რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ მინსკში ჩავიდა. ბელარუსში მისი ვიზიტი მედიისთვის წინასწარ არ იყო ცნობილი. ქვეყანაში კვლავ დისლოცირებულნი რჩებიან რუსი სამხედრო მოსამსახურეები და უფრო მეტიც, ბოლო დროს მათი რაოდენობა გაიზარდა.
შოიგუმ და ბელარუსის თავდაცვის მინისტრმა ვიქტორ ხრენინმა ხელი მოაწერეს ოქმს ერთობლივი რეგიონული უსაფრთხოების შესახებ შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე.
მედიისთვის უცნობია, თუ რა იყო ცვლილებების არსი.
აღნიშნულის შემდეგ შოიგუ ბელარუსის ლიდერს, ალექსანდრ ლუკაშენკოს შეხვდა. შეხვედრისას მან განაცხადა, რომ რუსი სამხედროები წვრთნებს ბელარუსის ტერიტორიაზე გადიან. ლუკაშენკოს თქმით, რუსი და ბელარუსი სამხედროების წვრთნა ისე მიმდინარეობს, როგორც ერთი ჯარის.
ლუკაშენკომ ასევე გააკრიტიკა დასავლეთის ქვეყნები და ისინი უკრაინაში ომის გახანგრძლივებაში დაადანაშაულა. მისი თქმით, "ბელარუსსა და რუსეთს არ სურდათ და არ სურთ ომი“, - იქვე დასძინა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებულს გააკეთებენ, თუმცა არ განუმარტავს, თუ რას გულისხმობდა ამ სიტყვებში.
მანამდე ლუკაშენკო აცხადებდა, რომ ომის გაგრძელების შემთხვევაში უკრაინის არსებობას საფრთხე დაემუქრებოდა.