ავტორი:

დიდი განხეთქილება კრემლსა და რუსეთის გენერალიტეტში - "პუტინი კარგავს "მარჯვენა ხელს", ომის მომხრეებსა და შეწყვეტის მსურველებს შორის დაპირისპირება მწვავდება"

დიდი განხეთქილება კრემლსა და რუსეთის გენერალიტეტში - "პუტინი კარგავს "მარჯვენა ხელს", ომის მომხრეებსა და შეწყვეტის მსურველებს შორის დაპირისპირება მწვავდება"

უკრაინაში რუსეთის ჯარების გაერთიანებული დაჯგუფების სარდლად რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსად, არმიის გენერალი ვალერი გერასიმოვი დაინიშნა. დაჯგუფების უკვე ყოფილი სარდალი სერგეი სუროვიკინი კი, გერასიმოვის მოადგილე ხდება, თანაც მთავარი კი არა, სამიდან ერთ-ერთი. ის ასევე რჩება საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდლის თანამდებობაზე.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ხელმძღვანელობის შეცვლა დაკავშირებულია იმ ამოცანების მასშტაბების ზრდასთან, რომლებიც ომის მსვლელობაში წყდება.

სუროვიკინის სახელი უკრაინის სამოქალაქო ობიექტებზე, საცხოვრებელ კორპუსებსა და სასიცოცხლო დანიშნულების ინფრასტრუქტურაზე მასირებულ სარაკეტო იერიშებსა და ირანული დრონების გამოყენებას უკავშირდება. ის ამ თანამდებობაზე 8 ოქტომბერს დაინიშნა, რის შემდეგაც რუსეთის ჯარების ტაქტიკა შეიცვალა.

სუროვიკინის დანიშვნით რუსულ პოლიტელიტა ორად გაიყო - ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა და კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" ხელმძღვანელმა ევგენი პრიგოჟინმა, მისი ამ თანამდებობაზე დანიშვნა მოიწონეს. რუსულ ელიტაში უკვე ყველამ იცის გერასიმოვის მიმართ დამოკიდებულება, ისევე, როგორც სახმელეთო ჯარების შტაბის ახლად დანიშნული უფროსის, გენერალი ალექსანდრ ლაპინის მიმართ. ის ევგენი პრიგოჟინისთვის კატეგორიულად მიუღებელ ფიგურად ითვლება.

washingtonpost.com-ის ცნობით, ვლადიმირ პუტინი, რომელიც თავისი მმართველობის 23-ე წელს უახლოვდება, მსოფლიოსგან თავისი ქვეყნის იზოლაციას სულ უფრო აჩქარებს.

გამოცემის ცნობით, პუტინსა და რუსულ პოლიტელიტას შორის განხეთქილება სულ უფრო მწვავდება. განსაკუთრებით დიდი საფრთხის წინაშე არიან ბიზნესმენები.

  • ერთ-ერთი რუსი სახელმწიფო მოხელის თქმით, რომელსაც დიპლომატიურ წრეებთან ახლო ურთიერთობა აქვს, კრემლის მეთაური "თავისი მეგობრებისა და გარემოცვის დაკარგვას გრძნობს".

მისივე თქმით, ლუკაშენკო ერთადერთია, ვისთანაც მას სერიოზული ვიზიტის დაგეგმვა შეუძლია, დანარჩენები მას მხოლოდ გარდაუვალი აუცილებლობის შემთხვევაში ნახულობენ... რუსულ ელიტაში მატულობს კითხვები პუტინის ტაქტიკასთან დაკავშირებით. წყაროს ცნობით, ომის მომხრეებსა და შეწყვეტის მსურველებს შორის დაპირისპირება მწვავდება...

კრემლში არსებულ დაპირისპირებაზე საუბრობს გამოცემა obozrevatel.com. მასთან საუბარში ექსპერტი ოლეგ ჟდანოვი ამბობს, რომ გენერალიტეტის გარდა, განხეთქილებაა საგარეო საქმეთა სამინისტროშიც. დასავლეთმა უკრაინის შემდეგ, ფაქტობრივად, ცივილური მსოფლიოსკენ ყველა გზა მოუჭრა რუსეთს. თუმცა, ეს ყველაფერი არ არის - ამერიკა უკრაინას რუსეთთან არ წააგებინებს.

"რუსეთის ფართომასშტაბიანი ომის შემდეგ რუსეთისთვის დაწესებული სანქციები, რომელთა რაოდენობა სულ უფრო იზრდება, მისი ქმედებების სარკისებრი ასახვაა" - ამბობს ჟდანოვი.

