ავტორი:

"ეს პუტინის სასოწარკვეთაზე მეტყველებს" - თეთრი სახლის ცნობით, "ვაგნერმა" იარაღი ჩრდილოეთ კორეისგან შეიძინა

"ეს პუტინის სასოწარკვეთაზე მეტყველებს" - თეთრი სახლის ცნობით, "ვაგნერმა" იარაღი ჩრდილოეთ კორეისგან შეიძინა

ამერიკის შეერთებულ შტატებში აცხადებენ, ჩრდილოეთ კორეამ რუსულ დაქირავებულ ჯგუფს, "ვაგნერს" საბრძოლო იარაღი მიაწოდა.

თეთრი სახლის განცხადებით, იარაღის გადაზიდვა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებს არღვევს. მათივე განცხადებით, "ვაგნერის" წინააღმდეგ დამატებით სანქციებს დააწესებენ.

ჩრდილოეთ კორეა და "ვაგნერი" ამ ინფორმაციას უარყოფს. "ვაგნერის" დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი თეთრი სახლის განცხადებას "ჭორსა და სპეკულაციას" უწოდებს.

ევგენი პრიგოჟინი

თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის სპიკერის, ჯონ კირბის თქმით, "ვაგნერი" უკრაინაში სამხედრო ოპერაციისთვის მთელ მსოფლიოში ეძებს იარაღის მომწოდებლებს.

"ჩვენ შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ ჩრდილოეთ კორეამ ვაგნერისთვის იარაღის პირველადი მიწოდება უკვე დაასრულა. რუსულ დაჯგუფებას აღჭურვილობის ფასი უკვე გადახდილი აქვს", - ამბობს კირბი. მისივე ინფორმაციით, "ვაგნერი" ყოველთვიურად 100-მილიონ დოლარზე მეტს ხარჯავს უკრაინაში.

ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჯეიმს კლევერლიც გამოეხმაურა: "ის ფაქტი, რომ პრეზიდენტი პუტინი დახმარებისთვის ჩრდილოეთ კორეას მიმართავს, რუსეთის სასოწარკვეთის და იზოლაციის ნიშანია" - აცხადებს ის.

ითვლება, რომ რუსეთის ციხეებიდან უამრავი მსჯავრდებული შეუერთდა "ვაგნერს". გავრცელებული ინფორმაციით, მათ დაჰპირდნენ, რომ ფრონტის ხაზზე ექვსთვიანი ყოფნის შემდეგ, ანაზღაურებასაც მიიღებდნენ და სასჯელსაც შეუმცირებდნენ. გაერთიანებული სამეფოს ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ რუსეთის ციხეებში მსჯავრდებულთა რაოდენობა 2022 წელს, ზუსტად იმ პერიოდში, როცა :"ვაგნერის" რეკრუტირება მიმდინარეობდა, 23 000-ზე მეტი მსჯავრდებულით შემცირდა.

წყარო: bbc

მოამზადა: ანა სიბოშვილმა