ავტორი:

"არ წაგვიქეზებია და არ დავხმარებივართ უკრაინას, დარტყმა მიეტანა რუსეთზე - როცა შეიარაღების სისტემას ვაწვდით, ის მათ ეკუთვნის" - ჯონ კირბი

"არ წაგვიქეზებია და არ დავხმარებივართ უკრაინას, დარტყმა მიეტანა რუსეთზე - როცა შეიარაღების სისტემას ვაწვდით, ის მათ ეკუთვნის" - ჯონ კირბი

ჩვენ არ წაგვიქეზებია და არ დავხმარებივართ უკრაინას, დარტყმა მიეტანა რუსეთზე, - ასეთი განცხადება გააკეთა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენელმა, ჯონ კირბიმ მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინა დაადანაშაულა მისი სამხედრო ინფრასტრუქტურის ობიექტებზე დარტყმაში.

“რა თქმა უნდა, ჩვენ ეს არ წაგვიქეზებია და არ დავხმარებივართ უკრაინას, დარტყმა მიეტანა რუსეთზე. ჩვენ კონცენტრირებულები ვიყავით და ჯერ კიდევ კონცენტრირებულები ვართ იმაზე, რომ უკრაინას თავდაცვისთვის საჭირო შესაძლებლობები და რესურსები ჰქონდეს. ყველაფერი, რასაც ჩვენ ვაწვდით, ნამდვილად ამის გათვალისწინებითაა შემუშავებული”, - განაცხადა კირბიმ.

მისი თქმით, უკრაინის ფარგლებს გარეთ ნებისმიერი ესკალაცია აშშ-ის ეროვნული ინტერესების სასარგებლო არ არის.

“ჩვენ ვაწვდით მათ ინფორმაციას, რომ საკუთარი თავის დაცვაში დავეხმაროთ. ჩვენ, რა თქმა უნდა, რესურსებსა და იარაღს მათ თავდაცვისთვის ვაწვდით. მაგრამ ისინი საკუთარ გადაწყვეტილებებს იღებენ. მთელი იდეა, ამ ომის მთელი პრინციპი - სუვერენიტეტია, და, რუსებისგან განსხვავებით, ჩვენ პატივს ვცემთ უკრაინის სუვერენიტეტს. ჩვენ როცა შეიარაღების სისტემას ვაწვდით, ის მათ ეკუთვნის. სად იყენებენ მას, როგორ იყენებენ მას, რამდენ საბრძოლო მასალას იყენებენ ამ სისტემისთვის - ეს უკრაინული გადაწყვეტილებებია და ჩვენ ამას პატივს ვცემთ”, - დასძინა კირბიმ.