ავტორი:

"ყველაფერი იქიდან დაიწყო, როცა შეძენილმა მეგობარმა ვენახის 2 რიგი მაჩუქა" - თბილისიდან კახეთში გადასახლებული ახალგაზრდა წყვილი და საკუთარი შრომით შექმნილი სავანე წინანდალში

"ყველაფერი იქიდან დაიწყო, როცა შეძენილმა მეგობარმა ვენახის 2 რიგი მაჩუქა" - თბილისიდან კახეთში გადასახლებული ახალგაზრდა წყვილი და საკუთარი შრომით შექმნილი სავანე წინანდალში

ნოდარ იორამაშვილი პროფესიით მშენებელ-ინჟინერია, წარმოშობით გორიდანაა, სკოლა სოფელ ტინისხიდში დაამთავრა, პროფესიას საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დაეუფლა. გვეუბნება, რომ სამშენებლო ტექნიკური ექსპერტიც არის. ერთხელაც წინანდალში ერთ-ერთი კომპანიის პროექტის ფარგლებში "რედისონის" მშენებლობის ხელმძღვანელობა მიანდეს.

"თელავში მომიწია 7 თვე ცხოვრებამ, თბილისში სამი კვირის ბავშვი დავტოვე და აქეთ გადმოვსახლდი. მერე უკვე ოჯახიც, მეუღლე და ორ ბავშვი (პატარა 3 თვის იყო) გადმოვიყვანე. მეუღლის მშობლების გადმოყვანაც დაგვჭირდა, რომ მოგვხმარებოდნენ...

"რედისონის" მშენებლობა რომ დამთავრდა, მერე სხვა სასტუმროს მშენებლობაზე გადავერთე. წინანდალში ვცხოვრობდი, კერძო სახლი მქონდა დაქირავებული დიდი ეზოთი, ფანჩატურით, აუზით - ძალიან მოგვეწონა აქეთ ყოფნა. ბავშვები ბაღში მივიყვანეთ, ბევრი ადამიანი გავიცანი, დიდი სანაცნობო წრე გავიჩინე. 2018 წელს აქ გაცნობილმა და შეძენილმა მეგობარმა ვენახის 2 რიგი მაჩუქა" - გვეუბნება ნოდარ იორამაშვილი, რომელსაც კახურმა ყოფამ, ურთიერთობებმა იქ თავისი გარემოს აშენებაც მოანდომა.

"მინდოდა, ჩემი გარემო მქონოდა, მიწის ძიება დავიწყე. მოკლედ, რაღაც პერიოდის მერე შევიძინე 1800 კვადრატული მეტრი. პროექტი ახაშენშიც გვქონდა და იქაც ისე მომეწონა სიტუაცია, ვენახი "ფაფრის მინდვრებზე“, საფერავის მიკროზონაში შევიძინე. იქ რქაწითელი და საფერავი 90-იან წლებში იყო გაშენებული. შევარემონტე, მივხედე, დავწურე ყურძენი... მერე პანდემია დაემთხვა. იცით, რომ ბევრი რამ შეფერხდა, დაკონსერვდა და 2021 წლის იანვრიდან საქმიანობა თბილისში გავაგრძელე".

ოჯახთან ერთად

- თუმცა წინანდალში შეძენილ მიწის ფართობზე მშენებლობა დაიწყეთ...

- კი, ძალიან მინდოდა საკუთარი ხის კოტეჯი მქონოდა, ნატურალური ხე ძალიან მომწონს. მერე ჩემი იდეა ჩემს მიწას მოვარგე, განსხვავებული დიზაინის ორსართულიანი საცხოვრებლის პროექტი შევქმენი. ნებართვები თელავში ავიღე და მშენებლობა დავიწყე, რაშიც მამა დამეხმარა. თელავში გადმოვიყვანე და ერთი წელი აქეთ ცხოვრობდა, შრომობდა. მე პროექტები მქონდა აღებული და არ მეცალა.

- ფინანსები სჭირდებოდა ამ ყველაფერს...

- სამ ეტაპად მოგვცეს სესხი და უკვე ბოლოშიც გავედი. მშენებლობის პროცესში ეზოს სხვანაირად გაკეთება მომინდა, ფანტასტიკური თონე გავაკეთე, დავამატე აუზი თავის გასახდელით და წყლის გადავლებით... მარანი, ქვევრები მაქვს ჩაყრილი და ნერგებიც დავრგე. 25 დეკემბერს ოფიციალურად უნდა გავხსნა ჩემი შექმნილი სივრცე. ჩვენთან სტუმრობა ყველა კატეგორიის ხალხზეა გათვლილი. ამ ყველაფრის სხვადასხვა მიმართულებით დატვირთვას ვაპირებ.

- ისე ქართლელმა კახეთში რატომ გადაწყვიტეთ დასახლება?

- გორშიც მაქვს გეგმაში რაღაცების გაკეთება, იქაც ეკოვარიანტი იქნება... კახეთმა ღვინით, ვენახით და ბევრი რამით მომხიბლა, თან, ტურიზმი უფრო მაღალ საფეხურზეა. ბევრი ვიზიტორი ჰყავს. მეუღლე დავითანხმე, წინანდალში გადმოსულიყო, მერე მეუღლის მშობლებიც, მამაც, რომელიც სამშენებლო სამუშაოებში ჩაერთო და ქართლიდან კახეთში გადმოვიდა...

- მგონი, ლიდერის თვისებები მკვეთრად გამოგარჩევთ სხვებისგან. ამასთან თქვენი სჯერათ, გენდობიან და მოგყვებიან...

