ავტორი:

"უკრაინის სამხედრო დახმარების თაობაზე, ცხადად ვთქვით, რომ ამას არ ვაკეთებთ - ამ ომში როგორც სახელმწიფო არასდროს ჩავერთვებით" - პრემიერი

"უკრაინის სამხედრო დახმარების თაობაზე, ცხადად ვთქვით, რომ ამას არ ვაკეთებთ - ამ ომში როგორც სახელმწიფო არასდროს ჩავერთვებით" - პრემიერი

მკაფიოდ ვთქვით, რომ ამას არ ვაკეთებთ - ამ ომში, კონფლიქტში, როგორც სახელმწიფო, არასდროს ჩავერთვებით,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას იმის თაობაზე, რომ „უკრაინა საქართველოს სამხედრო დახმარებას სთხოვს“.

როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, საქართველო უკრაინის ჰუმანიტარულ დახმარებას გააგრძელებს.

"მას შემდეგ რაც უკრაინაში ეს საშინელი ომი დაიწყო, საზოგადოება მთავრობასთან ერთად გაერთიანდა და 1000 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი გავაგზავნეთ. 190 ქვეყანას შორის ვიყავით პირველ ადგილზე, ვინც უკრაინას ყველაზე მეტი ჰუმანიტარული დახმარება გაუწია. მანამდე დავეხმარეთ უკრაინელ ლტოლვილებს და მათ მაქსიმალური დახმარება აღმოვუჩინეთ.

ეს დახმარება ახლაც გრძელდება. ამის მაგალითია უკრაინულ ენაზე განათლება - უკრაინელი ბავშვები აქ განათლებას იღებენ უკრაინულ სკოლებში, რომელიც გავხსენით. რაც შეეხება დამატებით ჰუმანიტარულ დახმარებას, კიდევ ერთხელ განვიხილავთ ამას და დახმარებას გავაგრძელებთ.

რაც შეეხება სამხედრო დახმარებას, ამის თაობაზე, ცხადად და მკაფიოდ ვთქვით, რომ ამას არ ვაკეთებთ, ამ ომში, კონფლიქტში, როგორც სახელმწიფო, არასდროს ჩავერთვებით, ეს ჩვენი მკაფიო პოზიციაა. მე, როგორც პრემიერ-მინისტრი და მმართველი გუნდი, პასუხისმგებელი ვართ ხალხის წინაშე“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ღარიბაშვილის განცხადებით, უკრაინის ხელისუფლების ზოგიერთმა ოფიციალურმა პირმა საჯაროდ განაცხადა, რომ მათი სურვილი იყო, საქართველოში „მეორე ფრონტი“ გახსნილიყო.

როგორც ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მადლობა ღმერთს, რომ დღეს ქვეყანაში არის მმართველ პარტია „ქართული ოცნება“, რომლისთვისაც მთავარია ქართველი ხალხის და ქვეყნის ინტერესები.

"რაც შეხება ომში ჩართვის თემას, ძალიან ბევრი რაღაც ითქმის საჯაროდ, ბევრი რამ არ ითქმის, მაგრამ ერთს მთავარს გეტყვით და ყველას შევახსენებ, უკრაინის ხელისუფლების ოფიციალურმა პირებმა, მათ შორის უშიშროების საბჭოს მდივანმა საჯაროდ განაცხადა, რომ მათი სურვილი იყო, საქართველოში „მეორე ფრონტი“ გახსნილიყო, რომ არა მხოლოდ უკრაინელი ქალები და ბავშვები დაიხოცონ, არამედ ქართველებიც. ეს ფრონტი და ომი უნდა გადავიდეს საქართველოშიცო, ეს იყო მისი ოფიციალური განცხადება. ამის გარდა, ჩვენ ძალიან ბევრი ანალოგიური შინაარსის განცხადება მოვისმინეთ და კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია ვიცით, რომელიც სამწუხაროდ თუ საუბედუროდ, საჯაროდ არ ითქმის.

მადლობა ღმერთს, რომ დღეს ქვეყანაში არის მმართველ პარტია „ქართული ოცნება“ და ჩვენ ყველანი, ვინც გადავწყვიტეთ, რომ ჩვენთვის მთავარი და უზენაესი არის ჩვენი ხალხის და ჩვენი ქვეყნის ინტერესები. კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, ჩვენ ყველა ქვეყანას და ხალხს პატივს ვცემთ, მაგრამ ყველაზე მეტად გვიყვარს ჩვენი ქვეყანა და ყველაზე მეტად დავიცავთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. მე, როგორც ჩემი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, პირველ რიგში, ვარ ვალდებული, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესები დავიცვა“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.