"რუსული ანტისამთავრობო მედია, რომელსაც რუსეთში მაქსიმალურად ზღუდავენ, წერს, რომ რუსულ პოლიტელიტაში, პერიოდულად ლავროვის უწყების მიმართ მწვავე კრიტიკა აქტუალური ხდება, რადგან მან, როგორც უდიდესი დიპლომატიური გამოცდილების მქონე კადრმა, წლების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილება და ურთიერთობები, რუსეთის მიმართ დამოკიდებულების შესარბილებლად ვერ გამოიყენა. ასეთი განწყობები მიანიშნებს, რომ რუსეთის მოსახლეობა იმაზე მეტად არის კრემლის პროპაგანდის გავლენის ქვეშ, ვიდრე ეს ერთი შეხედვით შეიძლება წარმოვიდგინოთ, რადგან მართლა სჯერათ პუტინის რუსეთის ძლევამოსილების" - წერს პოლიტოლოგი ლეონიდ გოზმანი.

  • გამოცემა rbc.ru-ს ცნობით, პუტინი კარგავს "მარჯვენა ხელს", კრემლში კი, ახალი დაპირისპირება მწიფდება.

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ლავროვი დასავლეთის მწვავე განცხადებებისგან დისტანცირდა. საქმე ის არის, რომ მისი ოჯახი უკვე ოცი წელია ამერიკაში ცხოვრობს. ქალიშვილები და შვილიშვილები აშშ მოქალაქეები არიან და იქ სუპერმარკეტების საკმაოდ დიდ ქსელებს ფლობენ. რუსეთის პირველი დიპლომატი პენსიაზე გასვლის შემდეგ, სწორედ ამერიკაში მცხოვრებ ქალიშვილებთან აპირებს წასვლას...

"ამიტომაც ის ულტიმატუმს არ იღებს, რის გამოც ნამდვილად უქმნიან კომფორტს. თუმცა, მეორეს მხრივ, ისიც გაურკვეველია, ამ ვითარებაში რისი შეცვლა შეუძლია მას, მეორეს მხრივ, პუტინის გარემოცვის მასთან დაპირისპირებული ფლანგი ამას სათავისოდ იყენებს და მის სიჩუმეში პანიკის შეტანას ცდილობს..." - წერს გამოცემა.

"თუმცა, ახლა კრიტიკის მთავარი ობიექტი მაინც რუსეთის გენერალიტეტია. ამ მხრივ დაწინაურდა პუტინის მზარეული პრიგოჟინი, რომელიც ბახმუტი-სოლედარის მიმართულებით საბრძოლო მოქმედებებში, მის მიერ შექმნილი სამხედრო დაჯგუფება "ვაგნერის" გაპიარებას მთელი ძალისხმევით ცდილობს, რაც, რა თქმა უნდა, შემთხვევით არ არის - პრიგოჟინი იღებს ძალაუფლებას, იძლევა ბრძანებებს, შოიგუ და მისი გენერალიტეტი, მხოლოდ მეორე პირებად რჩებიან, რაც მათ ძალიან არ მოსწონთ, რადგან პირადი და მატერიალური ინტერესები მათაც აქვთ, როგორც სამხედრო, ასევე პოლიტიკურ და ბიზნეს საკითხებში. ეს სამი სფერო კი, რუსეთში მართლაც ძალიან არის ერთმანეთში გადახლართული..." - წერენ რუსი ინტერნეტმომხმარებლები სოციალურ ქსელებში.

rbc.ru-ს ცნობით, გერასიმოვი, რომელიც 2012 წლიდან ხელმძღვანელობს გენერალურ შტაბს, მანამდე ლენინგრადისა და მოსკოვის ოლქების, უფრო ადრე კი, 2001-2203 წლებში, ჩრდილოეთ კავკასიაში, 58-ე არმიის მეთაური იყო. ეს ის წლებია, როდესაც ჩეჩნეთში სასტიკი ომები მიმდინარეობდა...

"გერასიმოვის დანიშვნა, შესაძლოა, პრიგოჟინის რუსულ სამხედრო საქმეში დაწინაურების მცდელობაზე ერთგვარი პასუხი იყო. აშკარაა, რომ ახლა კრემლში დაწყებული დაძაბულობა და დაპირისპირება უკრაინის ფრონტზე გრძელდება. ლოგიკურად, კადიროვი-პრიგოჟინის კლანის დაწინაურება პირველ რიგში, პუტინისთვის იქნება საზიანო, რადგან ორივე ფიგურა აბსოლუტური ძალაუფლებისთვის იმდენად ისწრაფვის, რომ პუტინის უახლოეს გარემოცვას კარგი დღე ნამდვილად არ ელის" - წერს ბლოგერი ქსენია სახარნოვა.