ავტორი:

სტიქია დასავლეთ საქართველოში: ძლიერი ქარის შედეგად მოგლეჯილი ხეები, ახდილი სახურავები, დაშავებული ადამიანები და ტრაგედია, რომელსაც ერთი მოქალაქე ემსხვერპლა

სტიქია დასავლეთ საქართველოში: ძლიერი ქარის შედეგად მოგლეჯილი ხეები, ახდილი სახურავები, დაშავებული ადამიანები და ტრაგედია, რომელსაც ერთი მოქალაქე ემსხვერპლა

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უამინდობა გრძელდება. აღმოსავლეთ საქართველო დიდთოვლობას ებრძვის, დასავლეთში კი ძლიერმა ქარმა უამრავი პრობლემა შექმნა. სამწუხაროდ, სტიქიას ტრაგედიის გარეშეც არ ჩაუვლია.

ძლიერ ქარს ლანჩხუთში ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. როგორც “ინტერპრესნიუსს" ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა განუცხადა, შემთხვევა სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალზე მოხდა.

მისივე ინფორმაციით, ქარმა ხე მოგლიჯა და მიმავალ ავტომობილს დაეცა, რის შედეგად მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.

ჩოხატაურში ძლიერი ქარის შედეგად, შვიდი ოჯახი დროებით თავშესაფრის გარეშე დარჩა. როგორც ჩოხატაურის მერმა დავით შარაშიძემ "ინტერპრესნიუსს” განუცხადა, დაზარალებული ოჯახები მერიის დახმარებით, დროებით ქირით არიან გაყვანილი.

დავით შარაშიძის თქმით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ქარმა ელექტრო გადამცემი ხაზები და ბუნებრივი აირის მილებიც დააზიანა.

დავით შარაშიძის თქმით, შემთხვევის ადგილებზე შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები არიან მობილიზებული.

"ძლიერი ქარის გამო, ხეები წაიქცა, ელექტრო გადამცემი ხაზები და გაზის მილი დაზიანდა. დაახლოებით, შვიდი სახლის სახურავი დააზიანა, სახლებს სახურავი მთლიანად გადააძრო. ამიტომ დაზარალებული ოჯახები დროებით ქირით გადავიყვანეთ.

მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებშიც არის მცირე ზარალი. ამ წუთისთვის, ნოდარ დუმბაძის ქუჩა ისევ ჩაიკეტა, რადგან ხეები წაიქცა. რამდენიმე სოფელს ელექტროენერგია არ მიეწოდება. გაზის მიწოდებაც შეზღუდულია”, - განაცხადა დავით შარაშიძემ.

ძლიერმა ქარმა ხეები ლანჩხუთშიც წააქცია და გზის სავალი ნაწილი ჩაკეტა. ადგილზე შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებიან. ასევე, მუნიციპალიტეტში ძლიერმა ქარმა სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პრობლემები შექმნა.

მეოთხე დღეა სტიქიას ებრძვის ფოთის მუნიციპალიტეტიც. როგორც ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პირველადი მონაცემებით, ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებულია 33 კორპუსი, 121 სახლი , 4 სკოლა, 3 ბაღი.

მისივე თქმით, მნიშვნელოვნად დაზიანდა სკვერები, მინი მოედნები, ტროტუარები, ელექტროგადამცემი სადენები და ბოძები, საახალწლო განათებები. მოგლეჯილია ათეულობით მრავალწლოვანი ხე. ძლიერი ქარი ამ დრომდე ნარჩუნდება.

"მთელი ღამის განმავლობაში, ქალაქის სხვადასხვა უბანში მიმდინარეობდა გზების გაწმენდითი სამუშაოები. ასევე გატარდა უსაფრთხოებისთვის საჭირო ყველა ზომა. ამ დროისთვის, ქალაქში სრულად აღდგენილია ბუნებრივი აირის მიწოდება. ელექტროენერგია და წყალი არ მიეწოდება ქალაქის გარკვეულ უბნებს. შესაბამისი უწყების ჯგუფები უწყვეტად აგრძელებენ აღდგენით სამუშაოებს. მერიაში შექმნილი მობილური ჯგუფები მუნიციპალიტეტის მასშტაბით აგრძელებენ მონიტორინგს. ყველა შემოსულ შეტყობინებაზე შესაბამისი სამსახურების მიერ, მეტეოროლოგიური პირობების შესაბამისად, ხორციელდება მყისიერი რეაგირება. ფოთის მერიაში შექმნილი საგანგებო შტაბი 24-საათიან რეჟიმში აგრძელებს მუშაობას“, - აღნიშნა ბექა ვაჭარაძემ.

