ავტორი:

"პუტინმა ერთი ახალი წელი წაგვართვა, მაგრამ თავისუფალ მომავალს ვერ წაგვართმევს" - როგორია უკრაინელების წინასაახალწლო განწყობა: განახლებული შეტევა და ადგილობრივების მონაყოლი

"პუტინმა ერთი ახალი წელი წაგვართვა, მაგრამ თავისუფალ მომავალს ვერ წაგვართმევს" - როგორია უკრაინელების წინასაახალწლო განწყობა: განახლებული შეტევა და ადგილობრივების მონაყოლი

"ჩვენ ვცხოვრობთ ომში. გარშემო სროლებია. ჩემი მშობლები ბახმუტში ცხოვრობენ. იქაურობა არ დატოვეს. კავშირი ხან გვაქვს, ხან არა, რადგან ფრონტისპირა ადგილებში დენი ხან არის, ხან - არა. გუშინ მხოლოდ ოთხი წუთი ველაპარაკე ჩემს მშობლებს, ვკითხე, რას აკეთებთ-მეთქი. ნაძვის ხეს ვრთავთო. მეგონა, მომესმა, გავამეორებინე, რას შვრებით, დედა?.. ნაძვის ხეს ვრთავთ, დამარცვლით მითხრა მან... მივხვდი, რომ არ მაქვს უფლება კიევში ვიყო და იმაზე ვიწუწუნო, რომ სახლში, ხანდახან მხოლოდ 5-6 გრადუსია. ცხელი კერძის მომზადებას მაინც ვახერხებთ" - ჰყვება ჩვენთან საუბარში იულია კაზანცევა.

მისი თქმით, ახლა მთელი უკრაინა ფრონტისპირაა, მაგრამ ბახმუტელები ცხელ წერტილში ცხოვრობენ, სადაც ომია, გამუდმებული სროლები, მსხვილკალიბრიანი იარაღიდან ბომბავენ, არტილერია უტევს, მაგრამ ქალაქს უკრაინის შეიარაღებული ძალები აკონტროლებენ და ალბათ ეს არის ერთ-ერთი იმედი და მოტივაცია, რაც სახლის დატოვების უფლებას არ აძლევთ.

"ერთმანეთს აიმედებენ, რომ მალე ეს ყველაფერი დასრულდება, უნდა გაუძლონ და მალე რუსული ბოროტება დამარცხდება... დედამ მითხრა, საავადმყოფო დაბომბეს, მამაშენის ჯანმრთელობის გამო ვდარდობ, რამე რომ დასჭირდეს, შეიძლება სახლში ისე ვერ დაეხმარონ, როგორც საჭიროაო. მამა დიაბეტიანია და მის ფონზე განვითარებულ რამდენიმე დაავადებას ებრძვის, მაგრამ ყოჩაღად არის... ამას წინათ მითხრა, რუსულმა ჭურვმა ჩვენი კორპუსის ის მხარე ჩამოანგრია, სადაც სათავსო გვქონდა, სურსათის მაღაზიები, არაფერი არ არსებობს, ქალაქი იგივე მდგომარეობაშია, უარესში თუ არა, როგორც მარიუპოლი იყო, ამიტომ მხოლოდ ჰუმანიტარული დახმარების, მოხალისეების მიერ მოტანილი საკვების იმედად ვრჩებითო...

ბახმუტი

ომი ომია, მაგრამ ადამიანებს საკვები სჭირდებათ. სათავსოებში, ზეთს, შაქარს, მარილს, ბურღულეულს, მოხუფულებს, სანთლებს ინახავდნენ, მაგრამ დაბომბეს. ხანდახან, რიდესაც სროლები მიწყნარდება, ნარჩენებს ვაგროვებთო. ანუ, იმას, რაც დაბომბვას გადაურჩა. იმ დროს აგროვებენ შეშასაც, რომელსაც შემდეგ შენობის იმ მხარეს ანთებენ, რომელიც ჭურვმა გამოანგრია. დედამ მიამბო, ურიკით დავდივართ შეშის შესაგროვებლადო" - ამბობს იულია.

  • 29 დეკემბერს, საახალწლოდ, რუსეთმა კიდევ ერთხელ განახორციელა იერიში უკრაინის სამოქალაქო ობიექტებისა და სამშვიდობო მოსახლეობის წინააღმდეგ

პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი აცხადებს, რომ უკრაინას, სულ მცირე, 120 რაკეტა ესროლეს. ძალიან ეფექტურად იმუშავა ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემამ, თუმცა, ოკუპანტმა ქვეყანას მაინც დიდი ზიანი მიაყენა....

"120-ზე მეტი რაკეტა გვესროლა ბოროტმა რუსულმა სამყარომ, რათა მას გაენადგურებინა ინფრასტრუქტურა და მასობრივად დაეხოცა მშვიდობიანი მოქალაქეები“, – წერს პოდოლიაკი.

"რამდენიმე საათის განმავლობაში ქალაქი ზანზარებდა. ბომბსაფრებში ვისხედით და ვლოცულობდით, ოღონდ ამ ახალ წელს ჭერის გარეშე არ დავრჩენილიყავით... 6-7 წლის ბავშვი დედას ეკითხებოდა, რუსები ჩემს ნაძვის ხესაც გაანადგურებენო?..

სადღესასწაულო განწყობა არვის აქვს, ეს წელი მიდის და ახალი მოდის, სულ ეს არის. ჩვენი ოჯახის წევრები, მეგობრები, საყვარელი ადამიანები ფრონტის ხაზზე არიან... ეს საშინელებაა. უკრაინა უკვე შეეჩვია ომს, ომში ცხოვრებას. არ ვიცით, კიდევ რა სიურპრიზს გვიმზადებს ფაშისტი მტერი, რომელიც გამძვინვარებულია, როგორ თუ აქამდე მოვედით და არავინ ფიქრობს უკანდახევაზე. ახლა ბრძოლაში, კიდევ უფრო ძლიერი და თავისუფლებისმოყვარე უკრაინელი ერი იბადება. შეიძლება მან ერთი ახალი წელი, საზეიმო განწყობა წაგვართვა, მაგრამ თავისუფალ მომავალს ვერ წაგვართმევს, უკრაინა აუცილებლად გადარჩება და გაიმარჯვებს" - ამბობს თამარა კორხი.

მთავარი ფოტო: უკრაინელი დედა-შვილი, ვოლოდიმირ ზელენსკის "ფეისბუქის" გვერდიდან