ავტორი:

აშშ-ში პირველკლასელმა მოსწავლემ მასწავლებელს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა - როგორია მძიმედ დაჭრილი ახალგაზრდა ქალის მდგომარეობა და რას აცხადებენ მომხდარზე

აშშ-ში პირველკლასელმა მოსწავლემ მასწავლებელს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა - როგორია მძიმედ დაჭრილი ახალგაზრდა ქალის მდგომარეობა და რას აცხადებენ მომხდარზე

აშშ-ში, კერძოდ ვირჯინიის შტატის ქალაქ ნიუპორტ ნიუსის ერთ-ერთ სკოლაში, პირველკლასელმა მოსწავლემ მასწავლებელს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. საბედნიეროდ, 30 წლამდე ქალი გადარჩა, თუმცა ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებაში კრიტიკულ მდგომარეობაში რჩება. დღეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ პოზიტიური ცნობები გავრცელდა. როგორც ქალაქის მერმა ფილიპ ჯონსმა BBC-ს განუცხადა, ები ზვერნერის მდგომარეობა დინამიკაში უმჯობესდება.

ები ზვერნერი საკუთარმა მოსწავლემ შელაპარაკების ნიადგაზე სასიკვდილოდ გაიმეტა. ბავშვი ახლა პოლიციის განყოფილებაში იმყოფება.

გაურკვეველია, როგორ მოიპოვა 6 წლის ბავშვმა ცეცხლსასროლი იარაღი. მაშინ, როდესაც სკოლას, სადაც დაახლოებით 550 მოსწავლე სწავლობს, ლითონის აღმომჩენი დეტექტორი გააჩნია და შენობაში შესვლამდე თითოეულ მოსწავლეს ამოწმებენ.

პოლიცია უარს აცხადებს უპასუხოს კითხვას, თუ რა შეიძლება ყოფილიყო ინციდენტის მიზეზი, მაგრამ ადგილობრივი პოლიციის სამმართველოს უფროსმა სტივ დრიუმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სროლა მოხდა პირველი კლასის (ექვსიდან შვიდი წლის ასაკის ბავშვების) კლასში "შელაპარაკების" შემდეგ და ეს არ ჰგავდა "შემთხვევით" გასროლას. სამართალდამცავებმა ასევე უარი განაცხადეს ინფორმაციის გავრცელებაზე პირველკლასელი მოსწავლის მშობლებთან კომუნიკაციის შესახებ.

ერთ-ერთმა მშობელმა, სტივ გონსალესმა, რომლის შვილიც სროლის დროს კლასში იმყოფებოდა, Fox News-ს განუცხადა, რომ ზვერნერი ტყვიის მოხვედრის შემდეგ მოსწავლეების უსაფრთხოებაზე იყო ორიენტირებული და ბავშვებს უყვიროდა, გაქცეულიყვნენ.

ვირჯინიის კანონი კრძალავს ექვსი წლის ბავშვების გასამართლებას, ისე როგორც ეს ზრდასრულის შემთხვევაში ხდება. ამასთანავე, ბავშვი ძალიან პატარაა საიმისოდ, რომ არასრულწლოვანთა იუსტიციის დეპარტამენტის მეურვეობა დაეკისროს, თუკი დამნაშავედ დადგინდება, თუმცა მოსამართლეს შეუძლია, მშობლებს მეურვეობა ჩამოართვას და ბიჭი სახელმწიფოს ზედამხედველობის ქვეშ გადაიყვანოს.

ჯერჯერობით უცნობია, რა გადაწყვეტილებას გამოიტანს სასამართლო.