  • ძლიერმა ქარმა სხვადასხვა ინფრასტრუქტურისა და საკუთრების დაზიანება გამოიწვია სამეგრელოს მუნიციპალიტეტებშიც.

როგორც სამეგრელო -ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, დაზიანდა 966 კერძო საცხოვრებელი სახლის და 38 საცხოვრებელი კორპუსის, 2 ამბულატორიის შენობის, 5 საბავშვო ბაღის, 5 საჯარო სკოლის 3 საჯარო სკოლის დარბაზის, 10 ადმინისტრაციული შენობის სახურავი.

მათივე ცნობით, ელექტროენერგია არ მიეწოდება 114 ადმინისტრაციულ ერთეულს. მუნიციპალური სამსახურებისა და „ენერგო პრო ჯორჯიას“ ჯგუფების მიერ მიმდინარეობს 24-საათიან რეჟიმში მუშაობა.

"წუხელ გვიან ღამით აბაშაში სოფელ მარანში დოლიძეების საცხოვრებელ სახლს მთლიანად გადახადა ქარმა სახურავი, იყო სახლის დანგრევის საფრთხე, ამიტომაც აბაშის მერიის მიერ მოხდა ოჯახის გადაყვანა სასტუმროში. უსაფრთხოებიდან გამომდინარე ზუგდიდის მთავარი ნაძვის ხის დემონტაჟის გადაწყვეტილება იქნა მიღებული. ზუგდიდის მერიის კეთილმოწყობის ცენტრის მიერ მოხდა თავისუფლების მოედანზე არსებული ნაძვის ხის დემონტაჟი”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ამასთან, სახელმწიფო რწმუნებული მიმართავს მოქალაქეებს, გადაუდებელი აუცილებლობის გარდა არ გამოვიდნენ გარეთ და საჭიროების შემთხვევაში, დარეკონ მუნიციპალიტეტებში ამოქმედებულ ცხელ ხაზებზე.

სენაკში, რუსთაველის ქუჩაზე ძლიერი ქარის გამო ხე წაიქცა და სამარშრუტო მიკროავტობუსს დაეცა. შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა.

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა 2 დაზარალებული, რომლებსაც გულმკერდის ტრავმები აღენიშნებათ, კლინიკა "არქიმედეში“ გადაიყვანეს. ერთმა პირმა, რომელსაც მოტეხილობა აღენიშნება, სამედიცინო დაწესებულებას თვითონ მიმართა.

ექიმების ინფორმაციით, დაშავებულებს გამოკვლევები უტარდებათ და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მიუხედავად ძლიერი ქარისა, დასავლეთ საქართველოში ელექტროენერგიის მასშტაბური წყვეტა არ მომხდარა. ამის შესახებ ინფორმაციას “ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.

თუმცა, კომპანიის ცნობით, ძლიერმა ქარმა დააზიანა "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფრასტრუქტურის ნაწილი.

მოგლეჯილმა ხეებმა მწყობრიდან გამოიყვანა ელექტროგადამცემი ხაზები. ზოგ შემთხვევაში დაწყვეტილია სადენები, მოტეხილია ელექტრობოძებიც.

„სტიქიის გამო, ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება სამეგრელოში - ზუგდიდის, ხობის, ფოთის, აბაშის და სენაკის აბონენტების ნაწილს. იმერეთში - ქუთაისის, სამტრედიის, წყალტუბოს, ხონის და ვანის, ასევე, გურიაში, ლანჩხუთის აბონენტების ნაწილს. შეზღუდვები სხვა რაიონებშიც ფიქსირდება, თუმცა, ზემოთ ჩამოთვლილ მუნიციპალიტეტებში ყველაზე რთული მდგომარეობაა.

დაზიანების ადგილებში შესულები არიან დამატებითი ტექნიკური ბრიგადები. სტიქია სარეაბილიტაციო სამუშაოებს ართულებს, თუმცა, ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტექნიკური სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობს”, - აცხადებენ „ენერგო-პრო ჯორჯიაში“.