ავტორი:

"გაპრანჭვა და ფორმაში ყოფნა, სხვა გოგოებივით, მეც მიყვარს... ძიუდოს ეს ჩემთვის არ წაურთმევია" - მოჭიდავე გოგონა მოდელის პარამეტრებით: გვანცა მჭედლიშვილის სპორტული გზა

"გაპრანჭვა და ფორმაში ყოფნა, სხვა გოგოებივით, მეც მიყვარს... ძიუდოს ეს ჩემთვის არ წაურთმევია" - მოჭიდავე გოგონა მოდელის პარამეტრებით: გვანცა მჭედლიშვილის სპორტული გზა

ცოტა ხნის წინ ძიუდოისტი, მსოფლიო ჩემპიონი კობა მჭედლიშვილი იყო ჩვენი რესპონდენტი, რომელიც აშშ-ში ცხოვრობს და ასპარეზობს. კობას უმცროსი და გვანცაც ძიუდოისტია, რომელიც ამ სპორტით ბავშვობიდან დაინტერესდა, თუმცა მხოლოდ 15 წლის ასაკში შეძლო ვარჯიშის დაწყება.

ერთი შეხედვით გვანცა მჭედლიშვილი გარეგნულად სულაც არ ჰგავს ძიუდოისტს, თუმცა უკვე წარმატებები და დიდი გეგმები აქვს ამ სპორტში... სკოლის დამთავრების შემდეგ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩააბარა, ანგლისტიკის ფაკულტეტის სტუდენტია.

"ინგლისური ენის ფილოლოგიას ვეუფლები. ესეც ძიუდოს გამო ავირჩიე, ვიფიქრე, ენის კარგად შესწავლა და ცოდნა ამ საქმეშიც გამომადგებოდა... 10 წლის ვიყავი, როცა ოჯახის წევრებს ვუთხარი, ძიუდოზე მინდა სიარული-მეთქი. გვერდში არ დამიდგნენ, არ უნდოდათ, ძიუდოზე რომ შევსულიყავი. მხოლოდ მამაჩემი იყო ჩემ გვერდით, რამდენჯერმე ძიუდოს გაკვეთილზე ერთად ვიყავით, მიმიყვანა.

განსაკუთრებული წინააღმდეგი კობა იყო, მერე დედა. მაშინ ჩოგბურთიც მომწონდა, კობა მეუბნებოდა, ოღონდ ძიუდოზე არ შეხვიდე და ჩოგბურთზე შეგიყვანთო. ჩემზე 6 წლით უფროსია".

- და იარე ჩოგბურთზე?

- რამდენიმე წელი, მაგრამ ძიუდოს მიმართ ინტერესი მაინც არ გამიქრა. კობა კი მაინც წინააღმდეგი იყო. თუ გვანცა დაიწყებს ძიუდოში ვარჯიშს, მე გამოვალო. მოკლედ, დიდი დაბრკოლება მქონდა. დედას და კობას რამდენიმე წელი ვეხვეწებოდი. საბოლოოდ მაინც ჩემი გავიტანე და დავიწყე ვარჯიში.

- ოცნება აიხდინე, ხომ? ასე რატომ მიგიზიდა სპორტის ამ სახეობამ?

- ჩემთვის ჩემი ძმა იყო სამაგალითო. ვგულშემატკივრობდი, დავდიოდი მის ტურნირებზე, მანამდე ბავშვობაში ერთად ვჭიდაობდით და მომწონდა. ასე ნელ-ნელა შემიყვარდა ძიუდო.

- მოკლედ, დღეს ძიუდოისტი ხარ...

- კი და ახლა ჩემთვის მთავარი ჩემი ოჯახის მხარდაჭერაა, განსაკუთრებით ჩემი ძმის, რადგან მაგალითს სულ მისგან ვიღებ. ახლა აქ რომ არ არის, მაკლია. ბევრ რაღაცას მასწავლიდა, მისგან ბევრი რამე შევიძინე. მისი აქ არყოფნით ეს ყველაფერი, ხომ ვამბობ, მაკლია. საერთოდ მთელ ოჯახს გვენატრება... მყავს დაც, ის სამოდელო სფეროს მიმართულებით წავიდა, გვერდით ძალიან მედგა და მიდგას... მუდმივად კარგ რჩევებს მაძლევს. ყველა საკითხში მეხმარება.

ძმასთან ერთად

- კობა წარმატებული სპორტსმენია...

- თავიდანვე ძალიან მშრომელი იყო, ხომ ვუყურებდი, როგორ ვარჯიშობდა. ნიჭიერია, ყველაფერს მალე და მარტივად ითვისებს. ძალიან მომწონს მისი ჭიდაობის სტილი და მინდა, მეც მისნაირი ვიყო. რაღაც ქართული სტილი აქვს, ჭიდაობის სტილს ვგულისხმობ. ზემოდან ჩავლება გვაქვს ქართველებს, "გადავლებული“ - ასე ვეძახით (კიმონოში ჩავლებას ვგულისხმობ) და კიდევ არის სხვადასხვა ილეთი.

- ძიუდო საბრძოლო სპორტია, ხშირად დაცემასთანაა დაკავშირებული... კომფორტულია ეს ყველაფერი შენთვის?

- ძიუდო, როგორც სპორტი, დიდ შრომას მოითხოვს, შრომატევადი საქმეა. ძალიან რთულია. თუ გულით გინდა, წარმატებას მიაღწიო, ყველაფერი გვერდით უნდა გადადო. რთული კი არის, მაგრამ მიჩვეულები ვართ და ვიცით სწორი დაცემა როგორ უნდა და ა.შ. ამ სპორტმა ბევრი რამ შემძინა. სხვა საკითხებშიც უფრო სხვანაირი გავხდი, პასუხისმგებლიანი, მიზანდასახული. ყველაფერში მაქსიმალური შედეგის მიღწევა მინდა.

- საბერძნეთში ცოტა ხნის წინ საერთაშორისო ტურნირზე იყავი და პირველი ადგილი დაიკავე...

- კი, საერთაშორისო ტურნირი იყო... სულ 4 შეხვედრა მომიწია, ბევრი არ ვიყავით, მაგრამ წრიული ვიჭიდავეთ, ყველას შევხვდი და პირველი ადგილი დავიკავე.

- მამა მატარებდა ძიუდოს გაკვეთილებზეო. მამა სპორტსმენია?

- ისიც ძიუდოისტია, მანაც გვიან დაიწყო - საქართველოს ჩემპიონატში ასპარეზობს ხოლმე. პრიზიორიც არის...

- დრო კიდევ რისთვის გრჩება?

- ვარჯიშიდან რომ მოვდივარ, ვცდილობ, ვიმეცადინო. ინგლისურში მყავს პატარა მოსწავლეები. მათთან ვმუშაობ. მაინტერესებს გრაფიკული დიზაინი, ამით ვინტერესდები, ინტერნეტში რაღაცებს ვაწყობ ხოლმე, ასევე მიზიდავს მზარეულობა...

ოჯახთან ერთად

- ისე, შენი გარეგნობის ფონზე ძნელად წარმოსადგენია, რომ ძიუდოისტი ხარ. ბევრი ალბათ ვერც იჯერებს...

- კი, ბევრი მეუბნება ამას... 57 კილოგრამი ვარ და სიმაღლე 170 სმ-ია. ვასპარეზობ 57 კილოში. როგორც გოგოს, გაპრანჭვა და ფორმაში ყოფნაც მიყვარს. ძიუდოს ეს ჩემთვის არ წაურთმევია.

ნახეთ ასევე: