ავტორი:

"გოგონას შეეხო... შეყვარებულმა მისი დაცვა სცადა" - ანექსირებული ყირიმის ღამის კლუბში "კადიროვცებმა" კლუბის სტუმრებს, შემდეგ კი პოლიციელს სცემეს

"გოგონას შეეხო... შეყვარებულმა მისი დაცვა სცადა" - ანექსირებული ყირიმის ღამის კლუბში "კადიროვცებმა" კლუბის სტუმრებს, შემდეგ კი პოლიციელს სცემეს

რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში, სიმფეროპოლში, ხუთმა ჩეჩენმა ოფიცერმა, მათ შორის რაზმის მეთაურის მოადგილემ, ჰასან იბრაგიმოვმა, ღამის კლუბის სტუმრებს და პოლიციის ოფიცრებს სცემეს, ამის შესახებ ადგილობრივი მედია და "ტელეგრამის" არხები იტყობინებიან.

აღმოსავლეთ უკრაინაში საომარი მოქმედებების შემდეგ, "კადიროვცები" სიმფეროპოლის კლუბს დასასვენებლად ეწვივნენ. თვითმხილველების თქმით, კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც ოფიცრებმა დაწესებულების სხვა სტუმრების დაშინება და მათ მიმართ უხეშად მოქცევა დაიწყეს.

თავად ჰასან იბრაგიმოვი კი უცხო გოგონას კაბის ქვეშ შეეხო. გოგონას შეყვარებულმა მისი დაცვა სცადა, მაგრამ იბრაგიმოვმა და მისმა გუნდმა ბიჭი ქუჩაში გაიყვანა და სცემა. თვითმხილველებმა პოლიცია გამოიძახეს, მაგრამ "კადიროვცები“ მათაც გაუსწორდნენ - დაუზუსტებელი ინფორმაციით, ერთ-ერთმა ოფიცერმა, პოლიციის თანამშრომელს დაარტყა.

მოგვიანებით, ღამის კლუბში "როსგვარდიის" რამდენიმე დანაყოფი მივიდა და ხუთივე მამაკაცი, ჰასან იბრაგიმოვი, არტურ აბდულაევი, სულამბექ ტადუშაევი, მაგომედ ტოვსულთანოვი და შამილ აზიზოვი განყოფილებაში გადაიყვანა. მედიის ცნობით, საგამოძიებო კომიტეტმა რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის მუხლით დაიწყო გამოძიება, რაც სამართალდამცავების მიმართ ძალადობას გულისხმობს.

თავად ჩეჩნეთის ხელისუფლება უარყოფს ინციდენტსაც და "ახმატის ოფიცრების" დაკავების შესახებ ინფორმაციასაც. ჩეჩნეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ახმედ დუდაევის თქმით, "ყველაფერი, რასაც მედია წერს, ტყუილია. არავის უჩივლია, არავინ დაუკავებიათ და ეს შინაურული ინციდენტი იყო, რომელიც ადგილზევე მოგვარდა."

მსგავსი შინაარსის განცხადება გაავრცელა "ახმატის" რაზმის მეთაურის მოადგილემ, ჰასან იბრაგიმოვმაც.

უკრაინაში "ახმატის“ მებრძოლები მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობაში არიან ბრალდებულები. უკრაინის უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, რაზმის მეთაურმა, იზნაურ მუსაევმა და მისმა ქვეშევრდომებმა, რუსეთის შეჭრის დასაწყისში, ოკუპირებულ ტერიტორიებზე რეიდები განახორციელეს და მშვიდობიან მოსახლეობაზე იძალადეს. ერთ-ერთი ასეთი რეიდის დროს, SBU-ს ცნობით, მუსაევმა განზრახ ესროლა თავში ხუთ მშვიდობიან მოქალაქეს, ორ ქალს და სამ მამაკაცს.

წყარო: ekhokavkaza

მოამზადა: ანა სიბოშვილმა