ავტორი:

„კარტი თამაშის ბოლომდე არ იყრება“ – რეზო თაბუკაშვილის ახალი წიგნის წარდგენა

„კარტი თამაშის ბოლომდე არ იყრება“ – რეზო თაბუკაშვილის ახალი წიგნის წარდგენა

„კარტი თამაშის ბოლომდე არ იყრება“ – ამ სათაურით რეზო თაბუკაშვილის წიგნის წარდგენა 1 დეკემბერს გაიმართება. წიგნს „პალიტრა L“ გამოსცემს. გამოცემას მკითხველს არჩილ ქიქოძე და ბესო ხვედელიძე წარუდგნენ.

„ორმოცდაათ წელს გადაცილებულ გოგიას ბევრი მზე უნახავს. კარგიც მრავალი გადახდენია და მძიმედ მოსაგონარიც. ყველაფერი იყო - ასეთიც, ისეთიც, ბედნიერებით გაჩახჩახებული ბავშვობაც და სტუდენტობის წლებში ქეიფ-ქეიფ ხეტიალიც, ომიც და მშვიდობაც, ბზარებიანი და მოწყენილი, გაძნელებული ყოველდღიურობაც... გრძლად გაწელილმა დრომ და ჟამმა, თავისას რომ შვრება აჩქარებით, ძველი თამაშის წესებს რომ სპობს და ახალი ვერ გამოუძერწავს, ნაპრალებად დაუხეთქა სული. დაუკითხავად აკითხავს ცოცხალიც და მკვდარიც. ბევრი ნახა, ვინც გზაში მოიწყინა, ბოლოს არ დაელოდა და ჩაიხსნა თოკი „კარაბინიდან“, ერთხელ თვითონაც წაუცდა ხელი, მაგრამ პირველად უღალატა იარაღმა“ – ასეთი გახლავთ რეზო თაბუკაშვილის ახალი წიგნი, რომელსაც მკითხველი უკვე ელოდება.

როგორც „პალიტრა L-ის“ მთავარი რედაქტორი მაია ალუდაური აღნიშნავს, ახალი წიგნი ბევრი კუთხით არის საინტერესო:

„რეზო თაბუკაშვილი (უმცროსი) მწერალთა და შემოქმედთა იმ თაობის წარმომადგენელია, რომელიც გასული საუკუნის მიწურულს გამოვიდა სამწერლო ასპარეზზე და ახალი, მკაფიო ხმა შემატა ქართულ ლიტერატურას. იმ დროიდან დღემდე რეზო თაბუკაშვილმა არაერთი პროზაული კრებული და რომანი გამოსცა და მკითხველთა დიდი წრე შემოიმტკიცა. მისი შემოქმედება გაჟღენთილია საქართველოს უახლესი ისტორიის მტკივნეული მოვლენების მძაფრი განცდით და მათ შესახებ მდიდარ მხატვრულ სურათებს გვთავაზობს.

ახალ რომანში „კარტი თამაშის ბოლომდე არ იყრება“ მოქმედება კოვიდინფიცირებული და შეცვლილი თბილისის ფონზე ვითარდება და უაღრესად საინტერესო და მიმზიდველია ამ გარემოში იძულებით მიმალვაში მყოფი ადამიანის ფსიქოლოგიური და სოციალური პორტრეტი. უჩვეულო გარემო, საბედისწერო მდგომარეობა, მეგობრები და მოგონებები - მწერლის ოსტატობის წყალობით, მკითხველის წინაშე უაღრესად ნაცნობი და, იმავდროულად, სრულიად ინდივიდუალური ისტორია ვითარდება.

დარწმუნებულები ვართ, რომ მკითხველი ინტერესით ელის თავისი რჩეული ავტორის ახალ წიგნს, მათ კი, ვინც ახლა გაეცნობა რეზო თაბუკაშვილის შემოქმედებას, დასამახსოვრებელი შეხვედრა ელით,“ - აღნიშნავს მაია ალუდაური.

რეზო თაბუკაშვილი ლეგენდარული ბებია-ბაბუის, უფროსი რეზო თაბუკაშვილისა და მედეა ჯაფარიძის შვილიშვილი, ლაშა თაბუკაშვილის ვაჟია. მას უკვე რამდენიმე წიგნი აქვს გამოცემული. მათ შორისაა პროზაული კრებულები: ავტობიოგრაფია პროფილში (1999), დაულაგირი: ABC (ანაპურნას საბაზო ბანაკი) (2005), არასაფრენი დღეები (2005), მზეო, არ ამოხვიდე (2009), გემების ჩრდილქვეშ (2012), მესამე თვალი (2016) და რომანი 13 დღე.

რეზო თაბუკაშვილის წიგნის „კარტი თამაშის ბოლომდე არ იყრება“ წარდგენა „ცალკე სივრცეში“ (პეტრიაშვილის N1) გაიმართება. შეხვედრა 19:30 საათზე დაიწყება. დასწრება თავისუფალია.

(R)