ავტორი:

ჩიპები, ცდები ცხოველებზე და ზეწოლა თანამშრომლებზე - მასკის კომპანიას ცხოველების წამებაში ადანაშაულებენ: მის საქმიანობას გამოძიება სწავლობს

ჩიპები, ცდები ცხოველებზე და ზეწოლა თანამშრომლებზე - მასკის კომპანიას ცხოველების წამებაში ადანაშაულებენ: მის საქმიანობას გამოძიება სწავლობს

ილონ მასკის "ჩიპების კომპანია" მილიარდერისთვის კიდევ ერთ პრობლემად იქცა. მასკს არც მისი დანარჩენი სამი კომპანია, Twitter, Tesla, და SpaceX აძლევს ამოსუნთქვის საშუალებას. როგორც Reuters-ი იტყობინება, ჯანდაცვის საკითხებზე მომუშავე ტექნოლოგიური კომპანია Neuralink-ის საქმიანობას ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური გამოძიება სწავლობს.

კომპანიის ოცმა ყოფილმა და ამჟამინდელმა თანამშრომელმა განაცხადა, რომ მასკი მათზე ზეწოლას ახდენს, რის გამოც, ცხოველებზე ცდების ჩატარებისას, სიჩქარეში შეცდომებს უშვებენ. შედეგად კი მტანჯველი სიკვდილით ბევრი ცხოველი იღუპება.

2018 წლიდან მოყოლებული, Neuralink-ის ცდებს დაახლოებით, 1500 ცხოველი შეეწირა, მათ შორის ცხვრები, ღორები და მაიმუნები. რამდენიმე თანამშრომელმა გამოცემას უთხრა, რომ მასკი მათ ეუბნებოდა, წარმოედგინათ, რომ "თავებზე ბომბები ჰქონდათ დამაგრებული, რათა უფრო სწრაფად ემუშავათ."

"საკმარისად სწრაფად არ ვმოძრაობთ. მაგიჟებს ეს“, - მისწერა მან თანამშრომლებს.

Neuralink-ი მასკმა რამდენიმე მეცნიერსა და ინჟინერთან ერთად 2016 წელს დააარსა, რათა შეექმნათ ტვინში ჩასამონტაჟებელი ჩიპები, რომელთა საშუალებითაც კომპიუტერი ტვინის სიგნალებს წაიკითხავდა.

წინა კვირას, მილიარდერმა განაცხადა, რომ კომპანია ადამიანებზე ცდებს მომავალი წლიდან დაიწყებს და რომ საკუთარ თავზეც აპირებს ჩიპის გამოცდას.

მიუხედავად იმისა, რომ კომპანიაში დასაქმებული ადამიანები მასკისგან დიდ ზეწოლას განიცდიდნენ, ერთ-ერთი ყოფილი თანამშრომელი ყვება, რომ მილიარდერს არ მოსწონდა ცხოველებზე ტესტირება და ამბობდა, რომ სურდა, ეს ცხოველები "ყველაზე ბედნიერები ყოფილიყვნენ."

როგორც "როიტერსი" იტყობინება, Neuralink-მა USDA-ს ყველა ინსპექტირება წარმატებით გაიარა. მიუხედავად ამისა, კომპანია ადრე ცხოველებზე ძალადობაში დაადანაშაულეს. წლის დასაწყისში, ცხოველების უფლებების დაცვის ჯგუფმა კომპანიის მკვლევარები დაადანაშაულა, რომ მაიმუნებს, ტვინის იმპლანტის ტესტირებისას, "უკიდურეს ტანჯვაში“ ამყოფებდნენ.

წყარო: reuters

მოამზადა: ანა სიბოშვილმა