ავტორი:

„გახდი ბესტსელერის ავტორი 2022-ის“ გამარჯვებულები მკითხველებს შეხვდნენ - ლიტერატურული ტურნე მთელი საქართველოს მასშტაბით დაიწყო

„გახდი ბესტსელერის ავტორი 2022-ის“ გამარჯვებულები მკითხველებს შეხვდნენ - ლიტერატურული ტურნე მთელი საქართველოს მასშტაბით დაიწყო

„გახდი ბესტსელერის ავტორი 2022-ის“ გამარჯვებულებმა მთელი საქართველოს მასშტაბით ლიტერატურული ტურნე დაიწყეს. პირველად ისინი ჭიათურელ მკითხველს შეხვდნენ და თავიანთი ნამუშევრები გააცნეს.

შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა. აუდიტორიას გარდა ავტორების წიგნებისა, აინტერესებდათ მათი გამოცდილება წერის ტექნიკის, კონკურსში მონაწილეობის და ლიტერატურული ნამუშევრების შექმნასთან დაკავშირებით.

„გახდი ბესტელერის ავტორი 2022“ წლის კონკურსის გამარჯვებულები არიან ირაკლი არიშვილი - „დასაწყისის დასასრული“, ოლანი ბიწაძე - „მანიტუ“ და ანუკი შატაკიშვილი - „წუთით კოსმოსში“. სამივე ავტორმა ჟიურისა და მკითხველს თავიანთი ორიგინალური და საინტერესო ტექსტებით დაამახსოვრეს თავი. მათი წიგნები სექტემბრის თვეში გამოიცა და წიგნის მაღაზიებშია ხელმისაწვდომი.

ამასთან, სამივე გამარჯვებული ავტორი აღნიშნავს, რომ, ერთი მხრივ, პროფესიული განვითარებისთვის მნიშვნელოვანია მკითხველთან პირდაპირი კომუნიკაცია ჰქონდეთ, დეტალურად შეიტყონ მათი შთაბეჭდილებებისა და ინტერესების შესახებ და მეორე მხრივ, გამომცემლობა „პალიტრა L-მა“ ამ გზით ხელი შეუწყოს ახალი ავტორების პოპულარიზაციას.

ანუკი შატაკიშვილი, „წუთით კოსმოსში“: „ჭიათურაში პირველად ვიყავი და ძალიან საინტერესო აღმოჩნდა ჩემთვის ადგილობრივ მკითხველთან შეხვედრა, ეს იყო ჩვენი პირველი გასვლა და ძალიან მნიშვნელოვანი დღე გვქონდა. მოვისმინეთ ბევრი კითხვა და განვიხილეთ წერასთან დაკავშირებით სხვადასხვა საკითხი.

ჩემთვის ეს პრეზენტაცია ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან შეხვედრაზე ნაცნობი სახეები ფაქტობრივად არავინ არ იყო და საინტერესო აღმოჩნდა შეხვედრა უცხო ადამიანებთან, რომლებიც დაინტერესდნენ ჩემი ნამუშევრით“.

ირაკლი არიშვილი, „დასაწყისის დასასრული“: „ჭიათურაში დავიბადე და გავიზარდე და ამიტომ ჩემთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა დღევანდელ შეხვედრას, რადგან ეს ქალაქი ჩემს ცხოვრებასთან და ისტორიასთან ასოცირდება. განსაკუთრებული იყო იმ ადამიანებთან შეხვედრა, ვისაც ბავშვობიდან ვიცნობ და ვეცადე მათთვის მაქსიმალურად საინტერესოდ წარმედგინა ჩემი სიუჟეტი. მათთვის და ჩემთვის ბევრი საინტერესო საკითხი წამოვჭერით, რომლებიც ჩემს წიგნშიც მაქვს გათვალისწინებული და საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა. ბევრი კითხვა დაისვა და ძალიან ცოცხალ რეჟიმში წარიმართა პროცესი“.

ოლანი ბიწაძე, „მანიტუ“: „ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო ჩემთვის, რადგან ჭიათურელი ვარ, აქ დავიბადე და დავამთავრე სკოლა და საინტერესო იყო პრეზენტაციაზე ბევრი ნაცნობი სახის დანახვა. პრეზენტაციაზე იყვნენ ჩემი სკოლის მასწავლებლები, ნათესავები და როგორც ჩემი, ისე ანუკის და ირაკლის ტექსტებთან დაკავშირებით ბევრი საინტერესო შეფასება მოვისმინეთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ „პალიტრა L“ ასე აცნობს მკითხველს ჩვენს ნამუშევრებს, რადგან მაინც ახალბედა ავტორები ვართ და ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ის უკუკავშირი, რასაც შეხვედრებზე ვიღებთ“

აღსანიშნავია, რომ „გახდი ბესტსელერის ავტორი 2022-ის“ გამარჯვებულები ლიტერატურულ ტურნეს დასავლეთ საქართველოს სხვა დიდ ქალაქებში განაგრძობენ.

R