ავტორი:

"ადამიანები ფანჯრებიდან ხტებოდნენ, რათა ცეცხლისთვის თავი დაეღწიათ" - მასშტაბური ხანძარი კამბოჯაში, რომელსაც მინიმუმ 16 ადამიანი ემსხვერპლა

"ადამიანები ფანჯრებიდან ხტებოდნენ, რათა ცეცხლისთვის თავი დაეღწიათ" - მასშტაბური ხანძარი კამბოჯაში, რომელსაც მინიმუმ 16 ადამიანი ემსხვერპლა

კამბოჯაში, ქალაქ პოიპეტში მდებარე კაზინოს შენობაში ხანძარი გაჩნდა, რომელსაც მინიმუმ 16 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ასობით ადამიანი დაშავებულია.

სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, შენობაში მყოფი ადამიანები ფანჯრებიდან ხტებოდნენ, რათა ცეცხლისთვის თავი დაეღწიათ. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაიღუპა 16 ადამიანი, თუმცა სამაშველო ჯგუფების თქმით, მათი რიცხვი, სავარაუდოდ, კიდევ გაიზრდება.

მათივე ინფორმაციით, ზოგიერთი მსხვერპლი კვამლის ჩაყლაპვის შედეგად გარდაიცვალა: "როცა ადგილზე მივედით, შიგნით ვერც კი შევძელით შესვლა, რადგან შენობის დიდი ნაწილი უკვე ცეცხლში იყო გახვეული."

ხელისუფლების ცნობით, დაახლოებით 700 მოქალაქე გადაარჩინეს და საავადმყოფოებში გადაიყვანეს. სამაშველო სამსახურის თანამშრომელი ყვება, როგორ შეესწრო ცეცხლწაკიდებული შენობიდან ხალხის გადმოხტომის მომენტს: "ორი ადამიანი მიწაზე დაცემისთანავე გარდაიცვალა, ოთხიდან ხუთამდე ადამიანმა კი ფეხი მოიტეხა". მისივე თქმით, მან შენობებში, სულ მცირე, 9 გარდაცვლილი ადამიანი დაინახა. ის ეჭვობს, რომ ხანძარი ქვედა სართულზე მდებარე რესტორანში გაჩნდა და აქედან გავრცელდა შენობის სხვა ნაწილებში.

ხანძრის სწრაფად გავრცელებას ხელი ამინდმაც შეუწყო, სამაშველო სამსახურის უფროსის თქმით, ქალაქში ძლიერი ქარი იყო.

პოიპეტი, კამბოჯასა და ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკს შორის სატრანსპორტო კერას წარმოადგენს. ის ცნობილია თავისი მრავალრიცხოვანი კაზინოებით. აზარტული თამაშები ტაილანდში არალეგალურია, თუმცა ის მაინც პოპულარულია მოსახლეობაში და ბევრი ტაილანდელი პოიპეტს მხოლოდ იმიტომ სტუმრობს, რომ ლეგალურად შეძლოს აზარტული თამაშების თამაში.

წყარო: cnn

მოამზადა: ანა სიბოშვილმა