ავტორი:

პირველი მწვავე წინააღმდეგობა რუსეთს: როგორ აფასებენ სომხეთში ფაშინიანის გაბედულ ნაბიჯს - "ამ რთულ ვითარებაში სამი ნაბიჯი უნდა გადაიდგას"

პირველი მწვავე წინააღმდეგობა რუსეთს: როგორ აფასებენ სომხეთში ფაშინიანის გაბედულ ნაბიჯს - "ამ რთულ ვითარებაში სამი ნაბიჯი უნდა გადაიდგას"

სომხეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, 2023 წელს სომხეთის ტერიტორიაზე ОДКБ-ს სწავლებების ჩატარებას მიზანშეუწონლად მიიჩნევს. ამის შესახებ ნიკოლ ფაშინიანმა უკვე აცნობა ორგანიზაციის წევრებს.

სომხეთის პრემიერს დამატებითი კომენტარი არ გაუკეთებია. უფრო ადრე კი რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ თავის ვებგვერდზე განათავსა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, სომხეთის ტერიტორიაზე 2023 წელს ОДКБ-ს სამშვიდობო კონტინგენტების ერთობლივი წვრთნები გაიმართებოდა.

სომხეთში ОДКБ-ს წევრობის შენარჩუნების საკითხი პოლიტიკური განხილვის მთავარ თემად რჩება.

  • სომხური მედიის ცნობით, ფაშინიანი ყარაბაღში რუსი სამშვიდობოების გაეროს სამშვიდობო კორპუსის შეცვლით არის დაინტერესებული.

"ფაშინიანმა 10 იანვრის პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც რუს სამშვიდობოებს მთიან ყარაბაღში სამშვიდობო მანდატი ამოეწურებათ, შეიძლება ეს თემა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდოზე განხილონ, რის შემდეგაც, სომხეთი მათ რეგიონში საერთაშორისო სამშვიდობო კონტინგენტის შემოყვანის თხოვნით მიმართავს" - წერს მედია.

მათივე ცნობით, სომხეთს ახლა ამის შესაძლებლობა არ აქვს, რადგან ახლა მათი მხრიდან ასეთი მიმართვის გაკეთება ნიშნავს, რომ ისინი გაეროს რუსეთის წინააღმდეგ განაწყობს.

"ჩვენ ვამბობდით, რომ თუ რუსეთი ვერ შეძლებს თავისი ფუნქციის შესრულებას, რაც მთიან ყარაბაღში სამშვიდობო მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფას, იმ შემთხვევაში, შესაძლოა, სომხეთმა გაეროს მრავალეროვან სამშვიდობო მისიას დახმარებისთვის მიმართოს.

უკვე გაცხადებული გვაქვს, რომ 2025 წლის შემდეგ, როდესაც რუსი სამშვიდობოებს მოქმედების ვადა ეწურებათ, სიტუაციის მიხედვით უნდა ვიმოქმედოთ. შესაძლოა, ამ შემთხვევაში, გაეროსთვის მოგვიწიოს დახმარების მიმართვა" - ნათქვამია სომხური მხარის განცხადებაში.

სომეხი პოლიტოლოგის, რუბენ მეჰრაბიანის შეფასებით, სომხეთმა, ამ რთულ ვითარებაში, ერთდროულად სამი ნაბიჯი უნდა გადადგას:

"პირველი - აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმებას ხელი უნდა მოაწეროს, ოღონდ იმ პუნქტებიდან გამომდინარე, რაც პრემიერმა უკვე გაახმოვანა - 1991 წლის ალმა-ატას დეკლარაცია, გაეროს ქარტია, ტერიტორიული მთლიანობის ორმხრივი აღიარება, ამერიკული გარანტიების დამატება, მათ შორის სომხური მოსახლეობის უსაფრთხოებისა და უფლებების საკითხი.

