ავტორი:

კობახიძე აცხადებს, რომ სააკაშვილზე კომენტარს აღარ გააკეთებს

კობახიძე აცხადებს, რომ სააკაშვილზე კომენტარს აღარ გააკეთებს

მათ რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა აინტერესებდეთ, ამდენი ხანი არ ექნებოდათ წამახალისებელი კამპანია თვითდაზიანებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ "ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ "ნაციონალური მოძრაობისა“ და ოპოზიციის ნაწილის შეხვედრაზე საუბრისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის თემის პოლიტიზების მცდელობაა, ამიტომ სააკაშვილთან დაკავშირებით კომენტარს აღარ გააკეთებს.

"რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს - ცდილობენ ამ თემის პოლიტიზებას, რაც არასწორია, ეს არის ბოლო კომენტარი, რასაც სააკაშვილთან დაკავშირებით ვაკეთებ. დანარჩენი უნდა გადაწყდეს სამართლებრივ ჭრილში. არავითარი პოლიტიკური დატვირთვა ამ თემას არ უნდა მიეცეს. ისინი ფულს ხარჯავენ პოლიტიკური, პიარული კამპანიისთვის, ლობისტებს ქირაობენ. მათი მიზანია პოლიტიზება, ჩვენ კი არ გვინდა ამის პოლიტიზება, ამიტომ სააკაშვილთან დაკავშირებით კომენტარს აღარ გავაკეთებ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძის თქმით, რასაც მიხეილ სააკაშვილის თემაზე ადრე ამბობდნენ "ყველაფერზე კიდევ ერთხელ აწერენ ხელს“, თუმცა არავითარი პოლიტიკური დისკუსია სამომავლოდ არ უნდა გაგრძელდეს.

"რასაც ვამბობდით წარსულში - ფაქტის კონსტატაციაზე, შეფასებაზე, ყველაფერზე კიდევ ერთხელ ვაწერთ ხელს. რაც შეეხება სამომავლო განცხადებებს, რაღაც მომენტში იძულებული ვიყავით, რომ პოლიტიკური კომენტარები გვეკეთებინა იმ პოლიტიკურ კამპანიაზე, რომელსაც აწარმოებდა რადიკალური ოპოზიცია, მაგრამ, მე მგონი, ამის დროც აღარ არის. არავითარი პოლიტიკური დისკუსია ამ თემაზე არ უნდა გაგრძელდეს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის თქმით, ნებისმიერი საკითხი, რომელიც უკავშირდება პატიმრის თავისუფლებას, სამართლებრივ ჭრილში უნდა გადაწყდეს.

"პოლიტიკურად ითხოვენ ჩვენგან გადაწყვეტილების მიღებას იმ თემაზე, რაც ვერ იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილების საგანი, ეს ძალიან ცხადად უნდა ვუთხრათ ჩვენ ამ ადამიანებს. ვერანაირი პოლიტიკური გადაწყვეტილების საგანი ვერ გახდება პატიმრის გადაწყვეტილება. პოლიტიკური მოთხოვნა, მოსამართლის დაბულინგება და ა.შ. ეს არის მათი გზა, ხოლო ჩვენ რაც შეგვეხება, ჩვენ პოლიტიკური დისკუსიის საგნად არ უნდა ვაქციოთ ეს საკითხი, სამართლებრივ ჭრილში უნდა გადაწყდეს ნებისმიერი საკითხი, რომელიც უკავშირდება პატიმრის თავისუფლებას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, ირაკლი კობახიძის განცხადებით, სახელმწიფო პასუხისმგებელია პატიმარს მოეპყროს სათანადოდ. ხოლო როდესაც პატიმარი თვითდაზიანებას იყენებს, ეს მისი პასუხისმგებლობაა.

"სახელმწიფო უწყება პასუხისმგებელია იმაზე, რომ პატიმრებს მოეპყროს სათანადოდ. არა ისე, როგორც ეპყრობოდნენ 2012 წლამდე სააკაშვილის რეჟიმის პირობებში, არამედ როგორც ეპყრობიან ახლა. ეს არის უწყების პასუხისმგებლობა და რა თქმა უნდა, ეს უნდა იყოს უზრუნველყოფილი...

როდესაც პატიმარი აწარმოებს თვითდაზიანებას, ეს არის, რა თქმა უნდა, მისი პასუხისმგებლობა, დანარჩენი, პატიმრის მიმართ სათანადო მოპყრობა, ადამიანის უფლებების დაცვა, ეს არის უწყების პასუხისმგებლობაა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.