ქმარს უკვე რამდენიმე კვირაა უშედეგოდ ეძებს. ის გამოცემას უყვება, რომ სამხედრო ნაწილის მეთაურის თქმით, მისი ქმარი 26 მარტის ხარკოვთან ბრძოლებისას მაშინ დაიჭრა, როდესაც სახლის სარდაფიდან გამოსვლას ცდილობდა და შემდეგ მასზე არაფერი იცის...

"თუმცა, შემდეგ გავიგე, რომ ის მუხლში იყო დაჭრილი, როდესაც უკრაინელებმა უთხრეს, რომ დანებებოდნენ, მაგრამ მათ ნაბრძანები ჰქონდათ ტყვედ არ ჩაბარებოდნენ და ხელყუმბარა ესროლეს. მასთან მყოფმა სხვა რუსმა სამხედროებმა მოახერხეს გასვლა, დაჭრილი კი დატოვეს. შემდეგ ვნახე ფოტო, რომელიც უკრაინელებმა სოციალურ ქსელებში გაავრცელეს და ჩემი მეუღლე, ჩაცმულობით და თითებით ვიცანი" - ჰყვება ქალი გამოცემასთან საუბარში.

რუსეთის მოქალაქე ნატალია დვორნიკოვას ცნობით, ის და უგზო-უკვლოდ დაკარგული სამხედროების დედები, ცოლები, დები ცდილობდნენ თავად მოეპოვებინათ ინფორმაცია, თუ რა ბედი ეწია ამა თუ იმ სამხედრო ნაწილს. მათ ეუბნებოდნენ, რომ ზოგი მთლიანად განადგურდა, ნაწილი კი, სხვადასხვა დანაყოფებში გადაიყვანეს, იყო ტყვედ ჩაბარების შემთხვევებიც.

"ასე ზოგადად გვეუბნებოდნენ, დაიღუპაო. ომია, შემთხვევის ადგილზე ვერ ჩავდივართ. ცხედრებს რა მოუვიდათ, არ ვიცით... ჩვენ კი, ვნახულობდით, ჩუმად გავრცელებულ კადრებს, სადაც მასობრივად დახოცილი რუსი სამხედროები იყო ასახული და ვცდილობდით, ოჯახის წევრები ამოგვეცნო. ეს ახლაც გრძელდება, რადგან ადმინისტრაციულ ცენტრებში მათ შესახებ პასუხს არ გვცემენ, ან ტელეფონის ყურმილს გვიკიდებენ" - ამბობს ის.

  • როდესაც ქალები ომში უგზო-უკვლოდ დაკარგული ახლობლების ოჯახის წევრების შესახებ ცნობების მოსაძიებლად ადგილობრივ ადმინისტრაციულ ცენტრებში მიდიოდნენ ან რეკავდნენ, გაბეზრებული თანამშრომლები მოკლედ და უხეშად პასუხობდნენ, "თქვენი ქმარი მკვდარია, ომში დაიღუპა, შეწყვიტეთ რეკვა ბოლოს და ბოლოს!"..

severreal.org-თან საუბარში, 25 წლის არტემ სმირნოვის დედა, რომელიც ლენინგრადის ოლქში ცხოვრობს, ჰყვება, რომ მისი შვილი სექტემბერში, ქურდობისთვის სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მოხვდა და პატიმრობა მიუსაჯეს. ერთი თვის შემდეგ, მას სამხედრო ჰოსპიტლიდან დაურეკეს და უთხრეს, რომ მისი შვილი Вагнер-ში გაწევრიანდა, სინამდვილეში კი, გაირკვა, რომ მას კონტრაქტისთვის იძულებით მოაწერინეს ხელი, წინააღმდეგ შემთხვევაში, რამდენიმეწლიანი პატიმრობა ემუქრებოდა.

"60 ათასი რუბლი მოიპარა და იმისთვის ჩასვეს. მან ოჯახთან კონტაქტი გაწყვიტა. მხოლოდ იმის თქმა მოასწრო, რომ ომში მიდიოდა და გაქრა... სამხედრო კომპანიის პრესსამსახურმა მითხრა, რომ ის უკრაინაში გაგზავნეს... რამდენიმეკვირიანი დუმილის შემდეგ, დამირეკა შვილმა, რომ ორჯერ დაიჭრა და ლუგანსკთან ახლოს საავადმყოფოში იწვა. ამის შემდეგ ის ისევ დაიკარგა. მასზე ინფორმაციის გასაგებად, Вагнер-საც მივმართე, სადაც მითხრეს, რომ ზოგ შემთხვევაში, მებრძოლებს თავადაც არ სურთ ოჯახთან კონტაქტი, რადგან ოფიციალურად, ისინი სასჯელს ისევ შრომა-გამოსასწორებელ კოლონიებში იხდიან" - ჰყვება ოლგა სმირნოვა.

მისივე თქმით, Вагнер -ის წარმომადგენელმა უთხრა, მისი შვილი "ძალიან სერიოზულ ფულად ანაზღაურებას იღებდა და ოჯახის მხრიდან ზედმეტი ინტერესი მას მხოლოდ პრობლემებს შეუქმნიდა".

"ვუპასუხე, თქვენი ფული არაფერში მჭირდება, შვილი დამიბრუნეთ-მეთქი... ახლა უკვე ვიცი, რომ ყველგან უწესრიგობა და ქაოსია. ახალწვეულები ოჯახებს ვერ უკავშირდებიან, არ აქვთ საკვები, ამ ცივ ზამთარში, მინუს გრადუსებში, სანგრებში, პირდაპირ მიწაზე ყრიან... მათ მხოლოდ მოხალისეები ეხმარებიან, ბოლო ხანებში, მასთან დავკარგე კონტაქტი. თავდაცვის სამინისტროში მეუბნებიან, რომ ისიც Вагнер-შია", - ამბობს სამხედროს დედა.