ავტორი:

პარლამენტთან აქციაზე “ანტიკორუფციული მოძრაობის” 2 წევრი დააკავეს

პარლამენტთან აქციაზე “ანტიკორუფციული მოძრაობის” 2 წევრი დააკავეს

პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე “ანტიკორუფციული მოძრაობის” 2 წევრი - დათო დიღმელაშვილი და ლუკა კორკოტაშვილი დააკავეს.

ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” ორგანიზაციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი ფავლენიშვილმა განუცხადა.

“დღეს “ანტიკორუფციული მოძრაობის” წარმომადგენლებმა პარლამენტთან აქცია გავმართეთ, რატი ბრეგაძის პარლამენტში მისვლასთან დაკავშირებით. ის არის კრემლის ინსტრუქციის ამსრულებელი და საქართველოს მესამე პრეზიდენტის წამებასა და მოწამვლაში იღებს მონაწილეობას. ამ ვიდეოკადრებით, რომელიც მიხეილ სააკაშვილის წამებას ასახავს, მინისტრი ფაქტობრივად ამაყობს. ის არათუ შეუფერებელია დაკავებული თანამდებობისთვის, არამედ შეიძლება ითქვას, რომ სისხლის სამართლის დანაშაულიც აქვს ჩადენილი. მის საწინააღმდეგო საპროტესტო აქცია გავმართეთ და მოვითხოვეთ მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარული "ტრანსფერი". ეს აქციები აუცილებლად გაგრძელდება. სამწუხაროდ, ამ აქციაზე რუსულ, მილიციურ სტილში ჩვენი ორი თანამებრძოლი - დათო დიღმელაშვილი და ლუკა კორკოტაშვილი დააკავეს. ისინი უბრალოდ იდგნენ და გამოხატავდნენ თავის მოქალაქეობრივ პოზიციას”, - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

ცნობისთვის, ამ წუთებში "ანტიკორუფციული მოძრაობის" წევრები მათი ორი წარმომადგენლის დაკავებას თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე პოლიციის ოფისთან აპროტესტებენ. ცოტა ხნის წინ ადგილზე მივიდა "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი.