ავტორი:

"ოპოზიციონერების შიმშილობა სააკაშვილის ბიძის დირექტივაა" - ბექა ოდიშარია

"ოპოზიციონერების შიმშილობა სააკაშვილის ბიძის დირექტივაა" - ბექა ოდიშარია

"ოპოზიციონერების შიმშილობა არის სააკაშვილის ბიძის, [თემურ} ალასანიას დირექტივა, ან მისი მკაცრი დირექტივის კომპენსირება მანდატების დატოვებასთან დაკავშირებით", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა ოდიშარიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ის ოპოზიციონერ კოლეგებს ურჩევს ძალები შიდა არჩევნებისთვის შემოინახონ.

"რაც შეეხება ჩვენი ოპოზიციონერი დეპუტატების შესაძლო შიმშილობას, როგორც ჩანს, ისინი აპირებენ ამ აქციის წამოწყებას. წინა შემთხვევაში გვახსოვს, ეს აქცია ხანმოკლე იყო, პრაქტიკულად, იგივე მოთხოვნით იყო განპირობებული. მე არ ვიცი, ახლა რას უკავშირდება ეს, მე უფრო მიმაჩნია, რომ ეს არის სააკაშვილის ბიძის, ბატონი ალასანიას დირექტივა, ან მისი მკაცრი დირექტივის კომპენსირება, რომელიც დაკავშირებული იყო, ალბათ, რომ დაეტოვებინათ მანდატები.

ალბათ, მათში უფრო საღი გონება იმარჯვებს და არ ასრულებენ ბრმად მსჯავრდადებულ სააკაშვილის ბიძის დირექტივებს და ეძებენ გზებს, მე მათ გულწრფელად ვურჩევდი, დღეს მათ პარტიაში უმძიმესი მდგომარეობაა, კრილოვის იგავივითაა: "ერთი ალთას მექაჩება, მეორე ბალთას და მესამე კიდე ღმერთმა უწყის სად” ძალ-ღონე შეინახონ, ამხელა პრაიმერისი აქვთ გადასატანი და კამპანია კიდე, 28-29 იანვრამდე ხომ უნდა მიეტანოს სული და შეინახონ ძალები. მით უმეტეს, მოშიმშილეებს შორის სულ სხვადასხვა კანდიდატების მხარდამჭერები არიან და სჯობს ალბათ, რომ თავიანთი ძალა, ღონე და აქცენტები გადაიტანონ მათ პარტიაში მიმდინარე პროცესებზე", - განაცხადა ოდიშარიამ.

ცნობისათვის, "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა, ანა წითლიძემ, დავით კირკიტაძემ და აბდულა ისმაილოვამ პარლამენტში, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით, შიმშილობა დაიწყეს.