მეორე ნაბიჯი უფრო კომპლექსურია - სომხეთიდან რუსეთის გაშვებით, რომლის თანმხლები ნაბიჯი უნდა იყოს ОДКБ-ის დატოვება, იმ ხელშეკრულების გაუქმება, რომელიც ისედაც არასდროს მუშაობდა. ამასთან, განაახლოს ურთიერთობა უკრაინასთან, ბრიუსელთან და დაიწყოს ახალი სახის ურთიერთობები ევროკავშირის ფორმატში, რომლის სურვილის გამოც, სომხეთი რუსეთის წნეხის ქვეშ იმყოფება.

სომხეთში უნდა მოხდეს ფინანსური და სხვა რესურსების ნეიტრალიზაცია, რომლითაც სომხეთი რუსეთზე ჯერ კიდევ არის მიბმული. ამასთან ერთად, აუცილებელია რეფორმები... ამ ყველაფერს კი, ველოსიპედის გამოგონება არ სჭირდება, უკვე არსებობს უკრაინელი პრეცედენტი, მედვედჩუკის საქმე. ამის გამოყენება სომხეთის გასაძლიერებლად აუცილებელია" - მიაჩნია მეჰრაბიანს.

მისივე თქმით, სამი ძირითადი ნაბიჯის პარალელურად, აუცილებელია თანმხლები გადაწყვეტილებებიც - ვაშინგტონთან, პარიზთან, ლონდონთან, ნიუ დელისთან, ასევე ნატოს სახელმწიფოებთან მუშაობა, რომელთაც უკვე აქვთ საერთო მიზნები, ინტერესები და ღირებულებები.

"ამ ყველაფერს მივყავართ ეკონომიკურ, ტექნოლოგიურ, თავდაცვისა და სამხედრო სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებამდე, მეტი ინვესტიცია და უსაფრთხოება. ამავე დროს ხვალინდელი მოკავშირე, დემოკრატიული ქვეყანა გვჭირდება, ამ შემთხვევაში, უნდა განვიხილოთ საქართველოსთან სამმხრივი ფორმატის შესაძლებლობა... წინააღმდეგ შემთხვევაში, სომხეთი დადგება სახელმწიფოებრიობის დაკარგვის საფრთხის წინაშე. ან გადავდგამთ ამ ნაბიჯებს, ან ახალი ომის საფრთხის პირისპირ აღმოვჩნდებით, რომლის შემთხვევაშიც, მოკავშირეები არ გვეყოლება, მტრები - კი და ეს მხოლოდ აზერბაიჯანი არ იქნება. მშვიდობას ვუსურვებ ჩვენს რეგიონს, მაგრამ არა "რუსულ მშვიდობას". რუსეთთან მშვიდობა შეუძლებელია, თუნდაც მის ფარგლებშიც იყო... არავინ იცის კრემლის კაბინეტებში რა ინტერესებზე მუშაობენ" - მიაჩნია მას.

"ეს რუსეთისთვის პირველი, სახიფათო და მწვავე შეწინააღმდეგებაა, მაგრამ პირდაპირი, საზოგადოების მხარდაჭერით გამტკიცებული. დასაფასებელია, ამ რთულ ვითარებაში ფაშინიანის გაბედული ნაბიჯი. უკან დასახევი გზა არ გვაქვს. ადრე თუ გვიან ყველა იმპერია იმსხვრევა, ეს დღე ელოდება რუსეთსაც, სომხეთისთვის მთავარია, მის ნანგრევებში არ მოჰყვეს. სწორედ ამას აკეთებს ფაშინიანი - მას მარტო, საერთაშორისო მხარდაჭერის გარეშე ვერ გავუმკლავდებით, რაც უნდა დასუსტებული იყოს, საერთაშორისო საზოგადოებას, პოტენციურ პარტნიორებს უნდა ვაჩვენოთ, რომ რუსეთის კი არა, ცივილიზებული მსოფლიოს ნაწილი ვართ და განვითარება გვინდა" - ამბობს ადგილობრივი პოლიტიკური მიმომხილველი გორ არმათუნი.

ნახეთ ასევე: