ჩეჩნეთში ისევ აქტუალურია ქალების შეიარაღებულ ძალებში გაწვევის თემა. ადგილობრივი მედია წერს, რომ უკვე გამოჩნდნენ მსურველები, ძირითადად, სტუდენტები და შესაძლოა, მალე მათი შესაბამისი სამხედრო გადამზადებაც დაიწყოს.
ადგილობრივი ანალიტიკოსების შეფასებით, პრესის სამინისტროს ხელმძღვანელის ახმედ დუდაევის მიერ გავრცელებული ვიდეო, სადაც ჩეჩენი ქალები მამაკაცების მხარდასაჭერად, სამშობლოს ინტერესების დასაცავად, სამხედრო მომზადებას გადიან, შესაძლოა, პიარის ნაწილი იყოს, რომელიც ჩეჩენი კაცებისთვის უკრაინის სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში, სტიმულის მიცემას ემსახურებოდეს. ეს ყველაფერი ძალიან ჰგავს კამპანიას, რომლის თანახმადაც, ქალების ძალოვან უწყებებში ჩართვა იგეგმება...
ნოემბრის ბოლოს, ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა, შსს-ს რაიონული სამსახურების ხელმძღვანელობას უბრძანა, დაიწყოს რეზერვების მობილიზება, ასევე, შსს-ში მუშაობის მსურველთა აღრიცხვა, რათა შემდეგში მოხდეს მათი სამხედრო მომზადება.
"ამ ყველაფერში სიახლე ის არის, რომ აქამდე რეზერვში მხოლოდ მამაკაცები მიჰყავდათ, ახლა კი, ქალებსაც შეუძლიათ წასვლა. ამ სიახლის ფარგლებში, ახმედ დუდაევმა, სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეო ძალოვანი უწყების ქალი თანამშრომლებისთვის. ვიდეოში საუბარია, რომ ჩეჩნეთის ქალები მზად არიან თავიანთ კაცებს მხარი დაუჭირონ, სამშობლოს ინტერესებს დასაცავად. ზოგის მოსაზრებით, ეს ვიდეო არის წმინდა წყლის პიარი, რადგან ომში ქალების ადგილი არ არის!" - წერს kavkaz-uzel.eu.
"სინამდვილეში ეს ყველაფერი რეკლამა და პიარია. ვიცი, რომ ჩეჩნეთში ქალები ბევრ რამეზე არიან წამსვლელი, რადგან ვიცი, რომ ჩეჩნეთის პირველი ომის დროს, ქალები ძალიან აქტიური იყვნენ, ოღონდ თავიანთი შვილების დასაცავად და ამას იარაღის გარეშეც კი აკეთებდნენ. მათი თავდადება და სიმამაცე, ბევრად ეფექტური იყო, ვიდრე იარაღი. ასე რომ, ეს უფრო კადიროვის პიარია" - ამბობს განუშკინა.
მისი თქმით, შესაძლოა, ძალოვან უწყებებში ქალები მართლაც მსახურობენ, რაც ბოლო ხანებში განსაკუთრებით თვალში საცემია, მაგრამ დიდი ალბათობით ვაკანსიები საბრძოლო მოქმედებებში წასვლის მსურველთათვის დაუშვეს, რაც ერთგვარი წახალისებაა.
"ამ შემთხვევაში, ქალები იძულებული გახდებიან, რომ წავიდნენ. იქ ძირითადად მრავალშვილიანი ქალები მუშაობენ და როგორ იქნება მათი ოჯახის ამბები, ვინ მოუვლის მათ შვილებს. დედა სულაც რომ არ წაიყვანონ ომში, თუ მამას წაიყვანენ და დედა იმუშავებს, ბავშვებს ვინ უპატრონებს?.. ამიტომ არ მგონია, რომ ჩეჩენი ქალები შვილებს მიატოვებენ, მაგრამ რესპუბლიკაში არსებობს იძულებითი მექანიზმები, რომელსაც ხელისუფლება წარმატებით იყენებს" - ამბობს ის.
გამოცემის ცნობით, ჩეჩნეთის შსს-ში 400-ზე თავისუფალი ადგილია, ამას ემატება, ადგილობრივი Росгвардии-ის 2 ათასზე მეტი ადგილი, სადაც ასევე ეპატიჟებიან ქალებსა და გოგონებს.
კავკასიელ ხალხთა ასამბლეის პრეზიდენტი რუსლან კუტაევი მიიჩნევს, რომ ჩეჩნურ კულტურაში ქალი და ომი შეუსაბამო ცნებაა.
"ჩეჩნების კულტურაში არ არსებობს მათი ქალების სხვა ქვეყნის ომში მონაწილეობის პრეცედენტი. ის, რასაც ახლა კადიროვი აკეთებს, არის აგიტაცია. ხელმძღვანელობა ყველაფერს აკეთებს, რათა ქალები ომში წასვლაზე ორიენტირებული იყვნენ. თუმცა, გამორიცხული არ არის, რომ ქალების მობილიზაცია რეალური იყოს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ სპეცოპერაციის ზონაში ვითარება გაუარესდება. ასეთ შემთხვევაში, იქ ყველას გაუშვებენ. თუმცა, მიმაჩნია, რომ ეს იქნება ყველაზე უარესი, სამარცხვინო ნაბიჯი. მთლიანობაში, ამ ეტაპზე ალბათ 100 ქალი მოიძებნება, ვინც ამისთვის მზად არის" - ამბობს კუტაევი.
ადგილობრივი უფლებადამცველი ასოციაცია Вайфонд -ის ცნობით, მაისის შუა რიცხვებში, ათეულობით ჩეჩენმა სთხოვა რუსეთიდან გასვლაში დახმარება, რათა უკრაინის საომარი მოქმედებების ზონისთვის თავი აერიდებინა. მათი თქმით, ისინი ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლები არ იყვნენ, მაგრამ ომში წასვლა მაინც ემუქრებოდათ. ზოგი მათგანის თქმით, ამისგან შშმ პირის სტატუსიც კი არ იცავდა.
"ეს ავადმყოფი, პატარა ჰიტლერი, მალე საკუთარი ოჯახის წევრებსაც კი გაუშვებს ომში, ოღონდ ძალაუფლება არ დაკარგოს. როგორც ამბობენ, შედარებით შორეულ ადამიანებსაც აღარ ინდობს, მისი გარემოცვა ძალიან ვიწროვდება და იმედია, შორს არ არის იმ დრომდე, როდესაც შიგნით დაიწყება დაპირისპირება... კაცების შემდეგ, ქალებს მიადგა. ჩეჩნეთს ორივე ომში არ დაუკარგავს იმდენი, რაც ამ ბოლო წლებში", - წერს ინტერნეტმომხმარებელი სტეპნიაჩკა.