- კი, ლიდერობა ბავშვობიდან მახასიათებს, თუმცა მეუღლესთან თავიდან გამიჭირდა, უფრო შეგუების მომენტი იყო. არავინ ჰყავდა კახეთში, არც მეგობარი, ნაცნობი, მაგრამ. სამი თვის მერე თბილისში აღარ მომყვებოდა. ამ ეტაპზე თბილისში ვართ, აქედან ვკურირებ ყველაფერს. თუმცა მთელი ოჯახი შაბათ-კვირას იქ ვართ და ბავშვებსაც ძალიან უყვართ იქაურობა. ახლა აქ რომ ვარ, ესეც სამსახურის გამოა, სამშენებლო კომპანიის ტექნიკური დირექტორი ვარ და ამის ბრალია... მერე მინდა, წინანდალში მიწა კიდევ ვიყიდო და ჩემთვის საცხოვრებელი სახლი ავიშენო, ოჯახი რომ წამოვიყვანო. ხომ ვთქვი, აქ ბევრი ხალხი გავიცანი ყველა სფეროში, დავმეგობრდი ოჯახებით, მიმიღო კახეთმა და მეც მივიღე. ერთმანეთს გვერდში მეგობრულად ვუდგავართ.

- ბევრ რამეს თქვენით მიაღწიეთ. ყველას შეუძლია მიზნის ასე მიღწევა?

- ვიღაცას მშობლებიდან მოჰყვება რაღაც, მე ყველაფერს მართლა ჩემით მივაღწიე... ეკომიმართულებით კიდევ მაქვს ოცნებები. ქართლში, ატენის ხეობაში პატარა წერეთში მაქვს მიწა. ზღვის დონიდან 1700 მეტრზეა ნასახლარები, ნასოფლარია, არავინ ცხოვრობს, დგას წმინდა გიორგის ეკლესია. ეკლესიის გვერდითაა ჩემი მიწა. გეგმაში მაქვს, ხის კოტეჯები ჩავდგა და ეკოგარემო შევქმნა. ისეთი ველური ბუნებაა, არც ინტერნეტია და არც ტელეფონი იჭერს. ეს ეკოგარემო მათთვის იქნება, ვისაც ამ ყველაფრისგან დროებით გათავისუფლება უნდა. შესანიშნავი ბუნებაა და ბუნებრივი წყალიც. რაც შეეხება იმას, ყველა შეძლებს თუ არა ასე საქმის კეთებას, გეტყვით, რომ შეძლებს, თუ სიზარმაცეს დაძლევს.

მიზანი უნდა დაისახონ და მერე სიზარმაცის გარეშე, საქმეს დიდი შრომით მიჰყვნენ. დღეს გასაკეთებელი დღესვე უნდა გააკეთო, შემდეგისთვის არ უნდა გადადო. არაფერს უნდა დანებდე. შეიძლება ბედმა გიღალატოს, საქმე არ წავიდეს, ხელი არ მოგემართოს, მაგრამ შინაგანად არ უნდა გატყდე. უნდა განაგრძო. ბოლო წლებია, ბევრი სხვადასხვა საქმის კეთება ერთდროულად მიწევს და არ ვწუწუნებ. ამის გარდა, ოჯახშიც აქტიურად ვარ ჩართული. მინდა, დრო ყველას დავუთმო და სწორად გავანაწილო, პრიორიტეტები განვსაზღვრო. ახალგაზრდებს, ვინც ჯერ კიდევ განათლების პროცესში არიან, ვურჩევდი, წავიდნენ, ნახონ უცხო ქვეყნები, იმოგზაურონ. ბევრი ვიმოგზაურე, საქართველოდან დავიწყე, თითქმის ყველა კუთხე მოვიარე - ყველა კუთხეს კარგად ვიცნობ თავის ტრადიციებით, კუთხური გემრიელობებით და იუმორით.

- რომელ ქვეყნებში იყავით?

- ევროპაში ბევრგან ვიმოგზაურე, ასევე აფრიკაში, არაბულ ქვეყნებში და აქედან გამომდინარე მეტად დავაფასე საკუთარი მიწა, კუთხე, ქვეყანა. საქართველოს ვერც ერთ ქვეყანაზე წინ ვერ დავაყენებ. მინდა, ახალგაზრდებმა მეტად განვავითაროთ საკუთარი ქვეყანა და საკუთარი კაპიტალი, ჩვენი ბიზნესით სხვები დავაინტერესოთ. ეს იქნება ჩემი რჩევა მათთვის, ვისაც თავში ამ ქვეყნიდან წასვლა უტრიალებს. არც ერთი შრომა სათაკილო არ არის. ფიზიკური შრომით არ დავკნინდებით.

- ბევრი ვისაუბრეთ, მაგრამ არ ავხსენით რომ წინანდალში იმ კომპლექსს, რომელიც შექმენით, "პანტერა-წინანდალი" დაარქვით. რატომ პანტერა?

- ბრენდინგის კურსები რომ გავიარე, იქ მითხრეს, ისეთი უნდა იყოს სახელი, ადამიანს კარგად დაამახსოვრდესო. საძებნელიც და გამოსაგონებელიც არაფერი იყო, რადგან ჩემს დიდ პაპას სისწრაფიდან და სიძლიერიდან გამომდინარე პანტერა ერქვა. პანტერა ერქვა პაპას, ასე ეძახიან მამაჩემს, მე, ჩემს ძმას, ჩვენს გვარს. ბევრი საკუთარი სახელით არც მიცნობს...