ავტორი:

"იმედი მაქვს, მალე ვიხილავ ხალხის გამარჯვებას და ტირანიის დამხობას" - ირანის უმაღლეს ლიდერს საკუთარი და უპირისპირდება და ხამენეის საწინააღმდეგო წერილს აქვეყნებს

"იმედი მაქვს, მალე ვიხილავ ხალხის გამარჯვებას და ტირანიის დამხობას" - ირანის უმაღლეს ლიდერს საკუთარი და უპირისპირდება და ხამენეის საწინააღმდეგო წერილს აქვეყნებს

ირანის უმაღლესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის და, ბადრი ჰოსეინი ხამენეი ძმას უპირისპირდება და მის დესპოტურ პოლიტიკას აკრიტიკებს. ის იმედს გამოთქვამს, რომ ხამენეის ხელისუფლება დაემხობა და ირანელი ხალხის ბრძოლა შედეგს გამოიღებს.

აღნიშნულის შესახებ ბადრი ხამენეის წერილშია საუბარი, რომელიც "ტვიტერზე", მისი ვაჟის, მაჰმუდ მორადხანის გვერდზე გამოქვეყნდა. აღსანიშნავია, რომ მაჰმუდი საფრანგეთში ცხოვრობს, ხოლო ბადრი ხამენეი - ირანში.

წერილში ქალი აღნიშნავს, რომ ირანში არსებულ რეჟიმს ჩაგვრის გარდა ირანელებისთვის არაფერი მოუტანია. ის გამოხატავს თანაგრძნობას იმ დედების მიმართ, რომლებმაც ბოლო ოთხი ათწლეულის განმავლობაში ისლამური რესპუბლიკის ოპოზიციიის გამო, საყვარელი ადამიანები დაკარგეს და აცხადებს, რომ ეწინააღმდეგება თავისი ძმის ქმედებებს.

  • "იმედი მაქვს, რომ მალე ვიხილავ ხალხის გამარჯვებას და იმ ტირანიის დამხობას, რომელიც ირანის ხელისუფლების სათავეშია“, - წერს ბადრი ხამენეი. ქალი აღნიშნავს, რომ მისი ძმა "არ უსმენს ირანის ხალხის ხმას და არასწორად თვლის, რომ ირანის ხმა ის დაქირავებული ადამიანები არიან, რომლებსაც სასტიკი რეჟიმის გასამყარებლად იყენებს.“

ბადრი ხამენეიმ ასევე წერილში ახსენა თავისი ქალიშვილი, რომელიც ერთი კვირის წინ ძალადობრივი გზით დააპატიმრეს და თქვა, რომ თუ მის ქალიშვილს ასე მოექცნენ, ათასჯერ უფრო მეტ ძალას გამოიყენებენ სხვების შვილებზე.

ბადრი ხამენეის ქალიშვილი, ფერიდე მურადხანი ერთი კვირის წინ დააკავეს. ბოლო ვიდეომიმართვაში, რომელიც დაპატიმრებამდე გადაიღო, მან საერთაშორისო საზოგადოებას ირანის მთავრობასთან კავშირის გაწყვეტისკენ მოუწოდა.

ცნობისთვის, ირანში საპროტესტო აქციები არ წყდება. პროტესტის ტალღა სექტემბრიდან დაიწყო, როდესაც ირანის "მორალის პოლიციამ" 22 წლის მაჰსა ამინი ჩადრის არასწორად ტარების გამო დააკავა. ისინი ახალგაზრდა ქალს ფიზიკურად სასტიკად გაუსწორდნენ. მიღებული დაზიანებების შედეგად კი მაჰსა ამინი გარდაიცვალა.

აღნიშნულის შემდეგ ირანი საპროტესტო აქციების ტალღამ მოიცვა. ირანელი ქალები თავისუფლებას მოითხოვენ. მათ უკვე მიაღწიეს გარკვეულ წარმატებას. ირანის ხელისუფლებაში განაცხადეს, რომ გადახედავენ კანონს, რომელიც ჩადრის ტარების წესს არეგულირებს, ასევე გაუქმდა "მორალის პოლიცია." თუმცა ჯერჯერობით უცნობია, რეალურად მოიტანს თუ არა ეს რაიმე შედეგს, თუ მხოლოდ ფორმალური გადაწყვეტილებაა.